Thumbnail

'ცუდი დღე გვქონდა, რაღაცები არ მომეწონა' - ილიას ზუროსი უკმაყოფილოა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სერბეთს დაუპირისპირდა და 66:92 დამარცხდა. თამაშის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ სერბეთს უფრო გამოცდილი კალათბურთელები ჰყავს და საქართველოს ნაკრებმა ამ შეხვედრაში ბრძოლის უნარი ვერ აჩვენა.

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

"სერბეთმა უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო. კონცენტრირებულად, აგრესიულად, და მჭიდროდ ითამაშეს და შედეგიც ამან განაპირობა. თამაშის წინ ვთქვით, რომ ჩვენ უკვე მოპოვებული გვქონდა ევროპის ჩემპიონატის საგზური, მაგრამ მაინც უნდა გვებრძოლა, თუმცა დღევანდელ თამაშში არ ვიყავით საკმარისად ბრძოლისუნარიანები, რაც არ მომეწონა. მიყვარს ჩემი კალათბურთელები და მათი მჯერა, მაგრამ დღეს ვერ ვიბრძოლეთ. მეტოქის გუნდმა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში იბრძოლა და ჩვენზე უკეთ ითამაშა.

ეს მატჩი უკვე წარსულია, ახლა ფინეთთან მომდევნო თამაშზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება და ვიმედოვნებ, რომ უკეთ ვითამაშებთ. იმედი მაქვს, კონერ ფრენკამპი ჯანმრთელად იქნება და ჩვენს დახმარებას მოახერხებს. ქართველ გულშემატკივარს ეს თამაში არ მოეწონებოდა, რადგან აქ მოსვლის პირველიდე დღიდან მივაჩვიეთ, რომ მათი კალათბურთელები ლომებივით იბრძვიან, მაგრამ დღეს ეს ვერ შევძელით. ამიტომაც, მათ ბოდიშს ვუხდით. სერბებმა ბოლო პერიოდში 27 ქულა ჩააგდეს და 11 სამქულიანი გამოიყენეს, რაც ნიშნავს, რომ დაცვაში არათუ ვერ ვიბრძოლეთ, საერთოდ არ გვითამაშია.

სამწუხაროდ, ბევრი დრო არ გვქონია მოსამზადებელად, სამი დღე საკმარისი არ არის. ჩვენი გუნდის ბევრ მოთამაშეებს საკმარისი გამოცდილება არ აქვთ, მაგალითად, დღეს, სერბეთის ნაკრები ტოპლიგებში მოთამაშე კალათბურთელებით იყო დაკომპლექტებული, უკეთეს ჩემპიონატებში და ევროტურნირებზე თამაშობენ. შესაბამისად, უფრო მეტი გამოცდილებაც გააჩნიათ. კალათბურთში ყველაფერი ხდება, ძალიან ცუდი დღე გვქონდა, თუმცა, კარგი ის არის, რომ შედეგის თვალსაზრისით ეს არაფერს წყვეტდა. ყველა თამაშში ჩვენი სახე უნდა ვაჩვენოთ, მადლობა ყველას და სერბეთის ნაკრების ევრობასკეტზე წარმატებებს ვუსურვებ".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 5 ტურის შემდეგ 4 გამარჯვება და 1 წაგება დაუგროვდა, ბოლო ტურში კი 21 თებერვალს, ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. თუმცა, საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლა ისედაც გარანტირებული აქვს, როგორც ევრობასკეტის ერთ-ერთ მასპინძელს.

📺 მატჩის მიმოხილვა [პირველი არხი]

კომენტარები

ბოლო ამბები