Thumbnail
  • 📅 19 თებერვალი | ⌚ 21:00 | 🤽‍♂ საქართველო V ხორვატია | 📺 სილქ უნივერსალი
  • ქართული წყალბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩამდე საათები რჩება

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს 19 თებერვალს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. დეიან სტანოევიჩის შეგირდები თბილისის დროით 21:00 საათიდან ხორვატიის უძლიერეს ნაკრებს დაუპირისპირდებიან და თუკი სენსაცია მოახდინეს, ტოკიოს ოლიმპიადის საგზურს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებიან. ცხადია, მოახლოებული თამაშისთვის მეტოქეც ემზადება, რომლის უმთავრესმა ბომბარდირმა ლუკა ბუკიჩმა (მას საკვალიფიკაციო ტურნირზე 14 გოლი აქვს გატანილი) შემდეგი კომენტარი გააკეთა:

📺 საქართველო v საბერძნეთი [მიმოხილვა]

“შეჯიბრი ნამდვილად კარგად დავიწყეთ და განსაკუთრებით, რუმინეთთანა და ნიდერლანდებთან მატჩებში დამაჯერებლად გამოვიყურებოდით. შემდეგ საფრანგეთსაც მოვუგეთ, რასაც რუსეთთან სამწუხარო მარცხი მოჰყვა, თუმცა, ამას ჩვენს მიზნებში არაფერი შეუცვლია. წინასწარვე ვიცოდით, რომ მეოთხედფინალში ან საქართველოს ვეთამაშებოდით ანაც კანადას. ახლა უკვე ვიცით, რომ ჩვენი მეტოქე საქართველოს ნაკრები იქნება და მართალი გითხრათ, მათი თამაშისთვის განსაკუთრებით თვალი არ მიმიდევნებია. საყურადღებოა, რომ ქართველები საბერძნეთთანა და მონტენეგროსთან საკმაოდ კარგად გაისარჯნენ. ვიცი, რომ მათ შემადგენლობაში ელაჩა და ელაზი ჰყავთ და კიდევ იტალიელი ბარალდი. საქართველოს დაუფასებლობაზე საუბარი არაა, თუმცა, ვიცით, რომ მათზე უკეთესები ვართ. კარგად მოვემზადებით და პრობლემები არ იქნება, აი, პირველი ნამდვილი გამოცდა კი უკვე ნახევარფინალში გველის”.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებზე მეტი პატივისცემით საუბრობს ხორვატიის წყალბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი, რომელმაც საჭიროდ ჩათვალა, ქართული წყალბურთის ისტორიაც კი მიმოეხილა. აი, რას ვკითხულობთ აღნიშნულ საიტზე:

📺 საქართველო v კანადა [მიმოხილვა]

“თუკი წყალბურთში არცთუ კარგად ხართ ჩახედული, შესაძლოა, იფიქროთ, რომ ქართველებს სპორტის ამ სახეობაში ეგზოტიკური ნაკრები ჰყავთ, თუმცა, ეს ასე არაა. წყალბურთს საქართველოში დიდი ისტორია გააჩნია და მათ მსოფლიო დონის მოთამაშეებიც კი ჰყავდათ, რომელთაგან გიორგი და პეტრე მშვენიერაძეები, ახალი თაობიდან კი რევაზ ჩომახიძე უნდა გამოვარჩიოთ. მათ დიდი წარმატებებისთვის მიუღწევიათ. ფაქტია, რომ ნატურალიზებული წყალბურთელებით გაძლიერებული ნაკრები ბოლო პერიოდში მუდმივ პროგრესს განიცდის. 2016 წელს ბელგრადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდმა მე-14 ადგილი დაიკავა, 2018-ში, ბარსელონაში – მე-13, 2020-ში, ბუდაპეშტში კი – მე-10 და თანაც მე-9 ადგილისთვის მატჩში გერმანიასთან მხოლოდ 1 ბურთით წააგო.

სწორედ ბოლო ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს 9:7 სძლია და ეს, ყველაზე დიდ წარმატებად უნდა მივიჩნიოთ. კონკრეტულად მიმდინარე საკვალიფიკაციო ტურნირზე ქართველმა წყალბურთელებმა კანადასა და ბრაზილიას იოლად მოუგეს და ეს ფაქტიც ყურადღებას იმსახურებს. საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებებს აქამდე 2-ჯერ უთამაშიათ, თუმცა, ეს არ ყოფილა დიდი ტურნირების ეგიდით. გასულ მატჩებში ხორვატიამ ჯამში 40:6 იმარჯვა, თუმცა, ეს ნამდვილად არ ნიშნავს, რომ მომავალი თამაშიც, ვთქვათ, 20:3 დასრულდება. საქართველოს ნაკრები ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი მეტოქე და თავისუფლად შეიძლება გავიყვანოთ ევროპაში მე-2 დონის გუნდებს შორის”.

📺 საქართველო v ბრაზილია [მიმოხილვა]

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში მიმდინარეობს და ოთხივე მეოთედფინალი (17:00 – მონტენეგრო V ნიდერლანდები, 19:00 – საბერძნეთი V საფრანგეთი, 21:00 – საქართველო V ხორვატია, 23:00 – კანადა V რუსეთი) დღეს ჩატარდება. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე კანადასა (14:11) და ბრაზილიას (12:8) სძლია, საბერძნეთთანა (10:11) და მონტენეგროსთან (9:11) კი ბრძოლაში წააგო. ხორვატების შედეგები ასეთი იყო: 16:6 რუმინეთთან, 25:8 – ნიდერლანდებთან, 13:10 – საფრანგეთთან, 13:14 – რუსეთთანა და 22:8 – გერმანიასთან. ოლიმპიადის საგზურს კვალიფიკაციის 3 საუკეთესო ნაკრები მიიღებს.

📺 საქართველო v მონტენეგრო [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები