Thumbnail

სიტიმ მესისთან მოლაპარაკებები უარყო - ლეო გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლიონელ მესი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება
  • არგენტინელი ბარსელონას პრეზიდენტის არჩევნებს ელოდება
  • მანჩესტერ სიტი გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა

მანჩესტერ სიტიმ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიონელ მესისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც მანჩესტერული გრანდის წარმომადგენელმა SPOX-სა და Goal-ს განუცხადა, სიტის მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელისთვის წინადადებით არ მიუმართავს.

როგორც იცით, არგენტინელ სუპერვარსკვლავს ბარსელონასთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და ბარსელონადან წასვლა უფასოდ შეუძლია. არ წყდება სპეკულაციები იმის შესახებ, რომ მესისთვის ბრძოლაში ფავორიტი სწორედ მანჩესტერ სიტია, რომელსაც ხოსეპ გვარდიოლა წვრთნის. გავრცელებული ცნობებით, სიტისთან ერთად, მესის გადაბირების საუკეთესო შანსი პარი სენ-ჟერმენს აქვს, რადგან ახლა მხოლოდ ამ ორ კლუბს შეუძლია ლეოს ზღაპრული კონტრაქტის დაფინანსება.

ლიონელ მესის სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების წარმოება ოფიციალურად მას შემდეგ შეუძლია, რაც 2021 წელი დაიწყო. 33 წლის არგენტინელს ბარსადან წასვლა წინა ზაფხულსაც სურდა. სხვადასხვა მედიასაშუალებების ცნობით, მესი გადაწყვეტილებას მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებს. ესპანური გამოცემები წერენ, რომ ლეო ბარსელონას პრეზიდენტის არჩევნებსაც ელოდება.

მიმდინარე სეზონში ბარსელონას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. კლუბის ფინანსური ფიასკოს გარდა, რონალდ კუმანის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში ლიდერ ატლეტიკოს უკვე 9 ქულით ჩამორჩება, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი რაუნდი კი პსჟ-სთან შინ 1:4 წააგო.

 

კომენტარები

ბოლო ამბები