- ბარსელონა 1:4 პსჟ
- კილიან მბაპემ ტერ შტეგენის კარში ჰეთ თრიკი შეასრულა
- საპასუხო მატჩი 10 მარტს პარიზში 'პარკ დე პრენსზე' გაიმართება
- ცივსისხლიანი ლივერპული - ლაიპციგს შანსი თითქმის არ დარჩა
ზამთრის პაუზის შემდეგ განახლდა საერთაშორისო საკლუბო ტურნირები ევროპაში - ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში ბარსელონამ "კამპ ნოუზე" პარი სენ-ჟერმენს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა - 1:4.
რონალდ კუმანს ტრავმების გამო კოუტინიო, ფატი და სერხი რობერტო დააკლდნენ, ხოლო მაურისიო პოჩეტინოს დანაკლისი უფრო დიდი იყო - ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ვერ ითამაშა ნეიმარმა, ტრავმის გამო გამოტოვა თამაში ექსრეალელმა დი მარიამაც. პსჟ-ს ესპანელი ბერნატი და ფრანგი დაგბაც აკლდა.
📺 ბარსელონა v პსჟ [მიმოხილვა]
27-ე წუთზე კურზავამ დე იონგთან იუხეშა და ლიონელ მესიმ პენალტით გახსნა ანგარიში. პსჟ-მ 5 წუთში უპასუხა ბარსას - შესანიშნავი კომბინაცია ვერატის ასისტით და კილიან მბაპეს გოლით დასრულდა. მეორე ტაიმში გამოჩნდა, რომ პსჟ უკეთ თამაშობდა - სტუმართა უპირატესობა 65-ე წუთზე მბაპეს ლოგიკური გოლით დასრულდა. ხუთ წუთში პარედესის ჩაწოდების შემდეგ გოლი მოიზე კინმა გაიტანა. მატჩის მიწურულს იულიან დრაქსლერმა ბარსა კონტრშეტევაზე დაიჭირა და მბაპეს ჰეთ თრიკი შეასრულებინა - 1:4.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი პარიზში 10 მარტს "პარკ დე პრენსზე" გაიმართება. 2017 წლის მარტში ბარსელონამ "კამპ ნოუზე" პსჟ-ს 6:1 მოუგო და ორი მატჩის ჯამში 6:5 მეოთხედფინალში გავიდა.
საინტერესო ფაქტები
📌 22 წლის კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე თავისი 22-ე, 23-ე და 24-ე გოლები გაიტანა.
📌 ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-17 სეზონში გაიტანა, რითაც რაულის რეკორდი გაიომეორა.
📌 პენალტი პსჟ-ს კარში ლიონელ მესის მე-20 გოლი იყო ამ სეზონში (ყველა შეჯიბრება).
📌 ლიგის პლეი ოფის ეტაპზე მბაპემ ფრანგ გოლეადორებში ზინედინ ზიდანს (8) გადაუსწრო - 10 გოლი. მას მხოლოდ ქარიმ ბენზემა (18) და ტიერი ანრი (12) უსწრებენ.
📌 ზედიზედ 20 მატჩია, რაც პსჟ სტუმრად გოლს იტანს (ჩემპიონთა ლიგა).
📌 მბაპეს პსჟ-ს მაისურით 111 გოლი აქვს გატანილი - ის კლუბის ისტორიაში მე-3 ადგილზე გადავიდა (პაულეტას გაუსწრო). წინ მხოლოდ ედინსონ კავანი (200) და ზლატან იბრაჰიმოვიჩია (156).
📌 კილიან მბაპე მხოლოდ მე-3 ფეხბურთელია, ვინც ბარსელონას ლიგაზე ჰეთ თრიკი შეუსრულა ფაუსტინო ასპრილიასა და ანდრეი შევჩენკოს (1997 წ) შემდეგ. თუმცა პირველმა მოახერხა ეს პლეი ოფში.
ბარსელონა 1:4 პსჟ
გოლები: 1:0 მესი (27-პენალტი), 1:1 მბაპე (32), 1:2 მბაპე (65), 1:3 კინი (70), 1:4 მბაპე (85)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დესტი (71. მინგესა), პიკე (79. პუჩი), ლონგლე, ალბა - დე იონგი, ბუსკეტსი (79. პიანიჩი), პედრი (79. ტრინკაო) - გრიზმანი (85. ბრაიტვაიტი), მესი, დემბელე
პარი სენ-ჟერმენი (4-2-3-1): ნავასი - ფლორენცი (89. კერერი), მარკინიოსი, კიმპემბე, კურზავა - პარედესი, გიე (46. ანდერ ერერა) - კინი (85. დანილო), ვერატი (73. დრაქსლერი), მბაპე - იკარდი
კომენტარები