Thumbnail

სეტონ ჰოლის ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა NCAA-ში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა და ამას შესაბამისი გამოხმაურებაც ჰქონდა. პირატების მთავარმა მწვრთნელმა კევინ ვილარდმა გუნდის ლიდერი კიდევ ერთხელ შეაქო და თავისი გარჯით ქართველი ფორვარდიც კმაყოფილი იყო.

კევინ ვილარდი: "შესვენებაზე მამუს საკმაოდ მკაცრად ვესაუბრე და ამან შედეგი გამოიღო. ის შესვენების შემდეგ ძალიან მოტივირებული და ფოკუსირებული გამოვიდა. სანდრომ ნამდვილი ლიდერის მანტია მოისხა. ის მაღალი კლასის კალათბურთელია და ამას უდიდესი შრომის ხარჯზე მიაღწია”.

სანდრო მამუკელაშვილი: “მე სენიორის რანგში ვთამაშობ და ლიდერი ვარ. ზოგჯერ არის საღამოები, როდესაც თავიანთ მხრებზე თანაგუნდელები მატარებენ, დღეს კი სწორედ მე ვიყავი ის მოთამაშე, ვინც ყველაფერი თავის თავზე აიღო. ამ მატჩში თავდაჯერებულობა არ მაკლდა და თავისუფლადაც ვითამაშე. არადა, თავდაპირველად გარეუბნელ ბავშვებს ვგავდით, რომელთაც საკუთარი ადგილის დაცვაც კი არ შეუძლიათ. შემდეგ გამოვედით და ყველას ჩვენი ძალა ვაჩვენეთ. პირველ რიგში იმას მივხვდით, რომ ფიზიკურ ორთაბრძოლებსა და დაცვაში თამაშში უნდა მოგვემატებინა”.

შეგახსენებთ, რომ სანდროს გუნდი შინაურ Prudential Center-ში დეპოლ ბლუ დემონსს დაუხვდა და წაგებული პირველი ტაიმის (27:31) შემდეგ, მეტოქეს 60:52 სძლია, მამუკელაშვილი კი მოედანზე აშკარად საუკეთესო იყო. მან თითქმის შეუცვლელად – 38 წუთს ითამაშა და 25 ქულა, 11 მოხსნა (4 შეტევაში), 4 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 13-დან 8 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო. აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილს სეტონ ჰოლურ კარიერაში 1004 ქულა მოუგროვდა და გუნდის ისტორიაში 45-ე მოთამაშე გახდა, ვინც 1000-ქულიან ზღვარს გადააბიჯა.

სეტონ ჰოლს 10 მოგება და 5 მარცხი აქვს და კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება. მამუკელაშვილის გუნდს 4-მატჩიანი წარმატებული სერია აქვს და მისი გაგრძელება აუცილებელია, რადგანაც პირატებს “მარტის სიგიჟეში” მონაწილეობის მიღება სურთ. სეტონ ჰოლი მომდევნო შეხვედრას 21 თებერვალს სტუმრად ჯოჯრჯთაუნ ჰოიასთან გამართავს.

📺 მამუკელაშვილი დეპოლთან

კომენტარები

ბოლო ამბები