Thumbnail
  • ფინეთი 92:84 შვეიცარია
  • თბილისური 'ბაბლის' სასტარტო მატჩში ფავორიტმა იმარჯვა

ფინეთის საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაციის ეგიდით შვეიცარიას უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო და ფინალური ეტაპის საგზური გაინაღდა. ეს თბილისის სპორტის სასახლეში მოხდა, სადაც E ჯგუფის შესარჩევი ციკლის დასკვნითი “ბაბლი” მიმდინარეობს.

ჰენრიკ დეტმანის შეგირდები მატჩის უდავო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ და გამარჯვება არ გასჭირვებიათ. ფინელთა განსაკუთრებული უპირატესობა მე-2 მეოთხედში გამოიკვეთა, რომელიც მათ 26:12 მოიგეს, დიდ შესვენებაზე 18-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ და თამაშის სასურველ შედეგამდე მიყვანა არ გასჭირვებიათ - 92:84. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიელები დასკვნით მეოთხედში აშკარად უკეთ გამოიყურებოდნენ – 36:21.

გამარჯვებულთა მხრიდან 10-ქულიან ზღვარს 4 კალათბურთელი გადასცდა, საუკეთესო კი გამოცდილი პეტერი კოპონენი იყო, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო. ედონ მაქსჰუიმ 17 ქულა მიითვალა, ფინელთა კიდევ ერთმა გამოცდილმა სნაიპერმა სასუ სალინმა კი – 15. შვეიცარიელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი რობერტო კოვაჩი იყო 18 ქულით, ხოლო ჯონატან კაზადის სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა – 13 ქულა, 10 პასი, 7 მოხსნა.

ამგვარად, ფინელებმა 5 ტურში მე-2 გამარჯვება იზეიმეს და მართალია, დასკვნითი ტურის წინ იმავე შვეიცარიას მხოლოდ 1 მოგებით უსწრებენ, ურთიერთშეხვედრებში წარმატებული შედეგის წყალობით (მათ შვეიცარიელებს პირველი თამაშიც მოუგეს – 69:64), სამეულში შესვლა გარანტირებული აქვთ, ეს კი, ავტომატურად ევროპირველობის საგზურსაც ნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ თბილისური “ბაბლის” ეგიდით დღესვე 19:00 საათიდან საქართველო სერბეთს უმასპინძლებს, დასკვნითი თამაშები კი 21 თებერვალს ჩატარდება, როდესაც 16:00 საათიდან სერბეთი შვეიცარიას ეთამაშება, ხოლო 19:00 საათზე საქართველოსა და ფინეთის ნაკრებთა მატჩია დაგეგმილი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები