Thumbnail
  • სანდრო მამუკელაშვილი NCAA-ში შესანიშნავ სეზონს ატარებს
  • სეტონ ჰოლის ლიდერი NBA-ს დრაფტისთვის ემზადება
  • მამუკელაშვილმა პოპსპორტის კითხვებს გულახდილად უპასუხა

სანდრო მამუკელაშვილი ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქართველი კალათბურთელია. სეტონ ჰოლის 21 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში უდიდესი პროგრესი განიცადა: NCAA-ში, სადაც არაერთი ტალანტი გამოდის, წამყვან კალათბურთელთა შორისაა და სეზონის MVP-ის წოდებისთვისაც იბრძვის. ამჟამად იგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვერ ეხმარება, მაგრამ უდავოა, რომ მომავალი ევრობასკეტზე ნაკრებში მას უდიდესი როლი დაეკისრება. საკლუბო და სანაკრებო ამბებზე სასაუბროდ პოპსპორტი მამუკელაშვილს აშშ-ში დაუკავშირდა.

POPSPORT: მიმდინარე სეზონი შენს კარიერაში საუკეთესოა. ამის მთავარ მიზეზად რა მიგაჩნია?

სანდრო მამუკელაშვილი: წელს მართლაც ჩემი საუკეთესო სეზონია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. უცნაურია, მაგრამ ერთ-ერთ ფაქტორად კარანტინს მივიჩნევ. იზოლაციის დროს ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მქონდა, რომელიც ნაყოფიერად გამოვიყენე. ხშირად ვუყურებდი ჩემს თამაშებს, რამაც საშუალება მომცა, ის ნაკლოვანებები აღმომეჩინა, რომელთა გამოსწორებაზეც უნდა ვიმუშავო. პარალელურად, თვალს ვადევნებდი NBA-ს კლუბების წარმომადგენელთა ინტერვიუებს, რამაც მიმახვედრა, თუ რისი დანახვა სურთ ჩემს თამაშში. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ შეცვლილია გუნდში ჩემდამი დამოკიდებულებაც, რაც პირველ რიგში იმაში გამოიხატება, რომ თამაში ჩემს ირგვლივაა აწყობილი. იმისათვის, რომ ეს მომხდარიყო, მე თვითონ თავდაჯერებული უნდა ვყოფილიყავი. ვფიქრობ, მოედანზეც კარგად ჩანს, რომ საკუთარ ძალების რწმენა აშკარად ამიმაღლდა. დაბოლოს: გაზრდილი მოტივაცია. NCAA-ში ეს ჩემი ბოლო წელია და მინდა, კარგი შთაბეჭდილება მოვახდინო.

POPSPORT: შენს უნივერსალიზმზე ბევრი იწერება. საკუთარ ძლიერ მხარედ რა მიგაჩნია და რა გაქვს გამოსასწორებელი?

მამუკელაშვილი: ჩემი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ. ვიცი, რომ უკეთ თამაშიც შემიძლია. ამიტომ მიმაჩნია, რომ სანამ აქტიური კარიერა მექნება, საკუთარ თავზე სულ უნდა ვიმუშავო. ბევრი რამ მაქვს დასახვეწი არა მარტო მოედანზე, არამედ მოედნის გარეთაც. სამუშაო მაქვს დაცვაში თამაშზე, ფიზიკურ მომზადებაზე, ოღონდ ისე, რომ წონაში არ მოვიმატო და კიდევ ბევრ სხვა რამეზე. ამ ყველაფერში პოზიტივი ისაა, რომ თავდადებული ვარჯიშით ყველა ჩემი მინუსი გამოსწორებადია. ძლიერ მხარეებად მიმაჩნია შეტევის რადიუსის გაზრდა, ბურთის მოხსნის შემდეგ მისი წაღება, მოედნის კარგი ხედვა, რაც გუნდის და პირადად ჩემი შედეგიანობის გაზრდაზე აისახება. ვგრძნობ, რომ ეს ჩემი მაქსიმუმი არაა და იმედია, პროგრესს გავაგრძელებ.

POPSPORT: სეტონ ჰოლის მთავარი მწვრთნელი კევინ ვილარდი შენზე ყოველთვის აღმატებულ ხარისხში საუბრობს. ალბათ მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვს. ძლიერი სპეციალისტია?

მამუკელაშვილი: მე და მწვრთნელს ერთმანეთთან ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს. ჩემში იგი პოტენციალს ხედავს და ამას მიფასებს. ნებისმიერი მატჩის შემდეგ შემიძლია მასთან მივიდე და რჩევა ვკითხო. მისი მოსაზრებები მოედანზე და მის გარეთაც ძალიან მეხმარება.

'დრაფტზე დადგომა ჩემი ოცნებაა, რომელსაც ამ ზაფხულს აუცილებლად ავიხდენ'

POPSPORT: რამდენად რეალურია გუნდის “მარტის სიგიჟეში” ჩართვა. გასულ წელს ეს გარანტირებული გქონდათ. ახლა რაზე იქნება ეს წარმატება დამოკიდებული?

მამუკელაშვილი: მიმდინარე სეზონში თავიდან ცოტა გაგვიჭირდა. გუნდი საკუთარი თამაშის ძიების პროცესში იყო. ბიგ ისტის ექვსი მატჩი გვაქვს დარჩენილი (ინტერვიუს ჩაწერის მომენტში სეტონ ჰოლს ჯერ მარკეტთან თამაში მოგებული არ ჰქონდა), „მარტის სიგიჟეში“ მონაწილეობის გარანტიისთვის სავარაუდოდ შემდეგი სამი შეხვედრა უნდა მოვიგოთ. სპეციალისტების აზრით, ამის შანსები საკმაოდ მაღალია. ჩემი ჩათვლით გუნდში რამდენიმე ისეთი მოთამაშეა, რომლისთვისაც ეს NCAA-ში ბოლო წელია, რაც მოტივაციას გვიზრდის.

POPSPORT: თუ გაქვს ურთიერთობა სტუდენტურ ლიგაში მოთამაშე სხვა ქართველ კალათბურთელებთან? რა იცი რატი ანდრონიკაშვილის ტრავმაზე? როგორ აფასებ სხვა ქართველების პერსპექტივებს?

მამუკელაშვილი: გიორგი ბეჟანიშვილთან ძალიან ხშირი კონტაქტი მაქვს - ერთმანეთის ახლო მეგობრები ვართ. ასევე ხშირად ვეკონტაქტები საბა გიგიბერიას და ალექსანდრე მერკვილაძეს. ვნახე რატი ანდრონიკაშვილიც - ბევრად უკეთ გამოიყურება. ზოგადად, ვცდილობ, რომ ყველასთან, ვინც კოლეჯებში თამაშობს, ხშირი ურთიერთობა მქონდეს. თუ ვინმე ისეთი არსებობს, რომელთანაც კონტაქტი არ მაქვს, მინდა ვუთხრა, რომ არ მოერიდოთ ჩემთან შეხმიანება. მიმაჩნია, რომ ერთმანეთისთვის ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია.

POPSPORT: გადაწყვეტილი გაქვს თუ არა ამ სეზონის შემდეგ დრაფტზე დადგომა და არსებობენ თუ არა კლუბები, რომლებშიც მოხვედრა განსაკუთრებულად გსურს?

მამუკელაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ NCAA-მ კიდევ ერთი წელი თამაშის ნება მოგვცა, დრაფტზე დადგომა ჩემი ოცნებაა, რომელსაც ამ ზაფხულს აუცილებლად ავიხდენ. დიდად არ მაინტერესებს, რომელ კლუბში მოვხვდები, მაგრამ იმედი მაქვს, ისეთი გუნდი იქნება, სადაც ეცოდინებათ, რისი გაკეთება შემიძლია და ნდობას გამომიცხადებენ.

'ჩემი საყვარელი კალათბურთელი კევინ გარნეტია და სულ ვცდილობ, რომ მისი თამაში კარგად შევისწავლო'

POPSPORT: თუ არის NBA-ში კალათბურთელი, რომლის თამაშიც ყველაზე მეტად მოგწონს და ცდილობ, მიბაძო?

მამუკელაშვილი: NBA-ში ბევრი მოთამაშეა, რომელიც ძალიან მომწონს. ჩემი საყვარელი კალათბურთელი კევინ გარნეტია და სულ ვცდილობ, რომ მისი თამაში კარგად შევისწავლო. გარნეტის მსგავსად ახლა აღარ თამაშობს, მაგრამ ჩემს უდიდეს მოწონებას ხორვატი ტონი კუკოჩი იმსახურებს. მას ყველასგან გამორჩეული პასის კულტურა ჰქონდა. ახლანდელი თაობის ვარსკვლავებიდან კევინ დურანტს, ბენ სიმონსს და დომანტას საბონისს გამოვარჩევდი. ბევრი მოთამაშეა, რომლებსაც თვალს ვადევნებ, ვცდილობ მათი თამაში შევისწავლო და შემდეგ მათი მოძრაობები გადმოვიღო და გამოვიყენო, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც კევინ გარნეტს, ტონი კუკოჩსს და კევინ დურანტს გამოვარჩევდი.

POPSPORT: როგორ შეაფასებდი გოგა ბითაძის თამაშს? ბევრი ფიქრობს, რომ ინდიანაში მას მეტი სათამაშო დრო ეკუთვნის...

მამუკელაშვილი: ჩემი აზრით, ახლა ბითაძე კარგ სიტუაციაშია. მან ყველა კალათბურთელის ოცნება აისრულა და NBA-ს გუნდში მოხვდა, თუმცა გეთანხმებით, რომ ეს არაა საკმარისი. გოგას სათამაშო დრო სჭირდება. დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი ნდობის შემთხვევაში თავს გაცილებით უკეთესად გამოავლენს. მე მჯერა ბითაძის. ვიცი რომ საკუთარ თავზე ძალიან ბევრს მუშაობს. მგონია, რომ სულ მალე ინდიანაშიც ნდობას გამოუცხადებს. მისი ათამაშება უბრალოდ დროის ფაქტორია.

POPSPORT: ევროპულ კალათბურთზე რა შეხედულების ხარ და თუ დაფიქრებულხარ რომელიმე კლუბში კარიერის გაგრძელებაზე?

მამუკელაშვილი: ევროპაში საკმაოდ მაღალი დონის კალათბურთს თამაშობენ. NBA ჩემი ოცნებაა, მაგრამ ნებისმიერ შეთავაზებას განვიხილავ. ამ მხრივ ყოველთვის გახსნილი ვარ. თუ წინადადება კარგი ევროპული კლუბებიდან მექნება, ჩამოსვლა რომ მომიწიოს, სიამოვნებით ჩამოვალ.

POPSPORT: საქართველოს ნაკრების თამაშს ალბათ თვალს ადევნებ. ევრობასკეტზე ჩამოსვლას ხომ აპირებ?

მამუკელაშვილი: საქართველოს ნაკრების თამაშებს, რა თქმა უნდა, ვუყურებ და გუნდის დიდი გულშემატკივარი ვარ. ნაკრებში თამაში ჩემი ოცნება იყო! ევრობასკეტზე ჩამოსვლას აუცილებლად ვაპირებ და იმედია, ხელს არაფერი შემიშლის. საქართველო, მისი საკალათბურთო ნაკრები, მოთამაშეები ძალიან მიყვარს და ნებისმიერ დროს მზად ვარ, თუ საჭირო ვიქნები, ბოლომდე დავიხარჯო.

POPSPORT: ილიას ზუროსს თუ აქვს შენთან კონტაქტი?

მამუკელაშვილი: ზუროსი ხშირად მეხმიანება, მეც ხშირად ვურეკავ ხოლმე. ერთმანეთთან მშვენიერი დამოკიდებულება გვაქვს. ძალიან მაღალი დონის მწვრთნელია. სულ ცდილობს, გვერდში დამიდგეს და დამეხმაროს. მისი ძალიან დიდი მადლობელი ვარ და იმედი მაქვს, მის გუნდში თამაშს მალე მოვახერხებ.

2020-21 წლების სეზონში სანდრო მამუკელაშვილის საშუალო მაჩვენებლები 17.6 ქულა, 7.2 მოხსნა და 3.2 შედეგიანი გადაცემაა. NCAA-ში გატარებული ოთხი სეზონის განმავლობაში მამუკელაშვილის ანგარიშზე უკვე 979 ქულაა და ამ მაჩვენებლით იგი კლუბის ისტორიაში 48-ე ადგილზეა. ბოლო მატჩის ჩათვლით, სეტონ ჰოლს BIG EAST-ის კონფერენციაში 9 მოგება და 5 მარცხი აქვს. გუნდი გადამწყვეტ ეტაპზე, ანუ “მარტის სიგიჟეში” მოსახვედრად იბრძვის.

კომენტარები

ბოლო ამბები