Thumbnail

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს: საფრანგეთის ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის ყოფილი მარჯვენა მცველი ვილი სანიოლი!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დღეს ონლაინ-რეჟიმში აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის საკითხზე იმსჯელეს და 43 წლის სანიოლი ნაკრების დამრიგებლის პოსტზე დაამტკიცეს. ფრანგის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება. კონტრაქტი 2-წლიანია 2+2 სისტემით გაფორმდა.

2017 წლიდან სანიოლი ბაიერნის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა

საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი საფეხბურთო კარიერის დროს, საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი (2006) და კონფედერაციის თასის ორგზის გამარჯვებული გახდა (2001, 2003). სანიოლმა მიუნხენის ბაიერნის შემადგენლობაში უეფას ჩემპიონთა ლიგა (2001) და გერმანიის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ (2001, 2003, 2005, 2006, 2008) მოიგო. ფრანგი სპეციალისტი 2011-2013 წლებში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა, ხოლო 2013-2014 წლებში საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ვილი სანიოლმა მწვრთნელის რანგში საკლუბო კარიერა დაიწყო და 2014-16 წლებში ფრანგულ ბორდოს ხელმძღვანელობდა. 2017 წლიდან სანიოლი ბაიერნის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.

საქართველოს ნაკრები 2020 წლის ნოემბრიდან მოყოლებული უმწვრთნელოდ იყო. ვლადიმირ ვაისმა ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1) მარცხის შემდეგ გუნდიდან წასვლა დააანონსა. სლოვაკმა ნაკრებს ამის შემდეგ სომხეთთან მატჩში უხელმძღვანელა (1:2), მაგრამ წაგების შედეგ პოსტი ვადაზე ერთი თამაშით ადრე დატოვა და ესტონეთთან (1:1) ეროვნული გუნდის დამრიგებელი რამაზ სვანაძე იყო. ვაისი საქართველოს ნაკრებს 2016-2020 წლებში წვრთნიდა და 48 თამაშიდან მისმა გუნდმა 16 მოიგო, 16-ჯერ ფრე ითამაშა და ასევე 16-ჯერ დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მუნდიალის შესარჩევში საქართველო ურთულეს ჯგუფში მოხვდა - ეროვნული გუნდი B ჯგუფში, ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან ერთად ითამაშებს. პირველი მატჩი ნაკრებს 25 მარტს უწევს - სტუმრად შვედეთთან. 28 მარტს ეროვნულმა გუნდმა ესპანეთის ნაკრებს უნდა უმასპინძლოს, ხოლო 31 მარტს კი საბერძნეთს უნდა ესტუმროს (სრული კალენდარი ნახეთ აქ).

კომენტარები

ბოლო ამბები