Thumbnail

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის საკვალიფიკაცი ციკლის ეგიდით მე-5 მატჩი ჩაატარა და ზედიზედ 4 გამარჯვების შემდეგ, ევროპულ გრანდ სერბეთთან 66:92 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ გასული წლის თებერვალში ილიას ზუროსის შეგირდებმა სახელოვან მეტოქეს ბელგრადში 94:90 სძლიეს, ამჯერად კი, მეტოქემ სრულფასოვანი რევანშის აღება მოახერხა და ევრობასკეტის საგზურიც ოფიციალურად გაიფორმა.

საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი იგორ კოკოშკოვი, რომელიც ამჟამად სწორედ სერბებს წვრთნის, თამაშს არ დასწრებია. მოგეხსენებათ, ის პარალელურად თურქეული ფენერბაჰჩეს დამრიგებელია და ვინაიდან ამ კლუბს სწორედ დღეს ევროლიგის მატჩი უწევდა, სერბ სპეციალისტს თბილისიდან თურქეთში დაბრუნება მოუხდა. შედეგად, ჩვენი მეტოქე თამაშზე დეიან მილოევიჩმა გამოიყვანა. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი მეგა ბემაქსში გოგა ბითაძეს წვრთნიდა, ამჟამად კი, მონტენეგროს საუკეთესო კლუბის ბუდუჩნოსტის დამრიგებელია.

მან სასტარტო ხუთეულში დანილო ანჯუშიჩი, ოგნიენ იარამაზი, ფილიპ პეტრუშევი, ნემანია დანგუბიჩი და მიროსლავ რადულიცა დააყენა, ილიას ზუროსის ხუთეული კი ასეთი იყო: კონერ ფრენკამპი, მერაბ ბოქოლიშვილი, გიორგი კორსანტია, ბექა ბურჯანაძე და გიორგი შერმადინი. 
თამაში სერბებმა გაცილებით კონცენტრირებული გამოვიდნენ და მასპინძლებს 4 წუთში 4 ჯარიმა აჰკიდეს. შედეგად, სტუმრებმა საწყის წუთებში ერთბაშად 7 საჯარიმო ჩააგდეს და 11:2 დაწინაურდნენ. ამას ილიას ზუროსის წუთშესვენება მოჰყვა და საქართველოს ნაკრებმა მიჯრით 8 უპასუხო ქულა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ჩვენების პირველი 4 ქულა ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა კონერ ფრენკამპმა შესძინა და გიორგი შერმადინმაც 4 ქულა ჩააგდო. საინტერესოა, რომ პირველ მეოთხედში, რომელიც დაბალშედეგიანი (10:13) აღმოჩნდა, საქართველოს ნაკრებმა 6-ვე სამქულიანი ააცილა, სერბეთმა კი – 2.

შეცდომებით დატვირთული თამაში მე-2 მეოთხედშიც გაგრძელდა და როდესაც ტაბლოზე საქართველოს ნაკრების პირველი ლიდერობა აისახა, ამ დროს ანგარიში მხოლოდ 16:15 გახლდათ. ამას წინ დუდა სანაძის მიერ ჩაგდებული 2 საჯარიმო უძღოდა, რაც ტექნიკურ ფოლს მოჰყვა და იმავე ფრენკამპის ფარქვეშიდან აღებული 2 ქულა. აღნიშნულს ისევ სერბების მცირე გაქცევა მოჰყვა და პირველი ტაიმის ბოლომდე მასპინძლები მდევრის როლში იყვნენ. საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველი სამქულიანი მხოლოდ 12 უშედეგო მცდელობის შედეგად მოახერხა. ეს, ურთულესი პოზიციიდან მიხეილ ბერიშვილმა მოახერხა და ამას სტუმართა (დანილო ანჯუშიჩი) პირველი შორეული ტყორცნა მოჰყვა – 27:32.

იქვე ფილიპ პეტრუშევმა, რომელსაც პირველ ტაიმში უკვე 16 ქულა ჰქონდა, კიდევ 1 სამქულიანი გამოიყენა და მეტოქემ ტაიმი 6 ქულით მოიგო – 31:37. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი შერმადინი იყო 12 ქულით, ხოლო ფრენკამპის აქტივში 10 ქულა იყო. პირველი ტაიმის შემდეგ მეტოქეებს თამაშიდან ჩაგდებული ბურთების მხრივ იდენტური მაჩვენებელი (30-დან 11) დაუფიქსირდათთ, სერბებს კი ქართველებზე ზუსტად 2-ჯერ მეტი – 16 საჯარიმო ჰქონდათ შესრულებული. სხვაობაც ამან განაპირობა, უცნაური კი ის იყო, რომ მე-2 ტაიმში მათ ჯარიმა აღარ შეუსრულებიათ.

ამ დროს ისე სჩანდა, რომ მატჩში მთავარი ბრძოლა წინ იყო, თუმცა, ბევრი რამ მე-3 მეოთხედის სტარტმა გადაწყვიტა, როდესაც სერბებმა ზედიზედ 3 სამქულიანი ჩააგდეს, კონერ ფრენკამპმა კი ფეხის ტრავმა მიიღო და თამაშს ნაადრევად გამოეთიშა. ამ მომენტში სტუმრები 46:33 დაწინაურდნენ და კარგი ტემპიც ჰქონდათ აკრეფილი, რომელიც მცირედით მიხეილ ბერიშვილისა და დუდა სანაძის სამქულიანებმა შეაჩერა – 45:53. სამწუხაროდ, რეალურად ეს ბოლო გაბრძოლება გამოდგა. მე-3 მეოთხედში მეტოქემ ერთბაშად 6 სამქულიანი ჩააგდო და როდესაც ბოლო წამებზე ალეკსა ავრამოვიჩმა ჩინებული შესვლა ზუსტი ტყორცნით დააგვირგვინა, სერბეთის ნაკრები 14 ქულით დაწინაურდა – 51:65.

შედეგად ისე გამოვიდა, რომ დასკვნითი ათწუთეული ფორმალობად იქცა და სერბებს საქმის ბოლომდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ. მათ რიგებში გამორჩეული იყო ხსენებული 20 წლის ცენტრი პეტრუშევი, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო, დანილო ანჯუშიჩის აქტივში კი 22 ქულა გახლდათ. საქართველოს ნაკრებს 20 ქულითა და 8 მოხსნით შერმადინმა ულიდერა, დუდა სანაძემ 15 ქულა ჩააგდო, ბურჯანაძემა და  ხსენებულმა ფრენკამპმა კი 10-10 ქულა მოაგროვეს, თუმცა, ამ უკანასკნელმა 4-ვე სამქულიანი ააცილა და გუნდთან შეუთამაშებლობაც ეტყობოდა. ვთქვათ ისიცი, რომ სტუმრებმა 22-დან 13 (59.09%) სამქულიანი ჩააგდეს, მასპინძლებმა კი 23-დან - 3 (13.04%).

თბილისში მიმდინარე “ბაბლის” ეგიდით დასკვნითი მატჩები 21 თებერვალს ჩატარდება. 16:00 საათიდან სპორტის სასახლეში სერბეთი და შვეიცარია ითამაშებენ, 19:00 საათზე კი საქართველოსა და ფინეთის ნაკრებთა მატჩია დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ ქართველ კალათბურთელებს მომავალი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ერთ-ერთი მასპინძლის რანგში ისედაც განაღდებული აქვთ, თუმცა, ფინეთთან გამარჯვების შემთხვევაში, საკვალიფიკაციო ჯგუფს პირველი ადგილით დაასრულებენ. ეს, გარდა იმისა, რომ პრესტიჟის ამბავია, სავარაუდოა, რომ საქართველოს ნაკრებს 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის დროს (მარტშია დაგეგმილი) უკეთეს კალათაში მოხვედრაშიც დაეხმარება.

📺 მატჩის მიმოხილვა [პირველი არხი]

კომენტარები

ბოლო ამბები