Thumbnail

'პირობას გაძლევთ, ქამარს ჩამოვიტან' - მაყაშვილი მარტში იჩხუბებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

ლევან მაყაშვილი პირველი ქართველია, რომელმაც UFC-ში საქართველოს სახელით იჩხუბა. მას გარკვეული პაუზა ჰქონდა, რის შემდეგაც ACA-ს ორგანიზაციაში აღმოჩნდა, სადაც მაყაშვილმა 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში იჩხუბა და რუმინელ აურელ პირტეასთან დამარცხდა.

მაყაშვილს მომდევნო ბრძოლა ამავე ორგანიზაციაში, მარტში ელის. ლევანი პოპსპორტს მარცხის მიზეზებსა და ახალი ბრძოლისთვის მზადების პროცესზე გვესაუბრა. მაყაშვილი წონის შეცვლას აპირებს და დაგვპირდა, რომ 66 კილოგრამში ქამარს აუცილებლად მოიგებს და საქართველოში ჩამოიტანს.

ლევან მაყაშვილი: "ორი თვის წინ პოლონეთში ვიჩხუბე. ახლა ისევ ჩემს წონას ვუბრუნდები - 66 კილოგრამში ვიჩხუბებ. ბოლო ბრძოლა 70 კილოგრამში მქონდა. გარდა ამისა, რამდენიმე პრობლემა შემექმნა - კორონავირუსით ინფიცირებული ვიყავი, მუხლზე მენისკი მაწუხებდა, მაგრამ ბრძოლა მაინც არ გავაჩერე. მარტში ისევ ვიჩხუბებ - მომზადებას ვაგრძელებ. პირობას გაძლევთ, რომ 66 კილოგრამში ACA-ს ქამარს ჩამოვიტან. 2-3 კვირაში გაირკვევა, ვინ იქნება ჩემი მეტოქე. ყველანაირად მზად ვარ ბრძოლისთვის. არაფერი მაწუხებს და მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობ."

მაყაშვილი თბილისშია და MMA-ში საქართველოს ჩემპიონატის ორთაბრძოლებს დაესწრება. პირველი ტური 13 თებერვალს გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას 30 სპორტსმენი მიიღებს. ჩემპიონატის პირდაპირი რეპორტაჟი ევროპაბეთისა და პოპსპორტის ფეისბუქის გვერდებზე, ასევე პოპსპორტის იუთუბის არხზე იქნება. ბრძოლები შაბათს 18:00-საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები