Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები თბილისში გასამართი ბაბლისთვის მზადებას აგრძელებს
  • შერმადინმა მომავალ მატჩებზე, გოგა ბითაძესა და კონერ ფრენკამპზე ისაუბრა   

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტი 2022-ის საკვალიფიკაციო ციკლის ბოლო ორი მატჩისთვის მზადებას აგრძელებს. თბილისში დაგეგმილი E ჯგუფის "ბაბლის" ეგიდით, ილიას ზუროსის გუნდი 19 თებერვალს სერბეთს ეთამაშება, ხოლო 21 თებერვალს - ფინეთს. 

საქართველოს ნაკრებისა და ესპანური ტენერიფეს ცენტრმა გიორგი შერმადინმა ფედერაციის ფეისბუქის გვერდზე LIVE-ინტერვიუში მომავალ მატჩებზე ისაუბრა:

"ვიცით, როგორ უყვარს ქართველ გულშემატკივარს კალათბურთი. როდესაც ნაკრები თბილისში თამაშობს, სპორტის სასახლე ყოველთვის გადატენილია და ათი ათასი ადამიანი ესწრება ხოლმე. მაგრამ ეს მატჩები გამონაკლისია და სამწუხაროდ, ქომაგი გვერდში ვერ დაგვიდგება.

პირველ თამაშს სერბეთის ნაკრებთან ვთამაშობთ, რომელიც საქართველოში საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით ჩამოვიდა. მაგრამ ვვარჯიშობთ, ყოველდღიურად ვემზადებით და როგორც ყოველთვის, მაქსიმუმს გავიღებთ და იმედია, ეს მატჩები ჩვენთვის კარგად ჩაივლის.

სერბეთთან ბელგრადში გამარჯვება დაუვიწყარი იყო და ამ თამაშს ჩვენც და გულშემატკივრებიც ყოველთვის გავიხსენებთ. თავიდან ძალიან ცუდად დავიწყეთ, 15 ქულასაც ვაგებდით, მაგრამ ბოლო წუთებში გადაწყდა გამარჯვებულის ბედი. ეს ყველაფერი დაუჯერებელი იყო. ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს, რომლებაც მაქსიმუმი გააკეთეს და იციან, რაოდენ მნიშვნელოვნია ეს თამაშები ჩვენთვის - მოთამაშეებისთვის, სამწვრთნელო შტაბისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. გვინდა, მოვიგოთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი".

შერმადინმა ბელგრადში ორმაგი დუბლი შეასრულა - 23 ქულა, 11 მოხსნა

გიორგი შერმადინმა გოგა ბითაძესთან ერთად თამაშის შესაძლებლობაზეც ისაუბრა. ინდიანა პეისერსის კალათბურთელი ამჯერად ნაკრებს ვერ ეხმარება.  

"გოგა ძალიან მაგარი ბიჭია, ჩვენ ერთად საქართველოს ნაკრებში უკვე გვითამაშია. მას შეუძლია სამქულიანიდან სროლაც და ძალიან ძლიერია სამწამიანში ბრძოლაშიც. რასაც ვუყურებ გოგას თამაშს NBA-ში, შეძლებისდაგვარად აკეთებს ქულებს, მოხსნებს, დაფარებებს… ყველა თამაშში ფაქტობრივად სამ-ოთხ დაფარებას აკეთებს. ევროპის ჩემპიონატზე გვეყოლება გოგოა და მერე ვნახოთ!"

შერმადინი ლიგა ენდესას თვის MVP-ად უკვე ორჯერ დაასახელეს

გიორგიმ საქართველს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი კონერ ფრენკამპიც დაახასიათა:

"ძალიან კარგი პიროვნებაა. სანამ ჩვენს ეროვნულ ნაკრებში წამოვიდოდა, ესპანეთში მის გუნდს, მურსიას ვეთამაშეთ. საოცარი მატჩი მოვუგეთ… ჩემი აზრით, დაგვეხმარება. ძალიან კარგი მსროლელია, კარგი ხელი აქვს. თანაც, მოქნილი ბიჭია, სწრაფად დარბის, სწრაფად დააქვს ბურთი და ვნახოთ".

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძლის რანგში ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვს, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპზე 4-დან 4 მატჩი მოიგო და შესაბამისად, საგზურს სპორტული პრინციპითაც მოიპოვებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები