Thumbnail
  • ისრაელში დაგეგმილ ტურნირზე საქართველოს ნაკრების 16 წევრს ვიხილავთ
  • გასულ წელს ქართველმა ძიუდოისტებმა თელ ავივში მხოლოდ 1 მედალი მოიპოვეს

ქართველმა ძიუდოისტებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს თელ ავივში დაგეგმილ გრანდ სლემზე, რომელსაც ისრაელის ქალაქი 18-20 თებერვალს უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ მოახლოებულ ტურნირზე საქართველოს ეროვნული ნაკრების 16 ძიუდოისტი დარეგისტრირდა: 13 კაცი და 3 ქალი.

კაცთა 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე საწყის რაუნდში ბრაზილიელი ფელიპე პელიმს გაეჯიბრება, 66 კგ-ში კი 2 ქართველია: გიორგი ბაზანდარაშვილი უნგრელ დანიელ შეგედის შეხვდება და თუკი იმარჯვა, მას რუსი მურად ჩოპანოვი ელის. ამავე წონაში ბაგრატ ნინიაშვილი შეჯიბრში პირდაპირ მე-2 რაუნდიდან ჩაებმება და ძალებს უზბეკ მუხრიდინ ტილოვოვთან მოსინჯავს.

შარშან თელ ავივში კვარცხლბეკზე ასვლა მხოლოდ ლუკა მაისურაძემ მოახერხა

73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ნუგზარ ტატალაშვილი ასევე მე-2 წრეში გერმანელ ლუკას ვენეკოლდს გაეჯიბრება, ხოლო ლაშა შავდათუაშვილი ებრაელ იონათან ელბაზსა და შვეიცარიელ ნილს სტამპის შეხვედრაში უმჯობესს ელის. 81 კგ-ში ვლადიმერ ახალკაცი პირველ რაუნდში ხორვატ დომინიკ დრუზეტას შეხვდება, ლუკა მაისურაძე კი მე-2 წრეში ტაჯიკ აკმალ მუროდოვსა და გერმანელ ალექსანდერ ვიეჩერზაკს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი მე-2 რაუნდში ყირგიზ ერლან შეროვს გაეჯიბრება, ხოლო ლაშა ბექაური – ებრაელ ბენ ტენენბაუმს. საინტერესოა, რომ შესაძლოა, ქართველი ძიუდოისტების გზები ნახევარფინალში გადაიკვეთოს, რადგანაც ისინი ბადის ერთ მხარეს არიან. ვთქვათ ისიც, რომ ამ წონაში პირველ ნომრად ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილია განთესილი.

100 კგ-ში ონისე სანებლიძე მე-2 წრეში ძალებს სერბ ალეკსანდარ კუკოლთან მოსინჯავს, ილია სულამანიძის მოწინააღმდეგ კი ბულგარელი დანიელ დიჩევი იქნება. მძიმე წონით კატეგორიაში (+100 კგ.) ასევე ნახევარფინალში შესაძლოა შეხვდნენ ერთმანეთს გურამ თუშიშვილი და გელა ზაალიშვილი. თუშიშვილი მე-2 რაუნდში სლოვენიელ ვიტო დრაგიჩსა და ებრაელ ევგენი შმაჩილინს შორის უმჯობესს ელის, ხოლო ზაალიშვილი პირველ წრეში უნგრელ რიჩარდ სიპოჩს გაეჯიბრება.

ქალებში საქართველოს ნაკრებს 2 წარმომადგენელი ჰყავს 52 კგ-ში, სადაც მარიამ ჯანაშვილი რუს ალესია კუზნეცოვას შეხვდება, ხოლო ტატიანა ლევიცკა-შუკვანი – ებრაელ გილი კოენს. 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი საწყის რაუნდში რუს დიანა დჟიგაროსს დაუპირისპირდება.

ბოლო მონაცემებით, თელ ავივის გრანდ სლემზე 60 ქვეყნის წარმომადგენელ 422 ძიუდოისტს (248 კაცი+174 ქალი) ვიხილავთ, შეჯიბრების განრიგი კი ასე გამოიყურება: 18 თებერვალი – კაცები (60, 66 კგ.), ქალები (48, 52, 57 კგ.); 19 თებერვალი – კაცები (73, 81 კგ.), ქალები – (63, 70 კგ.); 20 თებერვალი – კაცები (90, 100, +100 კგ.), ქალები – (78, +78 კგ.). წინასწარი ეტაპის შეხვედრები დასაწყისი 18 თებერვალს 11:30 საათზე, 19 და 20 თებერვალს – 12:30 საათზე, ფინალური ბლოკის დასაწყისი სამივე დღეს 19:00 საათზე. ვთქვათ ისიც, რომ ფინალური ბლოკებს სამივე დღეს "სილკ სპორტ 2" გეგმავს.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ შარშან თელ ავივის ძიუდოს ტურნირი გრან პრის სტატუსს ატარებდა და მასზე ძალები 9 ქართველმა ძიუდოისტმა სცადა, თუმცა, აქტივში მხოლოდ 1 მედალი გვქონდა. 81 კგ-ში ბრინჯაოს ლუკა მაისურაძე დაეუფლა. მან მეოთხედფინალში ბერძენ ალექსიოს ნტანაციდისთან წააგო, რეპეშაჟში კი რუსი ტურპალ ტეპკაევი და თურქეთის სახელით მოჭიდავე ვანო რევაზაშვილი, იგივე ვედათ ალბაიარაქი დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები