Thumbnail

All Star-ის სასტარტო ხუთეულები ცნობილია - კაპიტნებიც დასახელებულია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გუნდებს მოედანზე ლებრონ ჯეიმსი და კევინ დურანტი გაიყვანენ
  • წლევანდელი 'ყველა ვარსკვლავთა მატჩი' 7 მარტს ატლანტაში ჩატარდება

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) 2021 წლის “ყველა ვარსკვლავთა მატჩისთვის” სასტარტო შემადგენლობები დაასახელა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ გუნდების კაპიტნები ლოს ანჯელესის ლეიკერსისა და ბრუკლინ ნეტსის ვარსკვლავები ლებრონ ჯეიმსი და კევინ დურანტი იქნებიან. საინტერესოა, რომ "მეფე ჯეიმსი" პირველი კალათბურთელი გახდა, რომელიც "ოლ სტარში" ზედიზედ მე-17-ედ ითამაშებს.

ეს კალათბურთელები პირველ პოზიციებზე გულშემატკივრებმა დაასახელეს, თავად ჯეიმსი და დურანტი კი, გუნდების სრულად დაკომპლექტებას სპეციალურ დრაფტზე მოახდენენ, რომელიც წესით 23 თებერვალს უნდა შედგეს. იქ მოთამაშეები იმავე ქომაგების, ლიგის მოქმედი კალათბურთელებისა და ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად შეირჩა. საინტერესოა ისიც, რომ გამოკითხვის შედეგად ჯეიმსმა 5 922 554 ხმა მიიღო, დურანტმა – 5 567 106, მესამეზე კი სტეფა კარი (5 481 033) გავიდა.

დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო ხუთეულში ლებრონ ჯეიმსი, სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი), ლუკა დონჩიჩი (დალასი), ნიკოლა იოკიჩი (დენვერი) და კავაი ლეონარდი (კლიპერსი) მოხვდნენ, აღმოსავლეთი კი ასე დაკომპლექტდა: კევინ დურანტი, იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკი), ბრედლი ბილი (ვაშინგტონი), ჯოელ ემბიდი (ფილადელფია) და კაირი ირვინგი (ბრუკლინი).

შეგახსენებთ, რომ წლეულს “ოლ სტარი” 7 მარტს ატლანტის სტეიტ ფარმ არენაზე შედგება და უშუალოდ თამაშის გარდა, უნარებში შეჯიბრსაც ვიხილავთ. გასულ წელს “ყველა ვარსკვლავთა მატჩი” ორ დღეს წარიმართა, 16 თებერვალს კონკურსები იყო, 17-ში კი – უშუალოდ მატჩი. მაშინ აღმოსავლეთის ნაკრების კაპიტანი ანტეტოკუნმპო იყო, დასავლეთის კი – კვლავაც ჯეიმსი. წლეულს ღონისძიების ერთ დღეს ჩატარება პანდემიის გამო გადაწყდა.

კომენტარები

ბოლო ამბები