Thumbnail
  • ბარსელონა გრანდების წინააღმდეგ სტაბილურად უშანსოდაა
  • როცა ბარსას ბურთის ფლობა 60 პროცენტზე ნაკლებია, დაცვას ძალიან უჭირს
  • პსჟ-მ გადამწყვეტი უპირატესობა მოედნის ცენტრში მოიპოვა
  • პარიზელები მარცხნიდან უტევდნენ, კუმანის შეცდომების გამო ეს ფლანგი გაირღვა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის მთავარი დაპირისპირების ბედი, ფაქტობრივად, პირველსავე შეხვედრაში გადაწყდა. ბარსელონა პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ უშანსოდ აღმოჩნდა და მორიგი ფიასკო განიცადა. როგორ და რატომ მოუგო პსჟ-მ ბარსელონას - ხუთი ძირითადი მიზეზი პოპსპორტის სტატიაში.

ბარსას გრანდებთან თამაში არ აქვს

გუშინ კამერებმა პიკეს და გრიზმანის დიალოგი დაიჭირეს. ვეტერანი ფრანგ შემტევს ეჩხუბებოდა. შეურაცხყოფის მიღმა პიკეს სიტყვებში საინტერესო აზრი იკვეთებოდა: ‘ბურთი დაიჭირე, ნუ კარგავ, ამოგვასუთქე’ - ასეთი იყო პიკეს გზავნილი.

თამაშის წინ სპეციალისტები თითქოს უფრო ბარსელონას უპირატესობაზე საუბრობდნენ, რაც უცნაურია. მარტივ სტატისტიკას და შედეგებს გადახედეთ: ბარსას ‘ანგარიშზე’ ბოლო წლებში არის: ბაიერნთან 2:8, ლივერპულთან 0:4, რომასთან 0:3; პსჟ-სთან 0:4 და ორჯერ იუვენტუსთან 0:3. წელს ამას პარიზელებთან საშინაო 1:4-იც დაემატა. დასკვნა მარტივია: ბარსელონა ბოლო წლებში ევროპული გრანდების წინააღმდეგ უშანსოდ აგებს და არ შეიძლება, რომელიმე გრანდთან ფავორიტად მიიჩნეოდეს.

ამას ბევრი მიზეზი აქვს, თუმცა ერთ-ერთი სწორედ პიკეს სიტყვებშია დამალული. წლების მანძილზე, ბარსას ფეხბურთი დოგმატური იყო - ეფექტიან პრესინგსა და ბურთის დიდხანს ფლობას ეფუძნებოდა. ბურთის ფლობა ბარსასთვის თავდაცვის იარაღიცაა. როცა ბურთი შენ გაქვს, ვერ გაგიტანენ - დაახლოებით ასე ჟღერდა ბარსელონას დაცვითი კრედო. ანუ, კატალონიური გრანდი თავს კომფორტულად მაშინ გრძნობს, როცა ბურთი 65-70 პროცენტის ფარგლებში უჭირავს და თამაშის დიდი ნაწილი მეტოქის ნახევარზეა. ბარსას დაცვა წნეხის ქვეშ თამაშს მიჩვეული უბრალოდ არ არის. ამ კომპონენტში ის ევროპული ფეხბურთის აუტსაიდერებზე ცუდად გამოიყურება. როგორც კი ბოლო წლებში ბარსას პრესინგის და ბურთის ფლობის მაჩვენებელმა დაიწია და გუნდის დაცვაზე ზეწოლა გაიზარდა, აღმოჩნდა, რომ კატალონელები სტაბილურად უშვებენ თამაშში 3-4 გოლს მაინც.

ვერავინ იტყვის, რომ პსჟ ძალიან დიდი ძალებით უტევდა, თუმცა ეს პიკესა და ბარსას დაცვისთვის უკვე დიდი წნეხი იყო. ბარსას ფლობაში უპირატესობა თითქმის არ ჰქონია - საბოლოოდ 51:49-ზე განაწილდა ბურთის ფლობის პროცენტი. თამაშის დიდი ნაწილი ბარსას სწორედ თავის ნახევარზე მოუწია ყოფნა და  ეს ოთხი გაშვებული ბურთით დასრულდა.

წაგებული ცენტრი

მატჩის შემდეგ, მბაპეს ჰეთთრიკის მიუხედავად, პოჩეტინომ ყურადღება მარკო ვერატიზე გაამახვილა. არც შემცდარა: ტაქტიკური კუთხით ვერატი პსჟ-სთვის გადამწყვეტი ფეხბურთელი იყო. ის პარედესის და გიე-ერერას წინ განლაგდა და პსჟ-ს მთელ თამაშს უძღვებოდა. ვერატი-პარედესის დუეტი ძალიან კარგად ახერხებდა ბურთის დაცვიდან შეტევაში გადატანას და ბარსას პრესინგის მცდელობების უშედეგოდ დატოვებას.

ძალიან კარგი იყო მარკინიოსი, რომელიც პარიზელთა შეტევებს იწყებდა და პოზიციური შეტევების დროს შუა ხაზს ეხმარებოდა. პარედესმა 73 გადაცემა შეასრულა და ზუსტი პასების 93 პროცენტი ჰქონდა, მარკინიოსმა - 70 პასი ზუსტი პასების 95 პროცენტით, ვერატიმ კი - 63 პასი ზუსტი პასების 90 პროცენტით.

როცა სამი ასეთი მოთამაშე გყავს, რომელიც ბურთს ძალიან კარგად ათამაშებს და მას თითქმის არ კარგავს, მეტოქეს პრესინგიც შანსი არ აქვს.

შედარებისთვის, სერხიო ბუსკეტსს მხოლოდ 48 გადაცემა ჰქონდა, დე იონგს - 40, პედრის კი - 23.

პარედესის ჩაწოდება და კინის გოლი

ვერატის და პარედესის ანგარიშზე საგოლე გადაცემებიც არის. გარდა ამისა, სწორედ პარედესმა დაიწყო პარიზელთა მეორე საგოლე შეტევაც. მოკლედ, კატალონელებს, რომელთა თამაშიც მოედნის ცენტრში უპირატესობაზე დგას, ამ კლასის ფეხბურთელები უბრალოდ არ ჰყავდათ. ბარსამ ჯერ ცენტრი წააგო, მერე კი დაცვაშიც უშანსოდ დარჩა.

გადამწყვეტი ფლანგი და კუმანის შეცდომები

პარიზელთა შეტევების 45 პროცენტი მარცხენა ფლანგიდან წარიმართა (ცენტრიდან - 31, მარჯვნიდან კი მხოლოდ - 24). მბაპეს ფაქტორის გარდა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარცხნიდან ძალიან კარგად ერთვება შეტევაში კურზავა. ცენტრიდან ამ ფლანგზე გადმოსვლა უყვარს მარკო ვერატის.

ბარსას თავისი დაცვის მარჯვენა ფლანგზე დესტი ჰყავდა და თეორიაში, მას დემბელე უნდა დახმარებოდა. უცნობია, რატომ გადაწყვიტა კუმანმა პსჟ-ს ძალიან აგრესიული ფლანგის წინააღმდეგ დემბელეს გამოყენება, რომელსაც დაცვითი ამოცანები არასოდეს ეხერხებოდა.

დემბელემ ფლანგი დაკარგა - კურზავას სივრცე თავისუფალი აქვს

პირველ ტაიმში კურზავა სისტემატიურად რჩებოდა მარტო - დესტი აგრესიულად თამაშს ერიდებოდა და ცენტრისკენ შედიოდა, რათა დაზღვევა ჰქონოდა, დემბელეს კურზავა ავიწყდებოდა. პირველი გოლიც ასე გავიდა. სანამ ვერატიმ მბაპე მოძებნა საჯარიმოში, მარკინიოსმა უყურადღებოდ დარჩენილი კურზავა იპოვა მარცხენა ფლანგზე.

პარიზელთა პირველი გოლიც ამ შეცდომას მოყვა

მეორე ტაიმში კუმანმა დემბელე მცველების ხაზზე დაწია. და ბარსას დაცვა ხაზზე ხუთი კაცით განლაგდა. ამან ვერც დაცვას უშველა მაინცდამაინც და ბარსას შეტევაში კიდევ ერთი კაცი დააკლდა.

დემბელე მეორე ტაიმში მცველების ხაზზე დგას - ბარსას მთელი გუნდი დაცვით პოზიციაშია

საპირიპიროდ, ანალოგიურ როლში ძალიან კარგად გამოიყურება მოიზე კინი. ის ბარსას შემტევი მარცხენა ფლანგის და ალბას წინააღმდეგ იდგა, ძალიან კარგად ეხმარებოდა დაცვას და გოლიც გაიტანა. ბარსელონას კარში გოლების 24 პროცენტი სწორედ სტანდარტებიდან გადის. პსჟ-მაც ეს სათავისოდ გამოიყენა.

სტერილური შეტევა

დემბელეს ფაქტორმა ის განაპირობა, რომ მეორე ტაიმში შეტევაში ბარსელონა მხოლოდ მესის ჯადოქრობის იმედად იყო. დემბელეს და გრიზმანს ძალიან უკან უწვედათ თამაში. ბარსას შუა ხაზიდან შეტევაში ჩართვა მხოლოდ პედრის ეხერხება, ისიც მეტ-ნაკლებად. გამოვიდა, რომ კუმანის 4-3-3 მესის შეტევაში იზოლაციურ პოზიციაში ტოვებდა.

ამ კუთხით, როდესაც მეტოქეს აგრესიული განაპირა მცველები ჰყავდა ხოლმე, ვალვერდე 4-4-2-ით თამაშობდა და მეტოქის შემტევი ფლანგის წინააღმდეგ არტურო ვიდალს აყენებდა. იდეალური სცენარი არც ეს იყო, თუმცა უფრო ეფექტიანად გამოიყურებოდა, ვიდრე კუმანის გუშინდელი სტრატეგია.

ამ შემთხვევაში, შეტევაში ორი მოთამაშე მაინც რჩებოდა. გუშინდელ თამაშში კი ბარსას შეტევა სტერლური იყო. სუარესის ნაადრევ გაშვებას კატალონელები ალბათ კიდევ ბევრჯერ ინანებენ.

კრიზისული გუნდი

ბარსას ამ ფორმაციის გუნდი თავის არსებობას ასრულებს. გუნდს, რომელსაც დროებითი მენეჯმენტი და წამსვლელი მწვრთნელი ჰყავს, ბევრს ვერ მოსთხოვ. კლუბში კრიზისული სიტუაცია მოედანზეც აისახება. პსჟ უფრო დინამიური, შეკრული და მონდომებული იყო. ბარსამ ბრძოლასა და მონდომებაშიც წააგო.

ეს სეზონი თავიდანვე ჩაგდებული ჩანდა. ბარსელონამ ახალი სიცოცხლე ახალ მენეჯმენტთან ერთად უნდა დაიწყოს. რამდენად ხანგრძლივი და მტკივნეული იქნება თაობათა ცვლის პროცესი და ახალი დომინანტი გუნდის შექმნა, ამას შემდეგ სეზონებში ვნახავთ. ცუდი ის არის, რომ ამ გამოწვევას კატალონელები ფინანსური კრიზისით და კლუბში ქაოსით ხვდებიან, რაც პრობლემების სწრაფად მოგვარებას ხელს არ შეუწყობს.

კომენტარები

ბოლო ამბები