Thumbnail

დაბრუნება ევროპაში - ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირზე ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ჩოგბურთელი Open Sud de France-ზე ბოლოს 2016 წელს გამოვიდა
  • 28 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილს, სავარაუდოდ, მე-9 განთესვა ექნება

28 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში უკვე მე-40 ადგილზე იმყოფება, ავსტრალიიდან ევროპაში დაბრუნდა და მომავალ კვირას ძალებს საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში დაგეგმილ ტურნირზე ითამაშებს.

ბასილაშვილმა განაცხადი გააკეთა Open Sud de France-ზე, რომელიც 22-28 თებერვალს ჩატარდება, საპრიზო ფონდი 262 170 ევროა, მოქმედი გამარჯვებული კი ფრანგი გაელ მონფილსი გახლავთ. საინტერესოა, რომ ნიკოლოზმა ამ ტურნირზე ბოლოს 2016 წელს ითამაშა, როდესაც პირველივე წრეში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ფრანგ კენი დე შეპერთან 6:4, 6:7 (4:7), 3:6 დამარცხდა.

არსებული ინფორმაციით, ბასილაშვილს მონპელიეს ტურნირზე მე-9 რეიტინგი ექნება, მასზე წინ კი რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპანეთი), დავიდ გოფინი (ბელგია), დუშან ლაიოვიჩი (სერბეთი), ჰუბერტ ჰურკაჩი (პოლონეთი), უგო უმბერი (საფრანგეთი), ლორენცო სანოგო (იტალია), იანიკ სინერი (იტალია) და იან-ლენარდ შტრუფი (გერმანია) არიან.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე, რომლის გამარჯვებულიც კვირას უნდა გაირკვეს, ბასილაშვილმა ბრძოლა პირველივე რაუნდში დაასრულა. ნიკოლოზს ამერიკელი ტომი პოლის სახით დაუმარცხებელი მეტოქე ნამდვილად არ ჰყოლია, თუმცა, საქართველოს პირველმა ჩოგანმა სეტის აღებაც კი ვერ მოახერხა – 4:6, 6:7 (0:7), 4:6.

კომენტარები

ბოლო ამბები