Thumbnail
  • ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენციაზე მბაპესა და ჰაალანდზე ისაუბრა
  • რეალის მწვრთნელის აზრით, მომავალი ამ ორი ფეხბურთელისაა

რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კილიან მბაპესა და ერლინგ ჰაალანდზე ისაუბრა. ფრანგმა პარი სენ-ჟერმენის 22 წლის ფორვარდი და დორტმუნდის ბორუსიას 20 წლის თავდამსხმელი საუკეთესო ეპითეტებით შეამკო და ისინი ლიონელ მესის და კრიშტიანო რონალდოს შეადარა.

“ფაქტია, რომ უკვე ძალიან, ძალიან მაგრები არიან - ისეთივე მაგრები, როგორც მესი და რონალდო. მბაპე და ჰაალანდი ახალგაზრდები არიან, მომავალი მათია! ფაქტობრივად, ახალი მესიც გვყავს და ახალი რონალდოც,” - განაცხადა ზიდანმა პრესკონფერენციაზე.

ზიდანმა ჰაალანდი რონალდოს შეადარა

მბაპემ სამშაბათს ბარსელონას ჰეთთრიკი შეუსრულა (4:1 პსჟ-ს სასარგებლოდ). დიდი ხანია, არ წყდება სპეკულაციები იმის შესახებ, რომ კილიანი კარიერას რეალში გააგრძელებს. ზიდანი: “ყველა მატჩს თვალს ვადევნებ და მისი თამაშის ყურება ძალიან მსიამოვნებს. სასწაული მატჩი ჩაატარა. მბაპეს მოძრაობები განუმეორებელია!”

მბაპემ სამშაბათს ბარსას ჰეთთრიკი შეუსრულა

შესანიშნავი კვირა ჰქონდა ჰაალანდსაც. დორტმუნდმა სევილიას სტუმრად 3:2 მოუგო და ნორვეგიელმა დუბლი შეასრულა. ზიდანი მისი თამაშით და შედეგებითაც აღფრთოვანებულია. კითხვაზე, რომელს ისურვებდა თავის გუნდში, ზიზუმ ასე უპასუხა: “ამ კითხვას არ ვუპასუხებ. როგორც უკვე ვთქვი, მიყვარს კარგი ფეხბურთის და კარგი ფეხბურთელების თამაშის ყურება.”

მბაპეს პარიზელებთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, ჰაალანდს კი ბორუსიასთან ხელშეკრულება 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.

 

კომენტარები

ბოლო ამბები