Thumbnail

'ეს ჩემთვის გაკვეთილი იქნება' - ანტონიო კონტემ ბოდიში მოიხადა

იტალიის თასის ½-ფინალის საპასუხო მატჩი, რომელშიც იუვენტუსმა ტურინში მილანის ინტერი მიიღო, სკანდალური გამოდგა. მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა ანტინიო კონტემ ტურინული კლუბის ხელმძღვანელობას შუა თითი უჩვენა, რაც კამერამაც დააფიქსირა. ამის პასუხად იუვენტუსის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ თამაშის დასრულების შემდეგ კონტეს არცთუ კორექტულად მიმართა.

მილანის ინტერის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მოგვიანებით მედიასთან ბოდიში მოიხადა: 

"მსურს ბოდიში მოვიხადო იმის გამო, რომ შეუარცხყოფაზე არასწორი რეაგირება მქონდა. შემეძლო პასუხი სხვანაირად გამეცა და ყველაფერი უფრო პოზიტიურად დასრულდებოდა. 

ვწუხვარ და ეს ჩემთვის გაკვეთილი იქნება სამომავლოდ. შეურაცხყოფა და პროვოკაცია თავის გასასამართლებელი არ შეიძლება იყოს. ასე არ უნდა მეპასუხა. ყველამ დაინახა, რა მოხდა იუვენტუსის სტადიონზე, მაგრამ ჩვენ, მწვრთნელებიც, ფეხბურთელებიცა და პრეზიდენტებიც, სამაგალითონი უნდა ვიყოთ. შეურაცხყოფასა და პროვოკაციაზე რეაგირება სხვაგვარადაც შეიძლება", - აქვეყნებს კონტეს ნათქვამს იტალიური მედია. 

იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი ტურინში უგოლოდ დასრულდა, პირველ შეხვედრაში მოპოვებული უპირატესობის (2:1) წყალობით კი ფინალში იუვენტუსი გავიდა, რომელიც ტიტულისთვის ბერგამოს ატალანტას დაუპირისპირდება.

მილანის ინტერს სერია A-ში ჩატარებული 21 მატჩის შემდეგ, 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე მილანია 49 ქულით. კონტეს გუნდი მომდევნო მატჩს 14 თებერვალს, შინ ლაციოსთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები