Thumbnail

CD Projekt Red-ის სერვერიდან მოპარული ფაილები დარქნეტის აუქციონზე გამოჩნდა

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • აუქციონში მონაწილეობის მისაღებად პირველადი 'ბიდი' 1 მილიონი დოლარი იყო
  • მოპარულ ფაილებს შორისაა The Witcher 3 რამდენიმე ვერსია და DLC, Gwent და Cyberpunk 2077

რამდენიმე დღის წინ, ჰაკერებმა პოლონური დეველოპერული სტუდიის, CD Projekt Red-ის სერვერი გატეხეს და პოპულარული როლური თამაშების, მათ შორის The Witcher-ის და Cyberpunk 2077-ის კოდები მოიპარეს. გავრცელებული ხმების მიხედვით, თავდამსხმელებმა ხელში ჩაიგდეს არა მხოლოდ თამაშების პირველადი კოდები, არამედ მათი გამოუქვეყნებელი ვერსიები და რამდენიმე DLC-იც. 

ფაილები მალევე გამოჩნდა ე.წ. დარქნეტის ერთ-ერთი ვებგვერდის აუქციონზე: მათი საწყისი ფასი 7 მილიონ დოლარს შეადგენდა. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, მსურველებს წინასწარ 1 მილიონ დოლარის 'ბიდი' უნდა დაედოთ, ხოლო ყოველ ეტაპზე ფასი ნახევარი მილიონი დოლარით იზრდებოდა.

დარქნეტის კონტროლის ორგანიზაცია KELA-მ, გამოცემა The Verge-ს მიაწოდა რამდენიმე სურათი, რომელშიც აუქციონზე გამოტანილი ფაილების ჩამონათვალია გამოსახული. თუმცა, აუქციონი მალევე დაიხურა, ხოლო ანონიმურმა ორგანიზატორებმა ფორუმზე დაწერეს, რომ გამოჩნდა მყიდველი, რომელმაც ფაილების მთლიანი არქჲვის შეძენა მოისურვა და ''ბევრად მეტი თანხა შესთავაზა გამყიდველს, ვიდრე აუქციონში მონაწილე პირებმა.'' 

უცნობია, ზუსტად რა ფასად გაიყიდა ფაილები, ან რა მიზნით შეიძინა ისინი მყიდველმა: აუქციონის პირობების თანახმად, კოდის კომერციული გამოყენება და დისტრიბუცია აკრძალული იყო. IGN-თან საუბრისას, KELA-ის კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა, ვიქტორია კივილევიჩმა განაცხადა, რომ მოპარულ ფაილებს შორის არის The Witcher 3 რამდენიმე ვერსია და DLC, Gwent და Cyberpunk 2077-ის პირველადი კოდი. 

აუქციონის მფლობელმა ფაილების გაყიდვის ფაქტი დაადასტურა

ვიქტორია კივილევიჩმა ასევე აღნიშნა, რომ გამყიდველმა 10 თებერვალს, CD Projekt Red-ს აუქციონის დახურვის სანაცვლოდ, თანხის გადახდა შესთავაზა, ვინაიდან ფაილები სენსიტიურ ინფორმაციას შეიცავდა, თუმცა, სტუდიამ ამაზე უარი თქვა. 

CD Projekt Red-მა საკუთარ ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ სტუდია ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა და ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებსაც აცნობეს. თუმცა, არ დაუდასტურებია, რომ ჰაკერებმა ფაილების დასაბრუნებლად გამოსასყიდის გადახდა შესთავაზეს.

კომენტარები

ბოლო ამბები