Thumbnail

გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფეს დღეს თად მაკფადენის სან პაბლო ბურგოსთან ესპანეთის თასის მეოთხედფინალური მატჩი ელის. მინი-ტურნირს სრულად მადრიდი უმასპინძლებს და სწორედ ქვეყნის დედაქალაქში ჩასულ ქართველ კალათბურთელს სასიამოვნო სიურპრიზი ელოდა.

მოგეხსენებათ, შერმადინი ლიგა ენდესას იანვრის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა და მისთვის საპატიო ჯილდოს გადაცემა სწორედ ახლა გადაწყდა. გიორგის სასტუმროს ნომრის კარზე აღნიშნული ამბის ამსახველი სპეციალური აბრა დახვდა, უშუალოდ ოთახში კი - მისთვის განკუთვნილი პრიზი.

ამან შერმადინის თანაგუნდელებიც ფრიად გაამხიარულა და როდესაც გიორგიმ ჯილდო შემართა, მათ ერთხმად შესძახეს MVP, MVP! აი, გაგრძელება კი უფრო საინტერესო იყო. ერთ-ერთმა ტენერიფელმა დაიყვირა “ხაჭაპური” და სხვებიც აჰყვნენ. ამას თავისი საფუძველი გააჩნია. ცნობილია, რომ გიო ქართული სამზარეულოთი თანაგუნდელებს ხშირად უმასპინძლდება, ახალი ტიტული კი მორიგი სუფრის კარგ მიზეზად იქნა მიჩნეული. თავად საქართველოს ნაკრების ცენტრმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

სასტუმროს ნომერში შესულ ქართველ კალათბურთელს პრესტიჟული ჯილდო დახვდა

“ცხადია, ამ ჯილდოს მიღებით ძალიან გახარებული ვარ. შემიძლია ვთქვა, რომ მადრიდში დღე კარგად დაიწყო. აქ ბიჭებიც მოვიდნენ, ყველამ დაინახა, რომ კარზე აბრა იყო განთავსებული და უნდოდათ ენახათ, რა ხდებოდა. ვიცი, რომ ამ ვიდეოს ნახვით ჩემს ოჯახშიც ძალიან გაიხარებენ. 3 წლის ტყუპები მყავს და ისინიც კი ყვირიან ხოლმე: “მამიკო, MVP, MVP”.

გასულ თვეში ტენერიფემ ესპანეთის ჩემპიონატში 5 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 3 მოიგო და 2 წააგო, შერმადინს კი ხსენებულ ხუთ შეხვედრაში საშუალოდ 20.6 ქულა, 5.6 მოხსნა, 3.5 პასი, 1.5 ჩაჭრა და 0.8 დაფარება ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა იანვარში 60-დან 41 ორქულიანი და 24-დან 21 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც, მისი ეფექტურობის კოეფიციენტი 27-ს გაუტოლდა, ეს კი, ლიგაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა.

როგორც აღვნიშნეთ, 11 თებერვალს მეოთხედფინალში ტენერიფელები სან პაბლო ბურგოსს ეთამაშებიან, ხოლო მადრიდის რეალი ვალენსია გაეჯიბრება. 2 მეოთხედფინალია 12-შიც: ბარსელონა-უნიკახა და ბასკონია-ხუვენტუტი. ნახევარფინალები 13 თებერვალსაა დაგეგმილი, ხოლო ფინალი – 14-ში. ყველა მატჩს რეალის WiZink Center უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები