Thumbnail
  • ერლინ ჰაალანდმა სევილიასთან მატჩის წინ ისაუბრა
  • დორტმუნდის გოლეადორმა თანაგუნდელებს მიმართა

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში თავის მე-16 მატჩში ერლინგ ჰაალანდმა შაბათს მე-15 გოლი გაიტანა და დორტმუნდის ბორუსია საკუთარ მოედანზე მე-7 მარცხისგან იხსნა. BVB-მ ჰოფენჰაიმთან 2:2 ითამაშა და მე-6 ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰაალანდი და კომპანია ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა არიან. ბორუსიას მე-4 ადგილამდე 6 ქულა აშორებს.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონთა ლიგაში ვთამაშობდე. პირველ რიგში საკუთარი თავისგან მაქვს მოლოდინი, რომ ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგაში უნდა ვთამაშობდეთ,” - განაცხადა 20 წლის ნორვეგიელმა თავდამსხმელმა სევილიასთან ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის წინ, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება.

ჰაალანდი უკმაყოფილოა იმით, რომ დღევანდელი მდგომარეობით დორტმუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის დაკარგვის საფრთხე ემუქრება, თუმცა ოპტიმისტურადაა განწყობილი და სჯერა, რომ გუნდი პროგრამა მინიმუმს მაინც შეასრულებს: “100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ შედეგებს გამოვასწორებთ და მიზანს მივაღწევთ.”

დორტმუნდს ბუნდესლიგის მეორე წრე ასე ცუდად ბოლო 12 წლის მანძილზე არ დაუწყია - გუნდი კრიზისიდან ვერც ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ედინ ტერზიჩმა გამოიყვანა. თუმცა ჰაალანდი მწვრთნელს იცავს: “უბრალოდ უნდა ვეცადოთ, რომ მისი დავალებები მაქსიმალურად შევასრულოთ. მწვრთნელს სჯერა ჩვენი და ჩვენ უნდა გვჯეროდეს საკუთარი ძალების.”

ჰაალანდი დორტმუნდელთა მთავარი იმედია

ნორვეგიელი აცხადებს, რომ ადრეც ყოფილა რთულ სიტუაციებში: “კრიზისის დროს წარუმატებლობებზე ბევრი არ უნდა იფიქრო და ვცდილობ, არ ვიფიქრო. ყოველთვის, როცა ხშირად ვერ იგებ, ისეთი განცდა გეუფლება, რომ ყველაფერი შენს წინააღმდეგაა.”

რაც შეეხება უშუალოდ სევილიასთან მატჩს: “თუ ესპანელებთანაც ისე ვითამაშებთ, როგორც ბოლო მატჩებში, მაშინ მათ წინააღმდეგ შანსი არ გვექნება.” - დასძენს ჰაალანდი.

სევილიას და დორტმუნდის მატჩი ოთხშაბათს, 23:55-დან დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ბორუსიას მონიეს, ვიტსელის და შმელცერის სახით 3 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ტრავმირებული ჰყავს. სევილიელთა რიგებში უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშაა ლუკას ოკამპოსის თამაში...

კომენტარები

ბოლო ამბები