Thumbnail

ევროპასკეტის შესარჩევი ციკლის მე-5 ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები სერბეთს დაუპირისპირდა და ზედიზედ მოპოვებული ოთხი გამარჯვების შემდეგ, ჯგუფში პირველად დამარცხდა - 66:92.

შეხვედრის მე-3 მეოთხედის სტარტზე ფეხზე დაზიანება მიიღო საქართველოს ნაკრების მოთამაშემ კონერ ფრენკამპმა, რომელიც ეროვნულ გუნდში სადებიუტო შეხვედრას ატარებდა. სამწუხაროდ, კონერმა მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ფრენკამპის ტრავმის სიმძიმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ირკვევა, კონერის ტრავმა არცთუ მსუბუქია და ის ნაკრებს ფინეთთან გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

"საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დანაკლისია. სერბეთთან მატჩში ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ, 2-3 კვირა ვერ ითამაშებს ეროვნული გუნდის ნატურალიზებული წევრი კონერ ფრენკამპი, რომლის დებიუტიც საქართველოს ნაკრებში უიღბლო გამოდგა. სერბეთთან მატჩის მესამე პერიოდის დასაწყისში ფრენკამპმა გარღვევა განახორციელა და ბურთი ნახტომში ესროლა, თუმცა მოედანზე უხერხულად დაეშვა და ფეხი დაიზიანა", - წერია ფედერაციის განცხადებაში.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ეროვნული გუნდის ექიმის თემურ ხვედელიძის კომენტარსაც ავრცელებს:

"საქართველოს ნაკრების ამერიკელმა ლეგიონერმა კონერ ფრენკამპმა სერბეთთან მატჩის მესამე პერიოდის დასაწყისში მიიღო მარჯვენა მუხლის სახსრის დაზიანება. თამაშის შემდეგ იგი სათანადოდ გამოვიკვლიეთ. ჩაუტარდა მაგნოტო-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია, რის შედეგადაც შეირჩა მკურნალობის მეთოდიკა - განტვირთვა რამდენიმე დღე. დავუნიშნეთ მუხლის მკურნალობითი თერაპია. 10 დღის შემდეგ მისი მდგომარეობა ასევე კვლევით გადამოწმდება და განისაზღვრება კონკრეტული დრო, რამდენ ხანში შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. თუმცა დაახლოებითი მონახაზი ორი-სამი კვირაა".

📺 მატჩის მიმოხილვა [პირველი არხი]

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპასკეტის საკვალიფიკაციო ციკლის ბოლო შეხვედრას 21 თებერვალს 19:00 საათზე ფინეთის წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ ქართველ კალათბურთელებს მომავალი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ერთ-ერთი მასპინძლის რანგში ისედაც განაღდებული აქვთ, თუმცა, ფინეთთან გამარჯვების შემთხვევაში, საკვალიფიკაციო ჯგუფს პირველი ადგილით დაასრულებენ.  

კომენტარები

ბოლო ამბები