Thumbnail
  • რუბინმა თურქულ შეკრებაზე როტორს საკონტროლო მატჩში ანგარიშით 3:0 მოუგო
  • ყაზანის გუნდში კვარაცხელიამ ითამაშა, როტორში - დავითაშვილმა და კვერკველიამ
  • რუბინის მწვრთნელმა როტორში იჯარით მოთამაშე ზურიკოს დაბრუნებაზე ისაუბრა 

საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილს ერთმანეთის წინააღმდეგ მოუხდათ თამაში. თურქულ ბელეკში ყაზანის რუბინმა ვოლგოგრადის როტორთან საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ანგარიშით 3:0 გაიმარკვა.

რუბინში პირველი ტაიმი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ. როტორში შეუცვლელად ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა, ხოლო საბა კვერკველიამ - ცვლილებაზე. შეგახსენებთ, რომ დავითაშვილი სწორედ რუბინს ეკუთვნის, ვოლგოგრადის გუნდში კი იჯარით სეზონის ბოლომდე გამოდის.

ზურიკო დავითაშვილმა თავისი გუნდის წინააღმდეგ პირველად ითამაშა

ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე რუბინის გეგმები მეტნაკლებად ცნობილია - რუსული კლუბი 20 წლის ქართველი ფეხბურთელის ევროპაში სარფიანად გაყიდვას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იმედოვნებს, როტორში განათხოვრებულ ზურიკო დავითაშვილთან დაკავშირებით კი ვითარება ჯერჯერობით ბუნდოვანია. 

ამ თემას გამოცემა БИЗНЕС Online ეხმაურება, რომელიც საკითხს ქვეთავს უძღვნის და მას ასე ასათაურებს: "ხვიჩას გაყიდვა - დაბრუნების შანსი დავითაშვილისთვის". 

"რუბინში არაერთგზის აღნიშნეს, რომ ყურადღებით აკვირდებიან როტორში იჯარით გაშვებულ ზურიკო დავითაშვილისა და დანილ სტეპანოვის თამაშს, მაგრამ 2020/21 წლების ჩემპიონატის შედეგებით, მათი მომავალი გადაწყვეტილი არაა. ამ სეზონის დასრულებამდე ბევრი დრო აღარ დარჩა ისევე, როგორც შანსი ფეხბურთელებისთვის, რათა მათ ყაზანელებს თავიანთი საჭიროება დაუმტკიცონ. 

ზურიკო და ხვიჩა რუბინში 2019 წლის ზაფხულში აღმოჩდნენ

ზურიკოს ძალიან გაუჭირდება რუბინში დაბრუნება იმავე მიზეზით, რის გამოც თავის დროზე ყაზანელებმა ის იჯარით გაუშვეს - ლეგიონერებზე ლიმიტი. როდესაც ტრავმირებული იაპონელი მუცუკი საიტო გამოჯანმრთელედება. რუბინს 9 ლეგიონერი ეყოლება და იძულებული გახდება, რომელიმე გაასხვისოს. ძნელად წარმოსადგენია, რომ ასეთ შემთხვევაში დავითაშვილისთვის ადგილი მოიძებნოს. მისთვის იდეალური ვარიანტი იქნება, თუკი ზაფხულში რუბინი კვარაცხელიას გაყიდის. გამოთავისუფლდება ლეგიონერის პოზიციაც და თან, ეს ფეხბურთელები მოედანზე ერთ ადგილს იკავებენ", - წერს გამოცემა. 

ამხანაგური მატჩის შემდეგ ამ საკითხზე ყურადღება ყაზანის რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმაც გაამახვილა:

"მათთან (დავითაშვილსა და სტეპანოვთან) მუდმივად გვაქვს კავშირი და ყოველთვის ვაკვირდებით მათ გამოსვლას, რადგან ჩვენი ფეხბურთელები არიან. არ ვფიქრობ, რომ საკონტროლო მატჩით მათი შეფასება გამართლებული იქნება, თუმცა კონტაქტი სტეპანოვსა და ზურიკოსთან მუდმივად გვაქვს. ისინი ის გამონაკლისი ფეხბურთელები არიან, რომლებიც იჯარით გვყავს გაშვებული და დაბრუნების შანსს ფლობენ". 

ზურიკოს როტორში თავის წარმოსაჩენად დრო ბევრი აღარ აქვს

20 წლის ზურიკო დავითაშვილი ვოლგოგრადის როტორში იჯარით სეზონის ბოლომდე გამოდის და ამ კლუბის მაისურით რუსეთის ჩემპიონატის 11 მატჩში ითამაშა. ქართველი ნახევარმცველი შედეგიანი მოქმედებით ჯერჯერობით არ გამორჩეულა.

კომენტარები

ბოლო ამბები