Thumbnail

ვილი სანიოლს, როგორც ფეხბურთელს, ქართველი ქომაგიც კარგად უნდა იცნობდეს. ფრანგი მცველი ხომ თითქმის 10 წელი მიუნხენის ბაიერნის წევრი გახლდათ, ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან ერთად კი, მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. თუმცა, მას შემდეგ, რაც 43 წლის სანიოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცად დაინიშნა, ჩვენი მისი სამწვრთნელო საქმიანობა უფრო გვაინტერესებს. მაინც როგორი სპეციალისტია ვილი სანიოლი?

მოთამაშის კარიერის დასრულებიდან მალევე ფრანგი მიხვდა, რომ ფეხბურთის გარეშე ცხოვრების გაგრძელება არ სურდა. ვილი ყოველთვის ჭკვიანი ფეხბურთელი იყო და ხანგრძლივი ბავარიული კარიერის განმავლობაში საუკეთესო გერმანელ მწვრთნელებთან ერთად მუშაობდა. ამდენად, არავის გაჰკვირვებია, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულებიდან 4 წლის თავზე, მაშინ, როდესაც მხოლოდ 35 წლის გახლდათ, ახალ ეტაპს შეუდგა, თუმცა, ისე გამოვიდა, რომ ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო სერიოზული კარიერული პრობლემა შეიქმნა.

საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში წარმატებული გამოცდილების შემდეგ, სადაც ის შეტევაში დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, ხშირად ვარირებდა სქემებით კლასიკური 4-4-2-დან რომბის მსგავსი 4-2-3-1-მდე, სანიოლს ყურადღება არაერთმა ფრანგულმა კლუბმა მიაქცია. ვილიმ არჩევანი ბორდოზე შეაჩერა და ეს, მოსალოდნელიც გახლდათ: მეტი ფული, მეტი ყურადღება, მეტი შესაძლებლობები. ჟირონდელებმა ახალგაზრდა სპეციალისტს სრული კარტ-ბლანში მისცეს, ვილიმ კი ბორდოში ოტმარ ჰიტცფელის ფილოსოფია მიიტანა, რომელიც მან ბაიერნში გაითავისა და რომელზეც ფრანგულ კლუბში გამოჩენის პირველივე დღეებიდან საუბრობდა:

“მინდა ის გუნდი მყავდეს, რომელიც შემტევ ფეხბურთის ითამაშებს. ბაიერნში გავიგე, რომ უმაღლესი შედეგების მისაღწევად საჭიროა მოედანზე საკუთარი ქმედებით ტკბებოდე. ამისთვის ბურთის რაც შეიძლება დიდხანს ფლობა და შეუბოჭავად თამაშია საჭირო. ჩემთვის ფეხბურთი პირველ რიგში გართობაა. რასაკვირველია, ჩემმა ფეხბურთელებმა თავიანთი სამუშაო კარგად უნდა შეასრულონ, მაგრამ თუკი მაყურებელმა სიამოვნება არ მიიღო, მხოლოდ აღნიშნული მათ ნამდვილად არ დააკმაყოფილებს”.

სადებიუტო სეზონის ერთ-ერთ სასტარტო შეხვედრაში ბორდომ მონაკო 4:1 გაანადგურა, თუმცა, მას შემდეგ გაცილებით მოკრძალებულად გამოიყურებოდა და დიდი ანგარიშით აღარ მოუგია. მიუხედავად ამისა, სანიოლმა წინა სეზონის შედეგის გაუმჯობესება შეძლო და გუნდი ლიგა 1-ში მე-6 ადგილზე გაიყვანა. დამწყები მწვრთნელითვის ეს ცუდი შედეგი ნამდვილად არ იყო. იმ პერიოდში ვილი ახალი თაობის ფრანგ მწვრთნელებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პერსპქტიულად მიიჩნეოდა და თითქოს კარგი სტარტიც ჰქონდა, თუმცა, მან პრობლემები თავად შეიქმნა, რაც ყველაზე საინტერესოა, არა ცუდი შედეგებით, არამედ დაუფიქრებელი გამონათქვამის გამო:

“სანამ ბორდოს მთავარი მწვრთნელი ვარ, რაც შეიძლება ნაკლები აფრიკელი ფეხბურთელი უნდა შევიძინოთ. არ მინდა ყოველ ორ წელიწადში ნახევარ გუნდს ვკარგავდე იმის გამო, რომ მათ აფრიკის თასზე უნდა ითამაშონ. აფრიკელებს თავიანთი უპირატესობებიც გააჩნიათ: მათი ყიდვა იოლია, მცირე ხელფასს ითხოვენ, მებრძოლი ხასიათი გააჩნიათ და ფიზიკურად ძლიერები არიან, თუმცა, ფეხბურთში მნიშვნელოვანია ტექნიკა, ჭკუა და დისციპლინა. აქ საქმე ცოტა რთულადაა”, - ეს კომენტარი სანიოლმა ბორდოში მე-2 სეზონის სტარტის წინ გააკეთა.

თანამედროვე საზოგადოებამ სანიოლის ასეთი თამამი განცხადება არ მიიღო. სატელევიზიო გადაცემებში აღშფოთება ბევრმა გამოხატა და ის აზრიც კი გამოითქვა, რომ აფრიკელ ფეხბურთელებს საფრანგეთის ჩემპიონატის რომელიმე კონკრეტული ტურისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ. “აფრიკელმა მოთამაშეებმა და მათაც კი, ვისაც აფრიკული წარმომავლობა აქვს, ხმა უნდა ამოიღონ. სანიოლის ამ განცხადებების შემდეგ, ისინი უბრალოდ მოედანზე არ უნდა გავიდნენ”, - განაცხადა მაშინ მარსელის ექს-პრეზიდენტმა პაპ დიუფმა.

კარელო ანჩელოტი და ვილი სანიოლი

ცხადია, ვილი მალევე შეეცადა სიტუაცია გამოესწორებინა, თუმცა, ამან ვეღარ უშველა. ატმოსფერო როგორც გუნდში, ასევე მის მიღმა არაჯანსაღი იყო. შედეგად, ბორდო ლიგა 1-ში მე-14 ადგილამდე დაქვეითდა, სანიოლი კი ლამის სიამოვნებით დაითხოვეს.

“თუკი ჩემმა სიტყვებმა და არცთუ მკაფიო ფორმულირებამ ვინმე გაანაწყენა ან შეურაცხყო, ძალიან ვწუხვარ. ყველას ბოდიშს ვუხდი. მე მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთზე ვსაუბრობდი. ჩემი სიტყვები ინტელექტზე, ცხადია, კონკრეტულად ტაქტიკურ განსწავლულობას ეხებოდა. არავითარ შემთხვევაში არ მქონია განზრახვად ადამიანების გონებრივი შესაძლებლობები შემეფასებინა”, - აღნიშნა მაშინ ვილიმ.

მომხდარის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს სამუშაოდ აღარსად ეძახდნენ. კონკრეტულად საფრანგეთში ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. ვილის კიდევ ერთი შანსი მის მშობლიურ ბაიერნში მიეცა, როდესაც 2017 წელს კარლო ანჩელოტიმ ასისტენტის რანგში მიიწვია, თუმცა, ვილის აქაც არ გაუმართლა. იტალიელი სპეციალისტი სულ რაღაც ორ თვეში მოხსნეს, სანიოლმა კი დროებითი თავკაცის რანგში მხოლოდ 9 დღე გაატარა და გუნდი თამაშზე ერთადერთხელ გაიყვანა. იუპ ჰეინკესის დანიშვნის შემდეგ, სანიოლს ბავარიის დატოვება მოუხდა და დღევანდლამდე, სანამ საქართველოს ნაკრებს ჩაიბარებდა, უმუშევარი იყო. ბოლო პერიოდში ვილი გულშემატკივარს თავს საფეხბურთო ექსპერტის როლში ახსენებდა.

📋 მეტი ამ თემაზე

კომენტარები

ბოლო ამბები