Thumbnail
  • რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ამბავი ფეხბურთის ისტორიიდან
  • 'რატომ გინდათ ზიდანის დამატება, როდესაც ტიმ შერვუდი გვყავს'

ფეხბურთში ვერშემდგარი ტრანსფერების უამრავი ისტორია გვახსოვს. ბევრი ასეთი პატარა კლუბით და დიდი ფეხბურთელით, ან საპირისპირო კონტრასტით ხასიათდება - ვეტერანი გვარდიოლა ბოლტონში, 16 წლის ზლატანი არსენალში და ა.შ.

დღეს რამდენიმე ასეთი ტრანსფერი გავიხსენეთ, რომელთა სისრულეში მოყვანასა, შესაძლოა, ფეხბურთის ისტორია შეეცვალა. მარტო მარადონას შეფილდში გადაბარგება რად ღირს, იქნებ ამ ნაბიჯით დიეგოს დიდება იორკშირის საზღვრებს ვერ გაცდენილიყო, მაგრამ საბედნიეროდ, ასე არ მოხდა.

დიეგო მარადონა | შეფილდ იუნაიტედი (1978)

1978 წელს, ახალგაზრდა დიეგო მარადონას კარიერა ლამის რადიკალურად შეიცვალა. დიეგოს ყიდვა შეფილდ იუნაიტედს სურდა, თუმცა არხენტინოს ხუნიორსის დაწესებული სატრანსფერო თანხა - £200,000 ხელმოკლე შეფილდელებს ეძვირათ. საბოლოოდ, ინგლისელებმა არგენტინელი მაინც დაიმატეს - ალეხანდრო საბელია რივერ პლეიტიდან. £40,000 დაზოგეს, მაგრამ რამდენიმე წელიწადში, ეს ალბათ ძალიან ინანეს.

ალან შირერი | მანჩესტერ იუნაიტედი (1992 და 1996)

პრემიერლიგა ალბათ სხვანაირი იქნებოდა, ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს მანჩესტერ იუნაიტედში რომ ეთამაშა. შირერმა ფერგიუსონს უარი ორჯერ უთხრა, ბოლოს 1996 წელს, როდესაც იუნაიტედს ‘მეფე ალანმა’ მშობლიური ნიუკასლ იუნაიტედი არჩია. „ამ გადაწყვეტილებას არცერთი წამით არ ვნანობ. მინდოდა, სერ ალექსისთვის ბოდიში მომეხადა, დავურეკე, არ მიპასუხა და მას მერე ამაზე არ გვისაუბრია.“ - იხსენებდა შირერი სკაისთან ინტერვიუში.

ზინედინ ზიდანი | ბლექბერნ როვერსი (1995)

„რატომ გინდათ ზიდანის დამატება, როდესაც ტიმ შერვუდი გვყავს?“ - ეს უკვდავი სიტყვები ბლექბერნის მფლობელს ჯეკ უოკერს ეკუთვნის. ზიდანით გუნდის მთავარი მწვრთნელი მაშინ დაინტერესდა, როდესაც როი კინმა მისი გუნდი მანჩესტერ იუნაიტედში გაცვალა. ამ ამბიდან 3 წელიწადში, ზინედინ ზიდანი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ჯეკ უოკერმა ეს ამბავი ალბათ ძალიან განიცადა.

გარინჩა | იუვენტუსი (1963)

ბრაზილიელმა ლეგენდამ და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო დრიბლიორმა - გარინჩამ, 1962 წლის მუნდიალი ლამის მარტომ მოიგო. რამდენიმე თვეში, ტურინის იუვენტუსმა ბოტაფოგოს სარეკორდო წინადადებით მიმართა - $1 მილიონი. თუმცა, ტურნეს ფარგლებში ჩატარებულ ამხანაგურებში გარინჩა ისე ცუდად გამოიყურებოდა, რომ ტურინელებმა ღირებულებას $300,000 მოაკლეს, რასაც ბრაზილიური მხარე აღარ დათანხმდა.

ალფრედო დი სტეფანო | ბარსელონა (1952)

დი სტეფანოს ბარსელონაში ჩაშლილ ტრანსფერს დიდი ამბები მოჰყვა. ფიფაში გარჩევების შედეგად მიღებულ უაზრო გადაწყვეტილებას, რაც 4 სეზონი ორივე კლუბში (რეალი და ბარსა) მონაცვლეობით თამაშს ნიშნავდა, საბოლოოდ დი სტეფანოს რეალში ტრანსფერით დასრულდა. ბარსელონას რომ პოზიციები მარტივად არ უნდა დაეთმო, ეს მალე გამოჩნდა, როდესაც არგენტინელმა რეალთან ერთად ზედიზედ 5 ჩემპიონთა თასი მოიგო.

სტივენ ჯერარდი | ჩელსი (2005)

ლეგენდარული კაპიტანი, რომელმაც სამშობლოში თამაშისას მთელი კარიერა ლივერპულში გაატარა, 2005 წელს, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, ჟოზე მოურინიოს ჩელსიში გადასვლასთან ახლოს იყო. ამბობენ, რომ ჯერარდმა ტარნსფერიც კი მოითხოვა, თუმცა რაღაც გზებით, კლუბმა მისი დატოვება შეძლო. მოურინიომ ჯერარდის დამატება ვერც მადრიდის რეალში მუშაობისას მოახერხა.

რობერტ ლევანდოვსკი | ბლექბერნ როვერსი (2010)

ბლექბერნი 21-ე საუკუნეშიც საოცარი გადაწყვეტილებების ეპიცენტრი გახლდათ. როვერსი ‘ლევას’ 2010 წელს ლეხ პოზნანდიდან იმატებდა, თუმცა როგორც ლეგენდა გვიამბობს, ბუნებრივმა სტიქიამ - ჩრდილოეთის ზღვაზე ვულკანურმა ფერფლმა, პოლონელის ინგლისში გამგზავრებას ხელი შეუშალა და რამდენიმე დღეში, კონტრაქტი ლევანდოვსკის ხელმოწერით დორტმუნდის ბორუსიას საოფისე არქივში ჩააკრეს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი | არსენალი (2001)

16 წლის ზლატანი არსენალმა ბაზაზე მიიწვია და არსენ ვენგერმა მას პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშიც შესთავაზა. 9-ნომრიანი ფორმაც აჩუქეს, თუმცა შემდეგ ფრანგმა გაამხილა, რომ იბრაჰიმოვიჩი მხოლოდ სინჯებისთვის უნდოდა. „ზლატანი გასაუბრებებზე არ დადის“ - განუცხადა შვედმა The Sun-ს, როდესაც ამ პერიოდს იხსენებდა და ამ ფრაზის შემდეგ აიაქსში წავიდა. მის ნაცვლად, ვენგერმა ევერტონიდან ფრენსის ჯეფერსი დაიმატა - ალბათ ასეთი აცილება კარიერაში ერთხელ მოუვიდა, კრიშტიანო რონალდოს სახით, თუმცა რონალდოზე სხვა ისტორიაც გვაქვს.

კრიშტიანო რონალდო | იუვენტუსი (2003)

შარშან გავიგეთ, რომ თურმე რონალდოს დამატებასთან ტურინის იუვენტუსიც ახლოს იყო. ლუჩანო მოჯი იხსენებს: „ლისაბონში მენდეშთან ერთად ჩავედი, რონალდო მარსელო სალასში უნდა გაგვეცვლა. ყველაფერი მზად იყო, მაგრამ სალასი ვერ დავიყოლიეთ - პორტუგალიაში თამაში არ სურდა“. თუმცა გავიდა წლები და კრიშტიანო სხვა იუვენტუსში, სხვა სტატუსტით დაბრუნდა.

პელე | ევროპული გრანდები (1959-63)

პელეს დამატებას ადრეულ წლებში ბევრი ევროპული გრანდი ცდილობდა - ბარსელონა, მანჩესტერ იუნაიტედი, მილანი... თუმცა, ყველაზე მეტად მადრიდის რეალი. ცნობილია, რომ სანტიაგო ბერნაბეუმ მას 3-ჯერ დაურეკა, მაგრამ სამივეჯერ უარი მიიღო. „დედაჩემის ლობიოს, მუდამ +25 გრადუს ტემპერატურას და სახლის წინ სანაპიროს ვერ შეველეოდი“ - იხსენებდა ფეხბურთის მეფე. ზოგი კი ამბობს, რომ პელეს ბრაზილიიდან, ბრაზილიის მთავრობა არ უშვებდა - ხალხის კუმირს სამშობლოში უნდა ეცხოვრა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები