Thumbnail

ფინეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰენრიკ დეტმანმა თებერვალში თბილისში დაგეგმილი ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დაგეგმილი “ბაბლის” ეგიდით მატჩები 19 და 21 თებერვალს ჩატარდება. პირველ დღეს ფინეთი უშუალო კონკურენტ შვეიცარიას ეთამაშება (ორივე გუნდს 1 მოგება და 3 წაგება აქვს) და თუკი იმარჯვა და პარალელურად სერბეთმა საქართველოს სძლია, “სუსიენგი” ზედიზედ მე-5 ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს. თუ არადა, ყველაფერი კვალიფიკაციის ბოლო ტურში გაირკვევა, როდესაც ფინელები საქართველოს გაეჯიბრებიან, სერბეთი კი, ვისაც 2-2 მოგება-წაგება აქვს – შვეიცარიას.

მომავალი მატჩების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ფინელები ყველაფერს ეცადნენ, რომ საუკეთესო შემადგენლობა შეეკრიბათ და პრინციპში ეს გამოუვიდათ კიდეც. ეროვნულ გუნდშია ყველა ჩიკაგო ბულსის ლეგიონერ ლაური მარკანენის გარდა, რომლის ევროპაში ჩამოსვლა ისედაც ნაკლებსავარაუდო იყო, ყველაფერს დამატებული კი, 2.16 მეტრი სიმაღლის მქონე ცენტრმა ტრავმა მიიღო და ცხადია, მისი თამაში გამოირიცხა.

სამაგიეროდ, ნაკრებში ლამის 2-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება გამოცდილი პეტერი კოპონენი, რომელმაც ცოტა ხნის წინ კონტრაქტი იტალიურ რეჯიანასთან გააფორმა. 32 წლის გამთამაშებელს წესით გასული წლის ნოემბრის ფანჯრის დროსაც უნდა ეთამაშა, თუმცა, კორონავირუსის გამო, კარანტინში აღმოჩნდა. ამჯერად, ნაკრებში ვიხილავთ ტუუკა კოტის (ჰელსინკი), ალექს მერფისა (გრანადა, ესპანეთი) და ტოპიას პალმისაც (კრემონა, იტალია).

ფინეთის საკალათბურთო ფედერაცია კიდევ უფრო შორს წავიდა და იმდენი მოახერხა, რომ თბილისში ერიკ მერფი და მიკაელ იანტუნენიც ითამაშებენ. ეს ამბავი ყურადღებას იმად იმსახურებს, რომ პირველი იაპონურ ფუკუშიმაში თამაშობს, ხოლო მეორე – NCAA-ს ბინადარ იუტაში. დაგვეთანხმებით, პანდემიის ჟამს ამ მანძილებიდან კალათბურთელების ჩამოყვანას დიდი შრომა დასჭირდებოდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძლის რანგში ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვს, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპზე 4-დან 4 გამარჯვება მოიპოვა და საგზურს სპორტული პრინციპითაც მოიპოვებდა. როგორც აღვნიშნეთ, თბილისში დაგეგმილი E ჯგუფის "ბაბლის" ეგიდით, საქართველოს ნაკრები 19 თებერვალს სერბეთს უმასპინძლებს, 21-ში კი – ფინეთს.

ფინელების გაფართოებული შემადგენლობა

მიკო კოივისტო (სალონ ვილპასი), ალექს მერფი (გრანადა, ესპანეთი), შონ ჰაფი, ტუუკა კოტი (ორივე – ჰელსინკი), სასუ სალინი (ლენოვო ტენერიფე, ესპანეთი), პეტერი კოპონენი (რეჯიანა, იტალია), მატუ ნუუტინენი (ურა ბასკეტი), ჰენრი კანტონენი, ილარი სეპალა (ორივე – აიქს-მორიენე, საფრანგეთი), მიკაელ იანტუნენი (იუტა, NCAA), ელიას ვალტონენი (ტუბინგენი, გერმანია), ალექსანდერ მადსენი (ვეფ, ლატვია), ედონ მაქსჰუნი (პიარნუ, ესტონეთი), ააპელი ალანენი, ჯამარ ვილსონი (ორივე – კატაია ბასკეტი), ერიკ მერფი (ფუკუშიმა, იაპონია), ტოპიას პალმი (კრემონა, იტალია), დანიელ დოლენცი (სვანს გმუნდენი, ავსტრია).

კომენტარები

ბოლო ამბები