Thumbnail

იუვენტუსი დრაგაუზე ფიასკოს გადაურჩა - პორტუს კიეზამ უპასუხა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

პორტუმ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ შეხვედრაში ტურინის იუვენტუსს უმასპინძლა და ტაიმების პირველ წუთებზე გატანილი გოლების წყალობით, ორბურთიან უპირატესობას 82-ე წუთამდე ფლობდა, თუმცა კარის ბოლომდე მშრალად შენარჩუნება მაინც ვერ მოახერხა და ახლა ტურინში რთული მატჩი ელის.     

ანდრეა პირლოს გუნდისთვის შეხვედრა "დრაგაუზე" ძალიან ცუდად დაიწყო. უკვე მე-2 წუთზე, სრულიად უწყინარ სიტუაციაში, საკუთარი კარის სიახლოვეს მყოფმა როდრიგო ბენტანკურმა ბურთის დაბრუნება ვოიცეხ შჩესნისთვის "ბრმად" გადაწყვიტა. იქვე ახლოს მყოფმა პორტუს ირანელმა თავდამსხმელმა მეჰდი ტარემმაც შჩესნის დაასწრო და მეტოქის საჩუქარი გოლად აქცია. 

მართალია, გაშვებული გოლის შემდეგ პირლოს გუნდი სწრაფად დაეუფლა ბურთს და მოედნის უპირატესობასაც ფლობდა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. ამას დაერთო ისიც, რომ ნახევარი საათის შემდეგ კუნთი აიტკია ჯორჯო კიელინიმ. კაპიტანმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და მისი ადგილი მერიჰ დემირალმა დაიკავა.

ანდრეა პირლოს  დრაგაუზე სანერვიულო ბევრი ჰქონდა

პორტუ თავს დიდი ძალებით იცავდა და არც უხეშობას ერიდებოდა. შესვენებამდე ყველაზე რეალური მომენტი ტურინელებს ტაიმის მიწურულს, "სტანდარტიდან" ჩაწოდების შემდეგ ჰქონდათ, როდესაც ადრიენ რაბიო ეფექტური დარტყმით ცდილობდა გატანას, მაგრამ კარგად ითამაშა მასპინძელთა მეკარე აგუსტინ მარჩესინმა, რომელმაც ბურთის მოგერიება შეძლო.     

პირველის მსგავსად, კოშმარულად დაიწყო ტურინელებისთვის მეორე ტაიმიც. ვილსონ მანაფამ მარჯვენა ფლანგიდან პორტუს იერიში განავითარა, რის შემდეგაც საჯარიმოში გადაცემა მუსა მარეგას გაუკეთა და ამ უკანასკნელმაც ახლო მანძილიდან მარტივად შეაგდო. აქ აღსანიშნავი იუვენტუსის მცველების მოქმედება, უფრო ზუსტად კი უმოქმედობა იყო, რომლებმაც ვერც ერთს და ვერც მეორეს ხელი ვერაფრით შეუშალეს. 

პორტუს მცველებმა კრიშტიანოს განეიტრალება მოახერხეს

ბოლო ნახევარ საათში პირლომ მოედანზე ალვარო მორატა შეუშვა, თუმცა ტურინელებს ხასიათი ვერც მან და ვერც სამშობლოში სტუმრად ჩასულმა კრიშტიანო რონალდომ გამოუკეთა. ეს ფედერიკო კიეზამ მოახერხა. მარჯვენა ფრთიდან რაბიოს ჩაწოდების შემდეგ, იტალიელმა ზუსტად დაარტყა.

იუვენტუსისა და პორტუს საპასუხო დაპირისპირება ტურინში 9 მარტს გაიმართება. სერჟიო კონსეისაოს შეგირდებს, რომლებსაც "დრაგაუზე" მესამე გოლის შანსიც ჰქონდათ, ახლა იტალიაში უპირატესობა მინიმალური ექნებათ. 

📺 პორტუ V იუვენტუსი

პორტუ 2:1 იუვენტუსი

გოლები: 1:0 ტარემი (2’) 2:0 მარეგა (46'), 2:1 კეიზა (82')
პორტუ (4-4-2): მარჩესინი - მანაფა, მბემბა, პეპე, ზანუზი - კორონა (90+1' ლუმი), ურიბე, სერჟიო ოლივეირა (90+1' კონსეისაო), ოტავიო (57' დიასი) - მარეგა (66' გრუიჩი), ტარემი. 
იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი - დანილო, დე ლიხტი, კიელინი (35' დემირალი), ალექს სანდრო - კიეზა, რაბიო, ბენტანკური, მაკკენი (63; მორატა) - კულუშევსკი (77' რემზი), რონალდო.

კომენტარები

ბოლო ამბები