Thumbnail
  • პარალიმნი 1:2 ანორთოსისი
  • თორნიკე ოქრიაშვილმა 3-თვიანი პაუზის შემდეგ გაიტანა

კვიპროსის პირველი დივიზიონის 25-ე ტურში ფამაგუსტას ანორთოსისმა სტუმრად პარალიმნი 2:1 დაამარცხა და მატჩის გმირი თორნიკე ოქრიაშვილი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა. ქართველმა შემტევმა ფამაგუსტელთა ძირითად შემადგენლობაში ზუსტად 100 დღის შემდეგ ითამაშა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში დაეხმარა.

"ოქრიმ" ანგარიში 28-ე წუთზე პენალტით გახსნა, რასაც მასპინძლებმა პირველი ტაიმის ბოლოს უპასუხეს, ხოლო 58-ე წუთზე თორნიკემ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. თემურ ქეცბაიამ ოქრიაშვილი, რომელიც სერიოზული ტრავმის შემდეგ ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა, 76-ე წუთზე შეცვალა, გიორგი ქვილითაიამ მე-80 წუთამდე ითამაშა, გიორგი ლორია მოედანზე 90 წუთი იყო, ხოლო ბუბა დაუშვილმა წინა ტურში ცხვირი დაიზიანა და ამის გამო ამჯერად არ უთამაშია. წაგებულთა რიგებში სათადარიგო იყო ირაკლი მაისურაძე.

ოქრიაშვილმა 100 დღის შემდეგ ძირითადში პირველად ითამაშა

აღსანიშნავია, რომ მატჩის დასაწყისში ოქრიაშვილი და ქვილითაია ძალიან აქტიურები იყვნენ და ორივეს ორ-ორი რეალური საგოლე შანსი ჰქონდათ, მაგრამ პარალიმნის მეკარე შესანიშნავი იყო. 29 წლის ოქრიაშვილს კვიპროსის ჩემპიონატში 10 მატჩში 6 გოლი დაუგროვდა. თემურ ქეცბაია ერთ-ერთ მომენტში გაბრაზდა და მიკროფონი დააზიანა, თუმცა მატჩისშემდგომ პრესკონფერნეციაზე გამარჯვებით უკვე კმაყოფილი ჩანდა:

"ვულოცავ ჩემს გუნდს. რთული თამაში მოვიგეთ და რაც მთავარია, კარგი ფეხბურთით მოვიგეთ. რამდენიმე საგოლე მომენტი შევქმენით. შეგვეძლო პირველ ტაიმში თამაში დაგვესრულებინა, მაგრამ სამწუხაროდ აშკარა საგოლე მომეტების გამოყენება ვერ მოვახერხეთ. კარგი, ყველაფერი კარგია. მოვიგეთ და ახლა მომდევნო მატჩზე ფიქრს დავიწყებთ", - თქვა ქეცბაიამ თამაშის შემდეგ.

ანორთოსისს 25 ტურის თავზე 48 ქულით მე-4 ადგილი უკავია და ლიდერ ნიქოზიის ომონიას 5 ქულით ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი თემურ ქეცბაიას გუნდი 20 თებერვალს, დოქსას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები