Thumbnail

ჯანმრთელია და გოლების გატანაც კიდევ უნდა - ლევან მჭედლიძე თავის მომავალზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ემპოლის ნაცვლად დინამო ბათუმში - მჭედლიძე სამშობლოში დარჩა
  • 30 წლის ფორვარდი გუნდთან ერთად თურქეთში შეკრებაზეა

ფრანგი ახალწვეულის, ვამარა სანოგოს ტრავმის შემდეგ დინამო ბათუმის ჯანმრთელი ფორვარდების რიცხვი ორამდე შემცირდა. გია გეგუჩაძის განკარგულებაში მხოლოდ გიორგი ნიქაბაძე და გიორგი ფანცულაია დარჩნენ. დანაკლისის შევსება ბათუმში ლევან მჭედლიძით გადაწყვიტეს, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა, კლუბს თურქულ შეკრებაზე შეუერთდა. 30 წლის ფორვარდი ჯერ ინდივიდუალური პროგრამით ემზადება, რამდენიმე დღეში კი ძირითად ბირთვსაც შეუერთდება. საქართველოს ნაკრების ექს-ფორვარდთან საუბარი ერთი ამბით დავიწყეთ, რომელიც გულშემატკვირისთვის ცნობილი ალბათ არ არის და რომელზეც თავად ფეხბურთელები ხშირად ხუმრობენ.

მჭედლიძე, ნავალოვსკი და კვერკველია თურქულ შეკრებაზე

2019 წელს, ანგისაზე დინამოების ცნობილი საჩემპიონო დერბის წინ, გიორგი ნავალოვსკიმ ლევან მჭედლიძეს დაურეკა და უთხრა, რო მის მიერ ნათქვამი ფრაზა "ბათუმი ერთი დიდი სოფელია, თქვენ ჩემპიონები როგორ უნდა გახდეთ" (ნავალოვსკიმ თავად მოიგონა) აჭარაში ყველამ იცოდა და ტრიბუნები მის დასახვედრად განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. აი, როგორ იხსენებს ეპიზოდს თავად მჭედლიძე...

ლევან მჭედლიძე: ალბათ ყველას გახსოვთ, როგორი მნიშვნელობის თამაში იყო, ერთი თვით ადრეც ყველა ამ შეხვედრაზე საუბრობდა. ამ დროს ნავალა ხშირად მემუქრებოდა, თუ ვითამაშებდი, მთელ ქალაქს გააგებინებდა, რომ თითქოს ბათუმს ხშირად 'ერთ დიდ სოფლად' ვიხსენიებდი, რასაც ბუნებრივია სიმართლესთან საერთო არაფერი ჰქონდა. ეს მისი მოგონილი იყო და ასე ჩემზე გავლენის მოხდენას ცდილობდა. ბუნებრივია, მსგავსი რამ არასდროს მითქვამს და თუ მაინც რამე გაავრცელა, იცოდეთ, ტყუილია!

POPSPORT: ის მატჩიც რომ გაიხსენო, ცვლილებაზე შეხვედი და გამარჯვების გოლი გაიტანე...

ლევან მჭედლიძე: პროფესიონალი ვარ და ჩემი საქმე ესაა. გამარჯვებისთვის ყველაფერს ვაკეთებ. ჩემს ძმასაც რომ ვეთამაშებოდე, იმ დროს შეურაცხადი ვარ, ეს ჩემს ხასიათში ზის და ეს ხასიათი სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი გადმოსახედიდან ცუდი მომენტია, მაგრამ მაშინ ჩვენთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თამაში, ცვლილებაზე შევედი, დინამო ბათუმი იმ მატჩში დიდ უპირატესობას ფლობდა. გარემო საოცარი იყო, მოედანი კარგთან მიახლოებულიც არ გახლდათ, მაგრამ ისეთი გარემო იყო, ყველაფერს ფარავდა, სიამოვნებას ვიღებდი. ზოგადად, გასვლითი თამაში ძალიან მომწონს, რადგან გულშემატკივარი აგრესიას გამოხატავს და ზოგი შეიძლება ამას ცუდად იღებს, მაგრამ მე პირიქით, მსიამოვნებს. ბათუმში ფეხბურთი ძალიან უყვართ და ბედნიერი ვარ, რომ ახლა ისინი ჩემი გულშემატკივრები იქნებიან.

ლევან მჭედლიძის საჩემპიონო გოლი

POPSPORT: ახლა როგორია შენი ფიზიკური კონდიციები?

მჭედლიძე: ნორმალურად ვარ. სანამ შეკრებაზე გუნდს შევუერთდებოდი, რაღაც პრობლემების გამო 10 დღე ვერ ვვარჯიშობდი, მაგრამ ახლა ინდივიდუალურად და ასევე გუნდთან ერთად ცოტ-ცოტას ვვარჯიშობ. დაახლოებით 1 კვირაში სრულად მზად ვიქნები. იმედი მაქვს, გუნდს ძალიან მალე შევუერთდები. დინამო ბათუმი ამბიციური გუნდია და ვიმედოვნებ, ერთად მივაღწევთ იმას, რასაც ხალხი ამდენი ხანია ელოდება.

POPSPORT: ადაპტაცია ალბათ არ გაგიჭრდება, რადგან გუნდში ბევრი შენი მეგობარია...

მჭედლიძე: დიახ, რა თქმა უნდა. ჩემს გადაწყვეტილებაში სპორტულმა დირექტორმა ლადო დვალიშვილმა ითამაშა ძალიან დიდი როლი. რასაკვირველია, ბათუმი ჩემთვის უცხო ქალაქი არ არის, ხალხს ძალიან უყვარს ფეხბურთი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ფეხბურთელისთვის. ლადომ დამირეკა და ორ წუთში გადამიწყვიტა, რომ აქ უნდა ვყოფილიყავი. მეც ბევრი არ მიფიქრია და ერთ დღეში უკვე აქ ვიყავი. ერთი სიტყვით, აქ ოჯახი დამხვდა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ეს არის უპირველესი ფაქტორი წარმატების მისაღწევად. ყველა ერთმანეთთან კარგად არის და ბედნიერი ვარ, რომ ასეა.

მასიმო მაკარონე და მჭედლიძე ემპოლიში [2017]

POPSPORT: დინამო ბათუმში ტრანსფერამდე ერთი დღით ადრე თქვი, რომ ემპოლის ვარიანტი გქონდა...

მჭედლიძე: დიახ, იყო საუბარი, რომ ემპოლიში უნდა დავბრუნებულიყავი. ზაფხულიდან მოყოლებული მეუბნებოდნენ, "წამოდი, ჩვენთან იყავი, სერია A-ში გადასასვლელად ვიბრძოლებთ" და ახლა ემპოლი პირველ ადგილზეა... იტალიაში ცხოვრების უვადო უფლება მაქვს, მაგრამ რადგან წამოვედი იტალიიდან, რომ დავბრუნდე, პირველი წელი ვითვლები არაევროკავშირლად და ემპოლიში ასეთი 3 ფეხბურთელი უკვე არის, რაც ლიმიტია და ამან ხელი შეუშალა ჩემს ტრანსფერს და ამ მიზეზით არ გადავედი. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცდილობდნენ, რომ გაეშვათ ერთ-ერთი ფეხბურთელი, მაგრამ ვერ მოახერხეს. ემპოლის დავუკავშირდი, ავუხსენი სიტუაცია, ჩემთვის ეს გუნდი ოჯახია, იქ გავატარე ჩემი ნახევარი ცხოვრება. ჩემს გადაწყვეტილებას ყველა ძალიან კარგად შეხვდა და დინამო ბათუმში წარმატებები მისურვეს.

POPSPORT: გულშემატკივრებზე რისი თქმა შეგიძლია...

მჭედლიძე: ჩემს ცხოვრებაში გულშემატკივარი ძალიან მნიშვნელოვანია. აქამდე ქართველმა ხალხმა მომიყვანა და მათი დამსახურებაა, რომ არ დავნებდი. იყო კრიტიკაც და ჯანსაღი კრიტიკა ყველა ფეხბურთელისთვის მისაღებია, ეს აძლიერებს კიდეც მოთამაშეს. როცა გაკრიტიკებენ, ძლიერდები და თუ ასე არ არის, ვფიქრობ, ის ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად სუსტია. ჯანმრთელად ვარ და მიუხედავად ასაკისა, მაქვს ის შეგრძნება, რომ ფებურთის თამაში კიდევ შემილია. მინდა, დავეხმარო პირველ რიგში, დინამო ბათუმს, წვლილი შევიტანო ჩემპიონობაში, რაც ბათუმელი ხალხის ოცნებაა და ავტომატურად ჩემიც.

EURO 2008-ის შესარჩევი, ლუიჯი ფერარი

ლევან მჭედლიძე ანდრეა ბარძალის წინააღმდეგ

EURO 2015-ის შესარჩევი, დინამო არენა

ჟერომ ბოატენგის და ლევან მჭედლიძის ორთაბრძოლა

EURO 2016-ის შესარჩევი, ავივა

მჭედლიძისთვის ხელის შეშლას კირან კლარკი ცდილობს

POPSPORT: საქართველოს ნაკრები?

მჭედლიძე: ნაკრებმა ძალიან რთული პერიოდი გამოიაირა. ყველას გული დაგვწყვიტა, მაგრამ ეს ფეხბურთია და ხდება, არ შეიძლება ამაზე გაჩერება. მეორე მხარეც არსებობს და ყველა მოგებული ვერ იქნება. რა თქმა უნდა, შეცდომებიც იყო და ყველამ უნდა გაანალიზოს. რაც შეეხება ვილი სანიოლს, არ ვიცი, ნამდვილად როგორი გამოცდილება აქვს, როგორც მწვრთნელს, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ყოველთვის გამოცდილებაზე საუბარი. შეიძლება გულშემატკივარმა მწვრთნელი გააკრიტიკოს, მაგრამ ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. თითოეულმა ფეხბურთელმა უნდა ვიცოდეთ ერთი რაღაც: ვის ნავშიც ვზივართ, იმას უნდა გავყვეთ ბოლომდე - იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პროფესიონალები და სხვა გზა არ გვაქვს. რა ხედვებიც მას აქვს, უნდა დავუდგეთ გვერდით და მივაღწიოთ წარმატებას. არ შეიძლება, ყოველთვის ნეგატივზე საუბარი, პოზიტიურად უნდა შევხედოთ და ამ გზას ბოლომდე ყველა ერთად გავყვეთ.

POPSPORT: დაბოლოს: ბათუმელ ფანებს მალე თავადაც შეხვდები, მანამდე გაქვს მათთვის რამე სათქმელი?

მჭედლიძე: ვიცი, რომ ბათუმელ გულშემატივარს ფეხბურთი ძალიან უყვარს და იმედი მაქვს, მათ იმედებს გავამართლებ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ქალაქის ღირსება დავიცვა და ღირსეულად მეცვას ეს მაისური. კლუბს და გულშემატკივრებს რაც ოცნებად აქვთ, ის ავტომატურად ჩემი ოცნებაც არის და იმედი მაქვს, ერთად ავიხდენთ.

მჭედლიძე თავის ახალ თანაგუნდელებთან ერთად

ლევან მჭედლიძეს კარიერის უდიდესი ნაწილი ემპოლიში აქვს გატარებული, რომლის რიგებში სერია A-ში 75 მატჩში 11 გოლი გაიტანა (მათ შორის, იუვენტუსთან, ინტერთან და მილანთან), სერია B-ში 86 თამაშში თავი 5-ჯერ გამოიჩინა, ხოლო იტალიის თასზე 8 შეხვედრაში 3 გოლი მიითვალა. 2008-2010 წლებში კიდევ ერთი იტალიური კლუბის, პალერმოს რიგებში თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში მჭედლიძეს 32 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი.

დინამო ბათუმმა ლევან მჭედლიძემდე ოფიციალურად დაადასტურა გაგი მარგველაშვილის, ლაზარე კუპატაძის, ლუკაშ გროცურეკის, ოლეკსანდრ აზაცკის, ვამარა სანოგოს, გიორგი ზარიას, რაფაელ ჩუკვურას, სანდრო ალთუნაშვილის, გრიგოლ ჩაბრაძის, გიორგი ფანცულაიას და ირაკლი აზაროვის ტრანსფერები.

კომენტარები

ბოლო ამბები