Thumbnail

სერბეთის საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ თავდაპირველ შემადგენლობაში დასახელებული 2 მთავარი ვარსკვლავის გარეშე ითამაშებს. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სერბების დამრიგებელმა იგორ კოკოშკოვმა 19 თებერვალს თბილისში დაგეგმილი შეხვედრისთვის 15 მოთამაშე შეარჩია.

“ვასილიე მიციჩი და მარკო გუდურიჩი ეროვნულ ნაკრებს მოგვიანებით შეურთდებიან, კონკრეტულად კი, კვირას, შვეიცარიასთან მატჩის წინ”, - ვკითხულობთ სერბეთის კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე და ეს, ქართველი ქომაგებისთვის უდავოდ სასიამოვნო ინფორმაცია უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ კოკოშკოვი ყველანაირად ცდილობდა ხსენებული კალათბურთელები თავიდანვე მის განკარგულებაში ყოფილიყვნენ, თუმცა, როგორც სჩანს, თავისი ვერ გაიტანა. საინტერესო ისაა, რომ 25 წლის გუდურიჩი (საშუალოდ 12.2 ქულა, 4.0 მოხსნა, 3.4 პასი ევროლიგაში) სწორედ იმ ფენერბაჰჩეს წევრია, რომელსაც სერბი სპეციალისტი წვრთნის, 27 წლის მიციჩი (საშუალოდ 15.5 ქულა, 5.0 პასი) კი სტამბოლშივე, ანადოლუ ეფესის ღირსებას იცავს. ცნობისთვის, ევროლიგის ეგიდით, ანადოლუ ეფესი 18 თებერვალს პირეოსის ოლიმპიაკოსს უმასპინძლებს, ფენერბაჰჩე კი სულაც 19-ში მიიღებს ბერლინის ალბას, ამდენად, თურქული კლუბების პრინციპული პოზიცია სრულიად გასაგებია.

მარკო გუდურიჩი და ვასილიე მიციჩი თბილისში მხოლოდ საკვირაო მატჩისთვის ჩამოვლენ

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებმა მიმდინარე ციკლში ერთხელ უკვე ითამაშეს და გასული წლის თებერვალში ბელგრადში გამართულ მატჩში ილიას ზუროსის შეგირდებმა 94:90 მოიგეს. მაშინ შეხვედრის გმირი თად მაკფადენი გახდა, რომელმაც 33 ქულა ჩააგდო, გიორგი შერმადინმა კი 23 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძლის რანგში ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვს, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპზე 4-დან 4 გამარჯვება მოიპოვა და საგზურს სპორტული პრინციპითაც მოიპოვებდა. თავის მხრივ, სერბეთს 2-2 მოგება-წაგება გააჩნია და მთავარი მიზანი ჯერაც გადასაწყვეტი აქვს. თბილისში დაგეგმილი E ჯგუფის "ბაბლის" ეგიდით, 19 თებერვალს საქართველოს სერბეთს დაუხვდება, ხოლო ფინეთი შვეიცარიას ეთამაშება. 21 თებერვლის კალენდარი ასეთია: სერბეთი-შვეიცარია, საქართველო-ფინეთი.

სერბეთის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან

ოგნიენ იარამაზი, ნემანია დანგუბიჩი (ორივე – პარტიზანი), ნიკოლა რებიჩი (ნანტერი, საფრანგეთი), ნემანია ნენადიჩი, მარკო რადოვანოვიჩი, სტეფან ჯორჯევიჩი (ყველა – FMP), ალეკსა ავრამოვიჩი (ესტუდიანტესი, ესპანეთი), დანილო ანჯუშიჩი, ლუკა ასჩერიჩი (ორივე – ბურჟი, საფრანგეთი), მარკო ლუკოვიჩი (სპლიტი, ხორვატია), დალიბორ ილიჩი (იგოკეა, ბოსნია-ჰერცეგოვინა), მიროსლავ რადულიცა (ზეჟიანგი, ჩინეთი), ფილიპ პეტრუშევი (მეგა), დრაგან აპიჩი (ბუდუჩნოსტი, მონტენეგრო), ბორისა სიმანიჩი (ცრვენა ზვეზდა).

კომენტარები

ბოლო ამბები