Thumbnail
  • ფაბიო ფონინი 3:6, 4:6, 2:6 რაფაელ ნადალი
  • მაკენზი მაკდონალდი 4:6, 2:6, 3:6 დანიილ მედვედევი
  • ანდრეი რუბლიოვი 6:2, 7:6 (7:3), 0:0 კასპერ რუუდი

ავსტრალიის ღია პირველობაზე რაფაელ ნადალს სერიოზული წინააღმდეგობა ვერც ფაბიო ფონინიმ გაუწია!

ესპანელმა რეკორდსმენმა იტალიელი მერვედფინალში 2 საათსა და 16 წუთში, 6:3, 6:4, 6:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში სეტის წაუგებლად გავიდა. მეორე სეტში იყო მომენტი, როცა მსოფლიოს მე-17 ჩოგან ფონინის შანსი ჰქონდა, რადგან ნადალმა თავისი მოწოდება წააგო და ანგარიში იტალიელის სასარგებლოდ 4:2 გახდა, მაგრამ რაფამ მაშინვე აიღო ბრეიკი, გაათანაბრა და წინაც გავიდა. მესამე სეტში კი ფონინიმ ორჯერ წააგო საკუთარი მოწოდება.

რაფამ ფონინის ბარიერიც იოლად გადალახა

ამრიგად, რაფაელ ნადალი, ისევე, როგორც შარშან, მეოთხედფინალშია, სადაც სტეფანოს ციციპას შეხვდება. თუკი რაფა ავსტრალიის ღია პირველობას მოიგებს, ჯამში 21 დიდი სლემი ექნება მოგებული, რითაც როჯერ ფედერერს გადაასწრებს და ყველა დროის რეკორდსმენთა რეიტინგში ერთპიროვნული ლიდერი გახდება. შეგახსენებთ, რომ ნადალს ავსტრალიის ღია 2009 წლის შემდეგ აღარ მოუგია. შესაბამისად, ესპანელი გახდება პირველი ჩოგბურთელი პროფესიონალური ჩოგბურთის ერაში (1968 წლიდან), რომელსაც თითოეული დიდი სლემი მინიმუმ ორჯერ ექნება მოგებული.


მეოთხედფინალშია დანიილ მედვედევიც. 25 წლის რუსმა ამერიკელ მაკენზი მაკდონალდს ასევე სამ სეტში მოუგო და ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში პირველად გავიდა, სადაც ასევე რუსს, ანდრეი რუბლიოვს შეხვდება, რომელმაც ნორვეგიელ კასპერ რუუდს ორი სეტი მოუგო, მერე კი ეს უკანასკნელი ტრავმის გამო დანებდა.

დანიილ მედვედევი ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალშია

ამრიგად, ჩოგბურთის ისტორიაში (Open Era) პირველად მოხდა ისე, რომ დიდი სლემის ტურნირის მეოთხედფინალში ერთდროულად სამი რუსი ჩოგბურთელი ითამაშებს, რადგან 8 საუკეთესოს შორისაა 114-ე ჩოგანი ასლან კარაცევიც. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი რუსი, რომელმაც დიდი სლემის მოგება შეძლო, მარატ საფინი გახლდათ (2005, ავსტრალია).

 

კომენტარები

ბოლო ამბები