Thumbnail

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა. ფილადელფიამ საშინაო შეხვედრაში ჩიკაგო დაამარცხა და აღმოსავლეთ კონფერენციაში ლიდერობა გაიმყარა. 

სიქსერსის ცენტრმა ჯოელ ემბიიდმა ბულსს 50 ქულა ჩაუგდო და ერთ მატჩში ნაჩვენები შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა. ემბიიდმა თამაშიდან 26-ჯერ ისროლა და 17 ზუსტად, პლუს, 17 საჯარიმოდან 15 ჩააგდო. ამასთან, პარკეტზე გატარებულ 35 წუთში კალათბურთელმა 17 მოხსნა, 5 პასი, 4 დაფარება და 2 ჩაჭრაც მიითვალა, ბურთი კი ორჯერ დაკარგა.

ფილადელფია სიქსერსის ისტორიაში ჯოელ ემბიიდი გახდა მეორე მოთამაშე, რომელმაც ერთ მატჩში მინიმუმ 50 ქულა, 15 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ლეგენდარულმა ცენტრმა უილტ ჩემბერლენმა ეს კარიერაში 4-ჯერ მოახერხა. 

📺 ემბიიდი V ბულსი

ფილადელფიაში, ემბიიდის გარდა, შედეგიანობით ტობიას ჰარისი (22 ქულა, 12 მოხსნა) და დენი გრინი (13 ქულა) გამოირჩნენ. ბულსში საუკეთესოები ზაკ ლავინი და უენდელ კარტერი იყვნენ, რომლებმაც შესაბამისად, 30 და 15 ქულა ჩააგდეს. 

ფილადელფიამ ჩიკაგოსთან გამარჯვებით აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველი ადგილი 21 თებერვლამდე გაინაღდა, რამაც მის მთავარ მწვრთნელს დოკ რივერსს "ყველა ვარსკვლავის მატჩში" ერთ-ერთი გუნდის გაწვრთნის უფლება მისცა. NBA-ს "ოლ სტარი" ატლანტაში, 7 მარტს გაიმართება, რივერსი კი უხელმძღვანელებს გუნდს, რომლის კაპიტანი აღმოსავლეთ კონფერენციის წარმომადგენელი კევინ დურანტი (ბრუკლინ ნეტსი) იქნება.

რივერსის გუნდმა 30 მატჩიდან 20 მოიგო და აღმოსავლეთში პირველია 

საინტერესოა, რომ თავად დოკ რივერსს სულაც არ უხარია, "ოლ სტარის" გუნდის მწვრთნელობის პატივი რომ ხვდა. რივერსი არ მალავს, რომ პაუზის დროს შოუში მონაწილეობას გოლფის თამაშს ამჯობინებს. 
 
ცნობილია, რომ დასავლეთ კონფერენციის წარმომადგენელი ლებრონ ჯეიმსის (ლოს ანჯელეს ლეიკერსი) გუნდს იუტა ჯაზის მთავარი მწვრთნელი ქუინ სნაიდერი ჩაიბარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები