Thumbnail
  • მანჩესტერ სიტი პრემიერლიგაში მომდევნო მატჩს ლონდონის არსენალთან გამართავს
  • პეპის აზრით, არსენალს შეუძლია ტიტულისთვის მებრძოლ გუნდად ჩამოყალიბდეს
  • ადრე მიკელ არტეტა ხოსეპ გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა

მანჩესტერ სიტი პრემიერლიგაში მომდევნო შეხვედრას ლონდონის არსენალთან გამართავს. "ქალაქელები" ძალიან კარგ ფორმაში არიან და შეეცდებიან "მეთოფეებთან" წაუგებელი სერია გააგრძელონ. შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლას გუნდს ყველა ტურნირზე ერთად 17 შეხვედრა არ წაუგია.

სიტისგან განსხვავებით, მიკელ არტეტას გუნდი ბოლო პერიოდში არცთუ კარგ შედეგს აჩვენებს. ევროპალიგაზე ბენფიკასთან ნათამაშები ფრის (1:1) გათვალისწინებით, ლონდონურ კლუბს ყველა ტურნირის ბოლო 5 თამაშში მხოლოდ 1 მოგება აქვს.

დაპირისპირებას საინტერესოს ხდის მწვრთნელების ფაქტორიც. მიკელ არტეტა სამნახევარი სეზონის განმავლობაში სიტიში გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბში ასისტენტად მუშაობდა. 2019 წლის დეკემბერში კი იგი არსენალის მთავარ მწვრთბელად დაინიშნა.

მოახლოებულ მატჩზე კომენტარი გააკეთა პეპ გვარდიოლამ. ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მას არანაირი გავლენა არ აქვს არტეტას ახალ სამწვრთნელო კარიერაზე და მიკელმა ყველაფერს თვითონ მიაღწია.

"არტეტაზე არანაირი გავლენა არ მაქვს. მე მისი ინსპირაციის წყარო არ ვყოფილვარ. რასაც ის აკეთებს,  მისი და მისი შტაბის დამსახურებაა. რასაც ვუყურებ, ბოლო ერთი ან ორი თვის განმავლობაში არსენალი ყველა თამაშში მეტოქეზე უკეთ გამოიყურება. მათ განსაკუთრებული შემადგენლობა ყავთ და მომავალში ისინი ტიტულის მოგების რეალური კანდიდატებიც იქნებიან", - განაცხადა გვარდიოლამ. 

კომენტარები

ბოლო ამბები