Thumbnail
  • საქართველო 10:11 საბერძნეთი
  • მესამე მეოთხედი საქართველომ 5:2 მოიგო და ბოლომდე შანსს ინარჩუნებდა 

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში დაიწყო ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირი წყალბურთში. ტოკიოს 3 საგზურისთვის 12 ნაკრები იბრძვის, მათ შორის საქართველოც. ჩვენი ეროვნული ნაკრები პირველ დღეს საბერძნეთის ძლიერ ნაკრებს შეხვდა და დამარცხდა - 10:11. დეიან სტანოევიჩის ნაკრებმა შესანიშნავად ითამაშა და ბოლო წამებამდე შანსი ჰქონდა. 

პირველივე წუთზე მსაჯმა რევაზ იმნაიშვილი გააძევა, ბერძნებმა გაიტანეს, მაგრამ მსაჯმა ეს გოლი გააუქმა. თუმცა მალევე ნაკრებს ბერძნების კონტრშეტევა გაეპარა და ანგელოს ვლახოპულოსმა პენალტი გაიტანა ირაკლი რაზმაძის კარში. საბერძნეთის ნაკრებმა კვლავ კონტრშეტევაზე იხეირა, თუმცა საპასუხო შეტევაში ფაბიო ბარალდიმ საქართველოს ნაკრების პირველი გოლი გაიტანა. პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 2:3 წააგო. 

📺 საქართველო v საბერძნეთი [მიმოხილვა]

მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა სამი გოლი გაიტანა (დუბლი მარკო ელეზმა შეასრულა, ბარალდიმაც თავისი მეორე გოლი შეაგდო), მაგრამ 5 გაუშვა და ტაიმი დეიან სტანოევიჩის გუნდმა 5:8 დათმო. მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალედ ითამაშა და მარკო ელეზმა ბოლო წამებზე ანგარიშიც გაათანაბრა - 10:10. 

გადამწყვეტ მეოთხედში საქართველოს ნაკრებს დაწინაურების კარგი შანსები ჰქონდა. თამაშის ბოლო წუთამდე დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა, საქართველო 10:11-ს აგებდა, თუმცა შეტევაში ბურთი დაკარგა. 

საქართველოს ნაკრები A ჯგუფშია, სადაც პლეი ოფის 4 საგზურისთვის იბრძვიან. საბოლოოდ ორი ფინალისტი და მესამეადგილოსანი ტოკიოს ოლიმპიადაზე ითამაშებს. 15 თებერვალს საქართველოს ნაკრები წესით, თურქეთს უნდა დაპირისპირებოდა (თბილისის დროით 23:30-ზე), მაგრამ მეტოქე ტურნირზე მონაწილეობას ვერ ახერხებს - თურქეთის დელეგაციაში კორონავირუსის ტესტი ჩააგდეს. ასე რომ, 15-ში საქართველოს ნაკრები ისვენებს, 16-ში კი კანადას დაუპირისპირდება. A ჯგუფში ასევე თამაშობენ: ბრაზილია და მონტენეგრო.

საქართველო 10:11 საბერძნეთი

2:3, 3:5, 5:2, 0:1

გოლები: 0:1 ვლახოპულოსი, 0:2 პაპანასტასიუ, 1:2 ბარალდი, 1:3 არგიროპულოსი, 2:3 დადვანი, 2:4 ფუნტულისი, 2:5 პაპანასტასიუ, 3:5 ბარალდი, 3:6 სკუმპაკისი, 4:6 ელეზი, 4:7 ფუნტულისი, 4:8 ფუნტულისი, 5:8 ელეზი, 6:8 ელეზი, 7:8 ვაპენსკი, 7:9 ფუნტულისი, 8:9 შუშიაშვილი, 8:10 მურიკისი, 9:10 ვაპენსკი, 10:10 ელეზი, 10:11 ფუნტულისი

საქართველო: რაზმაძე - ქავთარაძე, დადვანი (1), იმნაიშვილი, ბითაძე, იელაჩა, ჯახაია, შუშიაშვილი (1), ელეზი (4), მაგრაქველიძე, ბარალდი (2), ვაპენსკი (2)

კომენტარები

ბოლო ამბები