Thumbnail

ცივსისხლიანი ლივერპული - ლაიპციგს შანსი თითქმის არ დარჩა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჩემპიონთა ლიგა ორთვიანი პაუზის შემდეგ მერვედფინალური ეტაპით განახლდა. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ლაიპციგმა მასპინძლის სტატუსით ინგლისურ ლივერპულს უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში იურგენ კლოპის გუნდი თავის თავს არ ჰგავდა, "წითლებმა" ორრაუნდიან ბრძოლაში პრაქტიკულად ყველაფერს წერტილი დაუსვეს.

ლივერპული ამ შეხვედრას პრემიერლიგაში ზედიზედ 3 წაგებით შეხვდა და რასაკვირველია, ასეთი ცუდი სერიის ფონზე ბევრი ფიქრობდა, რომ ლაიპციგს დიდი შანსი ექნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მეორე მხრივ, ნათელია, რომ რა ცუდ ფორმაშიც არ უნდა იყოს კლოპის გუნდი, ერთი კონკრეტული მატჩის უნაკლოდ ჩატარება ნებისმიერ დროს შეუძლია და "პუშკაშ არენაზე" სწორედ მსგავს შემთხვევასთან გვქონდა საქმე.

ლივერპულმა იულიან ნაგელსმანის ლაიპციგს უშანსოდ, 2:0 აჯობა და საპასუხო თამაში პრაქტიკულად ფორმალობად აქცია. ორივე გოლი სტუმრებმა მე-2 ტაიმში გაიტანეს და ორივე დასაწყისში, 5-წუთიან ინტერვალში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლივერპულის გოლები უფრო გერმანელი მცველების საშინელი თამაშის ნაყოფი იყო, ვიდრე კლოპის შეგირდების გააზრებული კომბინაციის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ შეცდომებს გამოყენება უნდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ლივერპულელებმა გადამწყვეტ მომენტში ცივსისხლიანობა გამოავლინეს და მეტოქეს არცერთი შეცდომა არ აპატიეს.

ანგარიში 53-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა გახსნა, რომელიც მეკარესთან პირისპირ მას შემდეგ დარჩა, რაც ლაიპციგის მცველებმა მოედნის საკუთარ საჯარიმოსთან ზუსტი პასი ვერ გააკეთეს. 5 წუთში დაახლოებით იგივე მოხდა, ამჯერად სადიო მანე გაექცათ და სენეგალელმა წერტილი დასვა. ამგვარად, ლივერპულმა ენფილდური მატჩის წინ, რომელიც 11 მარტს გაიმართება, სერიოზული ჰანდიკაპი მოიპოვა და ძნელი სათქმელია, ლაიპციგს რა შანსი დაუტოვა.

ლაიპციგი 0:2 ლივერპული

გოლები: 0:1 სალაჰი (53), 0:2 მანე (58)

ლაიპციგი (3-5-2): გულაში - მუკიელე (64. ორბანი), უპამეკანო, კლოსტერმანი - ადამსი, ჰაიდარა (64. პოულსენი), კამპლი (73. ჰი-ჩანი), ზაბიტცერი, ანხელინიო - დანი ოლმო, ნკუნკუ

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, კაბაკი, ჰენდერსონი, რობერტსონი - ტიაგო ალკანტარა (72. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), ვეინალდუმი, ჯონსი - სალაჰი (90. უილიამსი), ფირმინო (72. შაქირი), მანე

 

კომენტარები

ბოლო ამბები