Thumbnail

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში გერმანელი ალექსანდერ ზვერევი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. სერბმა 4-სეტიანი მატჩი სამსაათნახევარში, 6:7 (6:8), 6:2, 6:4, 7:6 (8:6) მოიგო.

იყო მომენტები, როდესაც ზვერევი დომინირებდა, მაგრამ მატჩის გადამწყვეტ ფაზებში ჯოკოვიჩი საგრძნობლად უკეთესი იყო, რამაც იქონია კიდეც თამაშზე გადამწყვეტი გავლენა. ნოლე ნახევარფინალში რუს ასლან კარაცევს შეხვდება, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის აღმოჩენაა და საკვალიფიკაციო ეტაპიდან სენსაციურად გავიდა ნახევარფინალში.

ზვერევისთვის ეს მე-9 მცდელობა იყო, დიდი სლემის ტურნირზე ტოპ 10-ის წარმომადგენელი ჩოგბურთელი დაემარცხებინა. შარშან მან მელბურნში ნახევარფინალში ითამაშა, აშშ-ის ღია პირველობაზე კი პირველად გავიდა დიდი სლემის ფინალში, სადაც ავსტრიელ დომინიკ ტიმთან დამარცხდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი კი დიდი სლემის ტურნირზე მე-18 ტრიუმფს უმიზნებს. მისი მიზანია, რომ როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის რეკორდი (დიდი სლემის ტურნირები მათ 20-20-ჯერ აქვთ მოგებული) გაიმეოროს და გააუმჯობესოს. შეგახსენებთ, რომ ნადალი მეოთხედფინალში სტეფანოს ციციპასს ხვდება - მატჩი 17 თებერვალს გაიმართება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები