Thumbnail
  • საქართველო 6:15 ხორვატია
  • საქართველოს ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე მოხვედრა ვერ შეძლო

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებსი საგზურის მოპოვება ვერ შეძლო. დეიან სტანოევიჩის გუნდი მეოთხედფინალში ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდა, რომელიც აშკარა ფავორიტი იყო და ეს თამაშმაც დაადასტურა.

ქართველმა წყალბურთელებმა გაცილებით გამოცდილ და მაღალი კლასის მეტოქეს წინააღმდეგობა ფაქტობრივად ვერ გაუწიეს. ბრძოლა მხოლოდ პირველ მეოთხედში იყო, როდესაც მარკო ელეზისა და ნიკა შუშიაშვილის გოლებით საქართველო მცირე ხნით 2:1 დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ ბალკანელებმა უპირატესობა მოიპოვეს და თამაშის ბოლომდე ასე იყო. გარდამტეხი მაინც მეორე პერიოდი გამოდგა, რომელიც ხორვატიის ნაკრებმა 6:1 მოიგო და თამაშის ბედიც სწორედ ამ მონაკვეთში გადაწყდა. მე-2 ტაიმმა მხოლოდ ფორმალური სახე მიიღო და სერიოზული ჩამორჩენის თუნდაც შემცირების შანსი სტანოევიჩის გუნდს აღარ მისცემია.

საქართველოს ნაკრების რიგებში ნიკა შუშიაშვილი და მარკო ელეზი გამოირჩნენ, ორივემ დუბლი შეასრულა, ბექა ქავთარაძემ და ბორის ვაპენსკიმ კი თითოჯერ გაიტანეს. ამგვარად, საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში დამარცხდა, ნახევარფინალს მიღმა დარჩა და შესაბამისად, ტოკიოს ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი დაკარგა. გუნდი როტერდამში რჩება და 5-8 ადგილებისთვის ითამაშებს, რომლის ნახევარფინალში 20 თებერვალს (17:00) ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.

ნახევარფინალში ხორვატიის ნაკრები მონტენეგროს შეხვდება, ხოლო საბერძნეთი კანადისა და რუსეთის ნაკრებთა წყვილში საუკეთესოს. ტოკიოს ოლიმპიადაზე თამაშის უფლებას სამი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.

საქართველო 6:15 ხორვატია

2:3, 1:6, 1:2, 2:4

გოლები: 0:1 იოკოვიჩი, 1:1 ელეზი, 2:1 შუშიაშვილი, 2:2 გარსია გადეა, 2:3 ლონჩარი, 2:4 ბუკიჩი, 2:5 ვუკიჩევიჩი, 2:6 ლონჩარი, 2:7 ფატოვიჩი, 3:7 ქავთარაძე, 3:8 იოკოვიჩი, 3:9 ლონჩარი, 4:9 ელეზი, 4:10 ვრლიჩი, 4:11 ბუკიჩი, 4:12 ბუკიჩი, 4:13 ფატოვიჩი, 5:13 ვაპენსკი, 5:14 ფატოვიჩი, 6:14 შუშიაშვილი, 6:15 ბუკიჩი

საქართველო: რაზმაძე (შუბლაძე) - ქავთარაძე (1), დადვანი, იმნაიშვილი, ბითაძე, იელაჩა, ჯახაია, შუშიაშვილი (2), ელეზი (2), მაგრაქველიძე, ბარალდი, ვაპენსკი (1)

კომენტარები

ბოლო ამბები