Thumbnail

ქართული გუნდი Clan 13 PUBG MOBILE CLUB OPEN-ის ფინალში ითამაშებს

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • PMCO-ს ფინალში თამაშის შანსი, კიდევ ერთ ქართულ გუნდს, ONYX-ს აქვს:
  • საკვალიფიკაციო მატჩები დღეს, 21 თებერვალს, დასრულდება. 
  • ფინალური მატჩები 25-28 თებერვალს ჩატარდება.

ქართული გუნდი Clan 13 პოპულარული ონლაინ მულტიფლეიერის PUBG mobile-ის რეგიონული ტურნირის, PUBG MOBILE CLUB OPEN-ის ფინალში ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ გუნდმა ამ ტურნირზე მოწვევა გასული 2020 წლის ნოემბერში მიიღო, მას შემდეგ, რაც CIS Challenger Series-ზე მე-8 ადგილი დაიკავა და ტურნირის ორგანიზატორების მოწონება დაიმსახურა. 

ტურნირ PUBG MOBILE CLUB OPEN-ის ფინალური მატჩები 25-დან 28 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. ფინალში სულ 16 გუნდი მონაწილეობს და ისინი დღეში 4 მატჩს გამართავენ, გამარჯვებული კი თითოეულ დღეს მოპოვებული ქულების საერთო რაოდენობის მიხედვით გამოვლინდება. მატჩები თბილისის დროით საღამოს 7 საათზე დაიწყება და მათი პირდაპირ ეთერში ყურება Clan 13-ის ფეისბუქ გვერდზე იქნება შესაძლებელი. 

რეიტინგში Clan 13 ამჟამად 3-ე ადგილს იკავებს, ONYX კი -12-ეს

'კონკურენცია დიდია,' აღნიშნავს popsport-თან საუბარში კლანის ლიდერი, შოთა მექვაბიძე. ''ამ საფეხურზე ყველა კონკურენტია და სუსტი მოწინააღმდეგე არ არსებობს. თუმცა, სხვადასხვა ტურნირებზე იგივე და უფრო ძლიერი გუნდებიც დაგვიმარცხებია. ამიტომ, ვიმედოვნებ, ფინალშიც სასურველ შედეგს მივაღწევთ. ფინალის 4 დღის განმავლობაში, მთავარი მიზანი სტაბილურობაა: არ გვაქვს არც ერთი თამაშის ჩაგდების უფლება. ჩვენ ჩვენს მაქსიმუმს ჩავდებთ, გვაქვს ყველანაირი მოტივაცია ამისათვის. იმედია დავდებთ იმ შედეგს რასაც ჩვენი უამრავი გულშემატკივარი ელოდება.''

PUBG MOBILE CLUB OPEN-ის ფინალში, Club 13-ის სახელით ოთო ბასილაძე, ცოტნე ოქროპირიძე, გიორგი ნაცვლიშვილი, რევაზ აბესაძე და ზუკა უჯმაჯურიძე იასპარეზებენ. თუ გუნდი რეგიონულ ტურნირზე კარგ შედეგს აჩვენებს, ის PUBG MOBILE PRO LEAGUE-ში მიიღებს მონაწილეობას, რის შემდეგაც, მსოფლიო ჩემპიონატამდე სულ ერთი ნაბიჯი რჩება.

PMCO-ს პროფესიონალურ PUBG-ში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემპიონატია და იგი ორ ნაწილად: გლობალურ და რეგიონულ ტურნირებად იყოფა. გლობალურ დონეზე სულ 16 გუნდი გადის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. გლობალური საპრიზო ფონდი 1 642 000 დოლარს შეადგენს, რომელიც სხვადასხვა რეგიონებზე ნაწილდება. 

PMCO-ს ფინალში თამაშის შანსი, კიდევ ერთ ქართულ გუნდს, ONYX-ს აქვს: ისინი, ამჟამად, 37 ქულით, 12 ადგილს იკავებენ რეიტინგში, ხოლო ფინალში საუკეთესო შედეგის მქონე 16 გუნდი მოხვდება. მათი ბედი ახლა გჯუფის სხვა გუნდების დღევანდელი მატჩების შედეგებზეა დამოკიდებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები