Thumbnail
  • 📅 16 თებერვალი | ⌚ 23:55 | ⚽ ბარსელონა V პსჟ
  • ნეიმარის არყოფნა ბარსას უპირატესობას ანიჭებს
  • პარი სენ-ჟერმენი ნოუ კამპზე ალბათ არ გარისკავს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

როგორც იქნა! ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. მართალია, მაყურებლების გარეშე, მაგრამ მაინც: უმაღლესი კლასის ფეხბურთით ვისიამოვნებთ.

მერვედფინალური ეტაპის პირველსავე სათამაშო დღეს აბსოლუტური ტოპ-მატჩია: ბარსელონა პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ! კატალონიურ გრანდს მენეჯმენტსა და ფინანსებში დიდი პრობლემები აქვს და ვერც ლა ლიგაში გამოიყურება ისე, როგორც აბსოლუტურ ტოპ-კლუბს შეეფერება. კატალონიელები ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერ ატლეტიკოს 8 ქულით ჩამორჩებიან. შესაბამისად, ლიონელ მესი და კომპანია ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტებად არ მიიჩნევიან, მაგრამ ეს ბარსაა, სადაც მესი თამაშობს და ამით იმაზე მეტია ნათქვამი, ვიდრე ნებისმიერი ექსპერტის მოსაზრება ფავორიტების შესახებ.

პარი სენ-ჟერმენს მაურისიო პოჩეტინოს სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და მის ხელში შედეგები საგრძნობლად გააუმჯობესა. პოჩეტინოს ხელმძღვანელობით პარიზელებმა იანვრიდან 10 ოფიციალური მატჩი გამართეს, 8 მოიგეს, 1 ფრე ითამაშეს და მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ.

ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში პარიზულ გრანდს ნეიმარი აკლია. ისევ! ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ტრავმირებულია. მისი არყოფნის გამო, პსჟ ალბათ ნაკლებად ეცდება ‘ნოუ კამპზე’ დომინირებას, ნაკლებად გარისკავს და უფრო მომლოდინე, ბარსას შეცდომებზე ორიენტირებულ ფეხბურთს ითამაშებს.

ნეიმარი მნიშვნელოვან მატჩს ისევ გამოტოვებს

ბარსელონა მერვედფინალში ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა - მართალია, იმდენი ქულა დააგროვა, რამდენიც იუვენტუსმა, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში ტურინელებს ჰქონდათ უპირატესობა - ტურინში ბარსამ 2:0 მოიგო, მაგრამ ‘ნოუ კამპზე’ 0:3 დამარცხდა). ახლახან, სევილიასთან თასიდან გავარდნის შემდეგ, ბარსელონამ ალავესი 5:1 გაანადგურა და პსჟ-სთან მატჩის წინ კარგ ხასიათზეა. ნეიმარის არყოფნა რონალდ კუმანის გუნდს უპირატესობას ანიჭებს, თუმცა ფაქტია, რომ თანაბარი დუელები გველოდება და ამ წყვილში გამარჯვებულის ბედს, სავარაუდოდ, მცირე დეტალები გადაწყვეტს. აქვე ვთქვათ, რომ ტრავმების გამო კუმანს კოუტინიო, ფატი, სერხი რობერტო, პიკე, არაუხო და ბრაიტვაიტი არ ეყოლება.

ზედიზედ 4 ოფიციალური თამაშის და პოჩეტინოს ხელში უაღრესად დადებითი ბალანსის გამო თამამად შეიძლება ითქვას, რომ პსჟ კარგ ფორმაშია. უკეთესად გამოირება დაცვაც: პარიზულმა გრანდმა ბოლო 4 მატჩში მხოლოდ 1 ბურთი გაუშვა. მართალია, პოჩეტინოს გუნდი დიდად დამოკიდებულია ნეიმარზე, მაგრამ პსჟ-ს მის გარეშეც ძალიან კარგი გუნდი ჰყავს - ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კილიან მბაპეზე და მაურო იკარდიზეც, რომელიც ყველა ლოგიკით ძირითადში უნდა იყოს.

0:4 და 6:1 ყველას ახსოვს

თითქმის ზუსტად 4 წლის წინანდელი ამბავია, მაგრამ ისეთი, ყველას რომ ძალიან დიდხანს ემახსოვრება. ბარსა და პსჟ ერთმანეთს მაშინაც მერვედფინალში შეხვდნენ: პარიზში მასპინძლებმა 4:0 მოიგეს და ყველა ფიქრობდა, რომ ბარსა გავარდნილი იყო, მაგრამ ნოუ კამპზე მესიმ და ნეიმარმა (ალბათ მაშინ გადაწყვიტეს პსჟ-ს ბოსებმა ბრაზილიელის ყიდვა) უნაი ემერის გუნდი 6:1 გაანადგურეს და მეოთხედფინალში გავიდნენ. ბარსელონა მაშინ გახდა პირველი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში 0:4 აღმოფხვრა.

ბარსა 2007 წლის მერე 1/4 ფინალში გადის

13 წელია, ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ყოველთვის გადის. თანაც, ბარსას ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ბოლო 33 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს წაგებული. უფრო მეტიც: საკუთარ მოედანზე ბოლო 15 საპლეიოფო მატჩიდან 13-ში ბარსელონამ ბურთების ასეთი შეფარდება დააფიქსირა: 41:8.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბარსელონა ზედიზედ მეთოთხმეტედ ეცდება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლას. 

⚽ ჯგუფურ ეტაპზე ბარსამ 6-დან 5 თამაში მოიგო და მოგებულ მატჩებში მე-60 წუთის შემდეგ საშუალოდ თამაშში 1,2 გოლი გაჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ბარსამ ამ ხუთივე შეხვედრაში დაარტყა პენალტი, მაგრამ არცერთი თერთმეტმეტრიანი არ იყო გადამწყვეტი.

⚽ შარშან პსჟ ფინალში იყო და ამით დაასრულა სერია, რომელიც ზედიზედ სამჯერ მერვედფინალიდან გავარდნას მოიცავდა. აღსანიშნავია, რომ 2003 წლის შემდეგ პარიზელებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის გასვლით მატჩებში მინიმუმ 1 გოლი მაინც გაჰქონდათ.

⚽ პსჟ ნოუ კამპზე ბოლო 3 თამაშში პირველ ტაიმში 2-2 გოლს უშვებდა.

⚽ ლიონელ მესიმ ალავესთან დუბლი შეასრულა და ორივე გოლი შესანიშნავი გამოუვიდა. 

⚽ პსჟ-მ შაბათს ნიცა 2:1 დაამარცხა და გამარჯვების გოლი მოიზე კინმა გაიტანა.

⚽ ჩემპიონთა ლიგაში ბარსელონას ბოლო 8 მატჩიდან 7-ში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ბარსელონამ პსჟ-ს ბოლო 3 საშინაო შეხვედრაში პირველი ტაიმიც მოუგო და მატჩიც.

⚽ ბარსას და პსჟ-ს ბოლო 6 დუელიდან 5-ში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ 2003/2004 წლების სეზონიდან, იმ ესპანურ კლუბებს, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდნენ, მერვედფინალიდან მეოთხედფინალში გასვლის 31,58-პროცენტიანი კვოტა აქვთ (ევროპის ტოპ 5 ქვეყნის გუნდებთან).

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დესტი, უმტიტი, ლენგლე, ალბა - პიანიჩი, ბუსკეტსი, დე იონგი - ტრინკაო, მესი, გრიზმანი.
ტრავმა: არაუხო, კოუტინიო, ფატი, სერხი რობერტო, პიკე, ბრაიტვაიტი

პსჟ (4-3-3): ნავასი - ფლორენცი, მარკინიოსი, კიმპემბე, კურზავა - გეიე, პარედესი, ვერატი - კინი, იკარდი, მბაპე.
ტრავმა: ნეიმარი, დი მარია, ბერნატი, პემბელე

კომენტარები

ბოლო ამბები