Thumbnail
  • 📅 13 თებერვალი | ⌚ 21:00 | ⚽ ნაპოლი V იუვენტუსი
  • იუვენტუსი უკეთეს ფორმაშია, ვიდრე ნაპოლი
  • ჯენარო გატუზოსთვის ეს თამაში შესაძლოა, ბოლო შანსი აღმოჩნდეს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

სერია A გადამწყვეტ ფაზაში შედის. ახლა სეზონის ის ეტაპი დგება, როცა თითოეულ ქულას ძალიან დიდი ფასი აქვს. მაგალითად, ასეა ნაპოლის მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოსთვის, რომელიც "ბეწვის ხიდზეა" და 22-ე ტურში იუვენტუსთან თუ წააგებს, შეიძლება უსამსახუროდ დარჩეს. ყოველ შემთხვევაში, ასეთია იტალიელი ჟურნალისტების პროგნოზი.

ამგვარად, ნაპოლისა და იუვენტუსის ისედაც ძალიან ცხელ დაპირისპირებას დამატებითი ინტრიგა შეემატა. გატუზოს სკამი შერყეულია და ეს ლოგიკურია, რადგან ნაპოლი ნამდვილად ვერ აჩვენებს იმ ფეხბურთსა და შედეგებს, რასაც მისი ოდიოზური პრეზიდეტი აურელიო დე ლაურენტისი ითხოვს. ასე მაგალითად, ნეაპოლიტანელებმა ბოლო ორი მატჩი წააგეს და იტალიის თასის ფინალს მიღმაც დარჩნენ. ამას წინ უძღოდა ვერონასთან მძიმე მარცხი და იტალიის სუპერთასზე იუვენტუსთან წაგებაც, რამაც ცხადია, გატუზოს მძიმე დარტყმა მიაყენა.

უცნაურია, მაგრამ ეს გუნდები მეორე წრეში ისე ხვდებიან ერთმანეთს, რომ პირველ წრეში ერთმანეთის წინააღმდეგ არ უთამაშიათ. 2020 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილი მატჩი დიდხანს იყო განხილვის თემა. ნაპოლის ორ ფეხბურთელს კორონავირუსი ჰქონდა, რის გამოც რეგიონის ჯანდაცვის უწყებამ კლუბს ქალაქის დატოვება აუკრძალა და შედეგად, ტურინში ვერ ჩავიდა. საპასუხოდ, იუვენტუსის ფეხბურთელები თამაშისთვის მზად იყვნენ და საქმე იქამდეც მივიდა, რომ ტურინელები მოედანზე გავიდნენ. სერია A-ში არსებული პროტოკოლით, თუ გუნდს 13 ჯანმრთელი ფეხბურთელის მოგროვება შეუძლია, ვალდებულია, თამაშზე გამოცხადდეს და ნაპოლი მაშინ ასეთი პრობლემის წინაშე ნამდვილად არ იდგა. როგორც ვთქვით, მხოლოდ ორი მოთამაშე ჰყავდა კოვიდ-დადებითი (სხვათა შორის, როგორც ახლა). თავდაპირველად, პროტოკოლის უგულებელყოფისთვის ნაპოლის იუვესთან 0:3 ტექნიკური წაგება ჩაეთვალა და პლუს სატურნირო ცხრილში 1 ქულა დააკლეს. თუმცა, ნეაპოლელებმა აპელაცია შეიტანეს, რომელიც იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა დააკმაყოფილა და გატუზოს გუნდს ყველა სანქცია მოეხსნა. ამდენად, ეს თამაში ჩატარდება, მაგრამ როდის, ჯერ კიდევ უცნობია, რადგან კალენდარში თავისუფალი თარიღი ჯერჯერობით არ ჩანს და ბევრი რამ ამ გუნდების ევროშედეგებზე იქნება დამოკიდებული. საგულისხმოა ისიც, რომ ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც კონკრეტულმა გუნდმა 2 ინფიცირებული ფეხბურთელის გამო ვერ (არ) ითამაშა, სხვა შემთხვევაში ყველა გუნდი, გაცილებით მძიმე და საგანგაშო მდგომარეობაშიც თამაშობდა.

გატუზოსა და პირლოს სამწვრთნელო დაპირისპირებაში ჯერჯერობით ანდრეა იგებს

ეს უკვე წარსულია, მაგრამ ამ გუნდებს შორის დაძაბულ ურთიერთობას კიდევ ეს უცნაური შემთხვევა დაემატა, რაც გამოსარჩევია. თუმცა, იუვემ და ნაპოლიმ მიმდინარე სეზონში ერთმანეთში მაინც ითამაშეს, ეს 20 იანვარს მოხდა, იტალიის სუპერთასზე და იუვენტუსმა მეტოქეს კრიშტიანო რონალდოსა და ალვარო მორატას გოლებით მოუგო (2:0). შედეგად, ანდრეა პირლომ სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მეგობრის (გატუზო) წინააღმდეგ მოიპოვა. იმ თამაშში ლორენცო ინსინიემ პენალტი ვერ გაიტანა და მას ტურინელთა წინააღმდეგ უკვე 3 გაცუდებული პენალტი აქვს დაგროვილი.

რონალდომ სუპერთასზე ნაპოლის გაუტანა

დასაწყისში ვთქვით, რომ ნაპოლი ცუდ ფორმაშია და განსაკუთრებით ცუდი შედეგები აქვს. იუვენტუსი პირიქით, 2021 წელს ნამდვილად უკეთესია (შედეგებით) და 12 თამაშიდან 10 მოიგო, მხოლოდ ერთხელ წააგო და შუა კვირაში ინტერთან უგოლო ფრით იტალიის თასის ფინალშიც გავიდა. ზოგადად, ბოლო 7 მატჩში იუვენტუსმა ერთადერთი გოლი გაუშვა და დაცვაში გამოსწორებულ სიტუაციას ლეგენდარული ჯორჯო კიელინის დაბრუნებასა და შესანიშნავ ფორმას აწერენ. მოკლედ, იუვე კარგ პერიოდშია, მაგრამ სხვა საქმეა, რომ მილანურ გუნდებთან ჩამორჩენას ვერაფრით ამცირებს, რადგან მილანი და ინტერიც ქულებს თითქმის არ კარგავენ.

ორივე გუნდშია საკადრო პრობლემები: იუვენტუსს არტური, აარონ რემზი, პაულო დიბალა და ლეონარდო ბონუჩი ჰყავს ტრავმირებული, ხოლო ნაპოლის - დიეგო დემე, ელშიედ ჰისაი, კოსტას მანოლასი და დრის მერტენსი, ხოლო კალიდუ კულიბალისა და ფაუზი გულამის კორონავირუსი აქვთ. ამგვარად, გატუზოს გუნდს დაცვის ხაზში აქვს განსაკუთრებული პრობლემები, რადგან კულიბალისა და მანოლასის სრულფასოვან შემცვლელებს ნეაპოლიტანურ გუნდში ნამდვილად ვერ იპოვით.

საინტერესო ფაქტები

⚽ 2020 წლის იანვარში 2:1 გამარჯვების შემდეგ, ნაპოლის შანსი აქვს, იუვენტუსი სერია A-ში ზედიზედ ორჯერ დაამარცხოს 2011 წლის შემდეგ პირველად, როდესაც გუნდს ვალტერ მაძარი წვრთნიდა.

⚽ ნაპოლისა და იუვეს შორის ბოლოს ფრე 2017 წლის აპრილში დაფიქსირდა (1:1, გოლები: ხედირა და ჰამშიკი). მას შემდეგ 4 თამაში ტურინელებმა მოიგეს, 2 - ნეაპოლელებმა.

⚽ პირველად სერია A-ს ისტორიაში მეორე წრის მატჩი პირველი წრის შეხვედრაზე ადრე გაიმართება (იუვე-ნაპოლის ტურინული მატჩი გაურკვეველი ვადით გადადებულია).

⚽ ნეაპოლში ამ გუნდების თამაში შაბათ დღეს მხოლოდ ხუთჯერ გამართულა. ორჯერ ტურინელებმა მოიგეს, სამჯერ მასპინძლებმა.

⚽ ნაპოლიმ სერია A-ში ბოლო 25 მატჩში მხოლოდ ერთხელ ითამაშა ფრე (1:1 ტორინოსთან გასული წლის დეკემბერში). დანარჩენი 24 თამაშიდან 15 ჯენარო გატუზოს გუნდმა მოიგო - 9 წააგო.

⚽ იუვენტუსს სერია A-ს ბოლო 3 თამაშში გოლი არ გაუშვია. ამაზე უკეთესი სერია კი 2018 წლის დეკემბრის შემდეგ არ ჰქონია, როცა გუნდში მაქს ალეგრი მუშაობდა.

⚽ ნაპოლი (2.9) და იუვენტუსი (3.2) არიან გუნდები, რომელთა კარში მიმდინარე სეზონში საშუალოდ ყველაზე ცოტა დარტყმა განხორციელდა.

⚽ ირვინგ ლოსანომ ნაპოლიში პირველი გოლი სწორედ იუვენტუსის კარში გაიტანა 2019 წლის აგვისტოში. ეს ერთადერთი თამაშია, რომელიც სერია A-ს ეგიდით ლოსანომ იუვეს წინააღმდეგ ჩაატარა.

⚽ ალვარო მორატას ერთადერთი საგოლე პასი აკლია თავისი რეკორდის დასამყარებლად. ამჟამად მის ანგარიშზე 7 შედეგიანი პასია და იგივე შედეგი ჰქონდა 2015/16 წლების სეზონში. მას ნაპოლის კარში გოლი არასდროს გაუტანია (4 თამაშში), ორჯერ კი საგოლე გადაცემა მიითვალა (ორივე 2015 წელს).

⚽ იუვენტუსის მოქმედ ფეხბურთელებში ნაპოლის კარში ყველაზე მეტი გოლი ჯორჯო კიელინის აქვს გატანილი (3). მისთვის მომდევნო თამაში სერია A-ში მე-400 იქნება.

⚽ იუვენტუსისა და ნაპოლის ბოლო 4 თამაშში ორჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ იუვენტუსის ბოლო 5 მატჩში 2-ჯერ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და ერთხელ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ნაპოლის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ეს გუნდები სერია A-ში აქამდე 149-ჯერ შეხვედრიან. 69 მატჩი იუვენტუსმა მოიგო, 32 ნაპოლიმ და 48-ჯერ ფრე დაფიქსირა.

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი (4-3-3): ოსპინა - დი ლორენცო, მაკსიმოვიჩი, რაჰმანი, მარიო რუი - ელმასი, ბაკაიოკო, ზიელინსკი - ლოსანო, პეტანია, ინსინიე
ტრავმა ან კორონავირუსი: მერტენსი, გულამი, კულიბალი, მანოლასი, ჰისაი, დემე

იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი - კუადრადო, დე ლიხტი, კიელინი, დანილო - მაკკენი, ბენტანკური, რაბიო, კიეზა - რონალდო, მორატა
ტრავმა: დიბალა, არტური, რემზი, ბონუჩი

კომენტარები

ბოლო ამბები