Thumbnail
  • ბაიერნმა დავიდ ალაბას შემცვლელი იპოვა
  • დაიო უპამეკანო კარიერას მიუნხენში გააგრძელებს

დავიდ ალაბა მიუნხენის ბაიერნიდან ჯერ არ წასულა, მაგრამ რეკორდმაისტერმა მისი შემცვლელი უკვე დაიბევა!

როცა ცნობილი გახდა, რომ ბავარიული გრანდი ლაიპციგის მცველ დაიო უპამეკანოს აგენტებს ელაპარაკებოდა, მიუნხენელთა სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა არ დამალა, რომ “მოლაპარაკებები საკმაოდ კარგად მიდიოდა.”

ახლა უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია: 22 წლის ფრანგი მცველი, რომელიც ლაიპციგში 2017 წლის იანვრიდან თამაშობს, ზაფხულში მიუნხენში გადავა და მომავალი სეზონიდან კარიერას რეკორდმაისტერში გააგრძელებს. ამის შესახებ ყველა გერმანული გამოცემა წერს, პირველმა კი ამბავი ‘კიკერმა’ გაავრცელა. ტრანსფერი უკვე სალიჰამიჯიჩმაც დაადასტურა.

ფეხბურთელის კონტრაქტში ჩადებული პუნქტის მიხედვით, უპამეკანოს ლაიპციგიდან წასვლა 43 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია. ეს არცისე დიდი თანხაა ახალგაზრდა მცველისთვის, რომელიც ბუნდესლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა. დაიო უპამეკანოს გადაბირება ლონდონის ჩელსისაც სურდა. მის გვარს ლივერპულთანაც აკავშირებდნენ.

უპამეკანო ლაიპციგში 2017 წლიდან თამაშობს და ბუნდესლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა

ამრიგად, ბაიერნმა სწრაფად მოახდინა რეაგირება ალაბას სავარაუდო წასვლაზე, რაც თითქმის გადაწყვეტილი ამბავია. შეგახსენებთ, რომ ბაიერნთან კონტრაქტი უმთავრდება და სავარაუდოდ ასევე წავა ჟერომ ბოატენგიც. გერმანული მედიის ინფორმაციებზე დაყრდნობით, პოპსპორტი ცოტა ხნის წინ წერდა, რომ ბაიერნს მომავალის სეზონისთვის ორი ახალი მცველი დასჭირდება. უპამეკანოს ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია - მეორე კი, შესაძლოა, ტურინის იუვენტუსის უკანახაზელი მერიჰ დემირალი იყოს. ბაიერნს დაცვის ცენტრისთვის ასევე ჰყავს 25 წლის ნიკლას ზიულე, 24 წლის ლუკა ერნანდესი და ფრანგი ტალანტი, 18 წლის ტანგი ნიანზუ.

კომენტარები

ბოლო ამბები