Thumbnail

FIFA 21 | ყველაზე დაბალრეიტინგიანი მეკარე რეალურად ცხოვრებაში გამოსცადეს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი

როდესაც EA საფეხბურთო სიმულატორ FIFA-ს ახალ ვერსიას უშვებს, რაზე დაობენ ყველაზე ხშირად ფრენჩაიზის მოყვარულები? დიახ, ფეხბურთელების რეიტინგებზე, რაც ხშირ შემთხვევაში, გეიმერების აზრით რეალობას არ ასახავს.

თავიანთი რეიტინგებით ხშირად უკმაყოფილო თავად ფეხბურთელებიც არიან. მაგალითად, რომელუ ლუკაკუს FIFA 21-ში თავისი საერთო მაჩვენებელი (85) ძალიან არ მოსწონს და თავის დროზე ამაზე კომენტარიც გააკეთა. "FIFA-მ რეიტინგები სპეციალურად გააფუჭა, რათა ჩვენ, ფეხბურთელებს ჩივილი დაგვეწყო და თამაშის მიმართ ინტერესი გაგვეზარდა. ამ მძ**ერს არ შევეგუები. კარგად ვიცი, რასაც ვაკეთებ", - განაცხადა ბელგიელმა.

FIFA 21-ში ყველაზე დაბალრეიტინგიანი მეკარე Strømsgodset Toppfotball-ის 19 წლის დანიელ სკრეტბერგია. ეს გუნდი ნორვეგიის უმაღლეს დივიზიონში გამოდის, ხოლო ახალგაზრდა მეკარეს საფეხბურთო სიმულატორში საერთო მაჩვენებელი 50 აქვს.

დანიელ სკრეტბერგი - ყველაზე დაბალრეიტინგიანი მეკარე FIFA 21-ში

დანიელის სხვადასხვა მონაცემები ძალიან დაბალია. მაგალითად, მეკარის რეაქციის მაჩვენებელი 35 აქვს, დარტყმის 51, პოზიციის შერჩევის კი - 48. ეს მონაცემები ნორვეგიელს ყველაზე დაბალრეიტინგულ მეკარედ აქცევს.

YouTube არხ SkillNshoot-ს სურდა, ეჩვენებინა, რომ EA მონაცემებს არასწორად არჩევს და ნაკლებად ცნობილ ფეხბურთელებს უსამართლოდ აფასებს. სწორედ ამიტომ, ისინი დაუკავშირდნენ დანიელს და აჩვენეს, რა შეუძლია რეალურად.

ვიდეოს აღწერაში ნათქვამია: "ვცდილობთ, ამ ვიდეოში საკუთარი თავები გამოვცადოთ პროფესიონალი მეკარის წინააღმდეგ, რომელიც FIFA 21-ში ერთ-ერთი ყველაზე დაბალრეიტინგული ფეხბურთელია. გვსურდა, გაგვერკვია, რამდენად კარგი იყო იგი რეალურად. EA ხშირად აძლევს უსამართლო შეფასებას ნაკლებად ცნობილ ფეხბურთელებს."


როგორც ვიდეოში ხედავთ, 19 წლის მეკარე რამდენიმე საკმაოდ კარგ ბურთს იღებს და დარტყმაც არ აქვს ისეთი ცუდი, როგორც ეს საფეხბურთო სიმულატორშია მითითებული. ამით მათ დაამტკიცეს, რომ ახალგაზრდა კიპერის სტატისტიკური მონაცემები FIFA 21-ში არ არის სწორად ასახული.

იუთუბერებმა ნორვეგიელ მეკარეს ჰკითხეს, თავის რომელ სტატისტიკურ მონაცემს შეცვლიდა იგი ფრენჩაიზის ამ ნაწილში, რაზეც დანიელმა უპასუხა: "ყველას!"

კომპანია EA-მ თავისი ლეგენდარული საფეხბურთო ფრენჩაიზის ბოლო თამაში FIFA 21 ექვს ოქტომბერს გამოუშვა. FIFA 21 ხელმისაწვდომია PlayStation 4-ზე, Xbox One-ზე, Nintendo Switch-ზე,  PS5-ზე,  Xbox Series X-სა და პერსონალურ კომპიუტერზე. მისი სტანდარტული ვერსია 60$ ღირს, Champions ვერსია 80$, ხოლო Ultimate ვერსია - 100$.

კომენტარები

ბოლო ამბები