Thumbnail
  • რაფაელ ნადალი 6:3, 6:2, 6:7 (4:7), 4:6, 5:7 სტეფანოს ციციპასი
  • ესპანელს ზედიზედ 35 სეტი ჰქონდა მოგებული
  • რაფამ როჯერ ფედერერის რეკორდი ვერ მოხსნა

რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობაზე მეოთხედფინალში ისე გავიდა, რომ ერთი სეტიც კი არ წაუგია, ახლა კი არა მარტო სეტი, არამედ თამაშიც წააგო და წლის პირველ დიდ სლემს დაემშვიდობა!

ესპანელი სუპერვარსკვლავი ბერძენ სტეფანოს ციციპასთან დრამატულ, ‘ჰეროიკულ’ ბრძოლაში დამარცხდა და რეკორდსმენთა სათავეში როჯერ ფედერერის გადასწრებისა და ერთპიროვნულად გალიდერების შანსი გაუშვა ხელიდან (დიდი სლემი ორივეს 20-20-ჯერ აქვს მოგებული). 34 წლის ნადალი ციციპასთან 6:3, 6:2, 6:7 (4:7), 4:6, 5:7 დამარცხდა. როგორც ხედავთ, პირველი ორი სეტი რაფამ მოიგო, მერე კი ბერძენმა თამაში თავის სასარგებლოდ შეატრიალა. მატჩი 4 საათი გაგრძელდა და ციციპასმა თავისი მესამე მატჩპოინტი გამოიყენა.

4-საათიანი თრილერი სტეფანოს ციციპასმა მოიგო

ციციპასი, რომელიც ახლა მსოფლიოს მე-6 ჩოგანია, დიდი სლემის ნახევარფინალში მესამედ გავიდა. ერთი გამარჯვებაც და ATP-ის 2019 წლის ჩემპიონი დიდი სლემის პირველ ფინალს ითამაშებს. ის ნახევარფინალში რუს დანიილ მედვედევს დაუპირისპირდება, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და 19-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

ნადალმა ციციპასთან წაგებით ფედერერის კიდევ ერთი რეკორდი ვერ მოხსნა. ტაიბრეიკის წაგებამდე რაფას დიდი სლემის ტურნირებზე ზედიზედ 35 სეტი ჰქონდა მოგებული. ფედერერმა 2006 წლის აშშ-ის ღია პირველობის ფინალიდან 2007 წლის როლან გაროსის მეოთხედფინალამდე ზედიზედ 36 სეტი მოიგო.

სტეფანოს ციციპასისა და რაფაელ ნადალის დრამატული თამაშის მიმოხილვას ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები