Thumbnail

9 დღე და ერთი მატჩი ბაიერნის თავკაცად - როგორი მწვრთნელია სანიოლი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე სულ რაღაც 38 დღით ადრე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელი დანიშნა - 43 წლის ფრანგი ვილი სანიოლი. 

ფეხბურთის გულშემატკივრები ვილი სანიოლს უფრო კარგ ფეხბურთელად იცნობენ, ვიდრე ცნობილ მწვრთნელად - Flakengott ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის ბაიერნში, სადაც 200-მდე მატჩი გამართა. სანიოლი მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 58 მატჩი აქვს გამართული. ის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია - 2006 წლის მუნდიალის ფინალში, როცა ზინედინ ზიდანი მოედნიდან გააძევეს, კაპიტნის სამკლაური სწორედ ვილი სანიოლმა გადაიბარა. 

ეროვნულ ნაკრებში 58 მატჩი უთამაშია

რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, აქ სანიოლს ბევრი არაფერი აქვს საამაყო, თუმცა მას შეგვიძლია ვუწოდოთ ბაიერნის ექს-თავკაცი, რადგან ერთხელ, მაგრამ მაინც "რეკორდმაისტერის" თავკაცის მოვალეობას ასრულებდა. 

რესტარტი სენტ ეტიენში და სკაუტი სანიოლი

საფეხბურთო კარიერი 2009 წელს დაასრულა, 2010-ში ვილი მშობლიურ სენტ ეტიენში მიიწვიეს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. 2011 წლიდან ის ბაიერნს ახალ ამპლუაში - სკაუტად - უბრუნდება. 

2011 წლის შემოდგომიდან სანიოლის სამოღვაწეო პროფილი ფეხბურთში ისევ შეიცვალა, ის საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში მიიწვიეს ეროვნული ნაკრების ტექნიკურ დირექტორად. სამწვრთნელო საქმიანობასთან პირველი შეხება სანიოლს ოფიციალურად 2013 წელს ჰქონდა, როცა რამდენიმე დღით (9) საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების დროებით თავკაცად დანიშნეს. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდს სანიოლის ხელმძღვანელობით ოფიციალური მატჩი არც ჩაუტარებია. 2013-14 წლებში სანიოლი საფრანგეთის ნაკრების მთავარი ოპერაციული დირექტორი გახდა და პარალელურად საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრები ჩაიბარა.

ყველაზე დიდი სამწვრთნელო გამოცდილება ბორდოში მიიღო

სანიოლი U21-ში ზუსტად ერთი წელი მოღვაწეობდა 2013 წლის ზაფხულიდან 2014 წლის ზაფხულამდე. ამ ხნის განმავლობაში ახალგაზრდულმა ნაკრებმა 8 მატჩი გამართა, რომელთაგანაც 6 მოიგო (ყველა ოფიციალური), 2 ფრედ დაასრულა. მაშინ გუნდში ანტონი მარსიალი, ლუკა დინი, სამუელ უმტიტი და სხვები თამაშობდნენ. 8-დან 6 ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი იყო, 2 - ამხანაგური. მაშინ სანიოლის U21-მა სომხეთს 6:0 მოუგო, ყაზახეთს - 5:0. 

ვილი სანიოლი U21 საფრანგეთში
8 თამაში: 6 მოგება, 2 ფრე, 0 წაგება

2014 წლის მაისში ბორდომ სანიოლს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. მაშინ ბორდოს ზინედინ ზიდანის დანიშვნა სურდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ასე დაიწყო სანიოლის, როგორც მწვრთნელის საკლუბო კარიერა. პირველი სეზონი სანიოლისთვის კარგი იყო, კლუბი ლიგა 1-ში მე-6 ადგილზე გავიდა და მოახერხა მონაკოს, ლიონისა და პსჟ-ს დამარცხება. 

ვილი სანიოლი ბორდოში
88 თამაში: 35 მოგება, 27 ფრე, 26 წაგება

მეორე სეზონში სანიოლის ბორდო ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზეც მონაწილეობდა, მაგრამ თავისი ორწლიანი კონტრაქტი ბოლომდე ვერ გამოიმუშავა - 2016 წლის მარტში ტულუზთან დერბის სამარცხვინოდ წაგება (0:4) არ აპატიეს და ბორდოდან გაუშვეს. 

ვილი სანიოლი ბაიერნში
1 თამაში: 0 მოგება, 1 ფრე, 0 წაგება

მესამედ ბაიერნში

2017 წლის ზაფხულში სანიოლი კიდევ ერთხელ დაბრუნდა ბაიერნში - ამჯერად, მწვრთნელის რანგში - ის კარლო ანჩელოტის ასისტენტი გახდა. მაგრამ მალევე ანჩელოტი "რეკორდმაისტერმა" მოხსნა, ხოლო სანიოლი დროებით თავკაცად გამოაცხადა.

ბაიერნში ანჩელოტის ასისტენტი იყო

ფრანგი ამ სტატუსს 9 დღის განმავლობაში ატარებდა და 1 მატჩშიც გაიყვანა გუნდი - 1 ოქტომბერს ბერლინში ჰერტას 2:2 ეთამაშა. ბაიერნი ჰუმელსისა და ლევანდოვსკის გოლებით იგებდა, მაგრამ 2-ბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. იუპ ჰაინკესის გუნდში მოსვლით, სანიოლის მესამე ეტაპი ბაიერნში დასრულდა. 

ვილი სანიოლის სამწვრთნელო სტატისტიკა
97 თამაში: 41 მოგება, 28 ფრე, 26 წაგება
მოგების % - 42.27

საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში მისი გუნდი ძირითადად 4-3-3 ტაქტიკით თამაშობდა შინ და 4-4-2-ით სტუმრად. 4-3-3 უმთავრესი ტაქტიკა იყო მისთვის ბორდოშიც, თუმცა იყო 4-3-1-2, 4-2-3-1 და სხვაც. ჰერტასთან ბაიერნმა სანიოლის თავკაცობით 4-2-3-1-ით ითამაშა. მოკლედ, სანიოლი არ ერიდება ცვლილებებს, თუმცა მისთვის მაინც 4-3-3 სქემაა ყველაზე ახლოს. 

კომენტარები

ბოლო ამბები