Thumbnail

საქართველოს ნაკრების ყოფილი და ახლანდელი თავკაცების, ვლადიმირ ვაისისა და ვილი სანიოლის გზები ერთხელ გადაიკვეთა, ეს იყო 2015/16 წლების სეზონში, ევროთასებზე...

ფრანგული ბორდო ვილი სანიოლის პირველი სერიოზული გამოწვევა იყო (მანამდე იყო მხოლოდ საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრები), ექს-ბაიერნელს წარმატებული სტარტი ჰქონდა, ბორდო ლიგა 1-ში მე-6 ადგილზე გაიყვანა და ევროპალიგაზე თამაშის შანსიც გაუჩნდა. ვაისი კი უკვე გამოცდილი მწვრთნელი იყო (მან სლოვაკეთის ნაკრები ისტორიაში პირველად გაიყვანა მუნდიალზე) და ყაზახურ ქაირათში მუშაობდა. ეს გუნდები ერთმანეთს ევროპალიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფში შეხვდნენ. 

📺  სანიოლი v ვაისი. კრიველის გადამწყვეტი გოლი (2015)

ბორდო მე-3 საკვალიფიკაციო წრიდან ჩაერთო და იოლად გაიარა აეკ ლარნაკა (3:0, 1:0). ქაირათმა კი პირველი წრიდან დაიწყო, სენსაციურად დაამარცხა ცრვენა ზვეზდა (0:2, 1:2), მოუგო ალაშკერტს (3:0, 1:2) და შოტლანდიურ აბერდინს (2:1, 1:1). ასე რომ, ვერ ვიტყვით, რომ ამ დაპირისპირებაში ფრანგული კლუბი აშკარა ფავორიტი იყო. ასეც მოხდა, ვაისის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა ჯგუფური ეტაპისთვის, რომელიც საბოლოოდ მაინც სანიოლის ბორდოს დარჩა. 

პირველი მატჩი ჟირონდაში სანიოლის გუნდმა 25 ათასი მაყურებლის თვალწინ 1:0 მოიგო. გამარჯვების გოლი ტუნისელმა ვაჰბი ხაზრიმ გაიტანა, რომელიც ამჟამად სენტ ეტიენში თამაშობს. ალმათიში საპასუხო მატჩი სანიოლის გუნდისთვის ცუდად წარიმართა, პირველივე წუთზე სედრიკ იამბელემ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, 66-ე წუთზე კი ისლამბეკ კუატმა ანგარიში 2:0 გახადა. ბორდო გავარდნისგან ენცო კრიველიმ (ახლა ბაშაქშეჰირში თამაშობს) იხსნა, ცენტრფორვარდმა 76-ე წუთზე ქუსლით გაიტანა გოლი. სწორედ სტუმრად გატანილი გოლის წყალობით ბორდო ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. 

📋 მეტი ამ თემაზე

სანიოლის ბორდომ ჯგუფში (ლივერპული, სიონი და რუბინი ჰყავდა) 6 მატჩიდან 4 ფრედ ითამაშა (მათ შორის ერთი ლივერპულთან), 2 წააგო და ბოლო ადგილი დაიკავა. ასე დასრულდა ვილი სანიოლის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი საევროთასო გამოცდილება სამწვრთნელო კარიერაში. სლოვაკმა სპეციალისტმა ამის მერე ყაზახური გუნდი მხოლოდ 8-ჯერ გაიყვანა სათამაშოდ და გაუშვეს - მას კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს, ყაზახური მედია მთავარ მიზეზად ბორდოსთან მარცხს მიიჩნევდა. 

ქაირათის შემდეგ ვაისმა თვეებში საქართველოს ნაკრები ჩაიბარა, რომელსაც 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით წვრთნიდა, სანამ გუნდმა ევრო 2020-ის პლეი ოფის გადამწყვეტი ფინალი არ წააგო ჩრდილოეთ მაკედონიასთან, 3 დღეში კი ერთა ლიგის მატჩიც სომხეთთან. ვილი სანიოლის სანაკრებო კარიერა კი საქართველოს ნაკრებში 25 მარტს იწყება, შვედეთთან მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩში. 

კომენტარები

ბოლო ამბები