Thumbnail
  • კაბალი/ფარა 6:7 (5:7), 7:6 (8:6), 6:4 ბასილაშვილი/ბეგემანი
  • გარსია პერესი/კალაშნიკოვა 5:7, 4:6 ფლიპკენსი/კლეპაჩი
  • ავსტრალიის ღია პირველობა ქართველი ჩოგბურთელების გარეშე გაგრძელდება

მელბურნში მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობა (საპრიზო ფონდი 25 111 730 დოლარი) ქართველი ჩოგბურთელების გარეშე გაგრძელდება. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც Australian Open-ის წყვილთა ტურნირს გამოეთიშა როგორც ნიკოლოზ ბასილაშვილი, ასევე – ოქსანა კალაშნიკოვა.

საინტერესოა, რომ ბასილაშვილსა და მის გერმანელ მეწყვილე ანდრე ბეგემანს სენსაციამდე ძალიან ცოტა დააკლდათ. მათ პირველი განთესვის მქონე კოლუმბიურ დუეტთან (ხუან სებასტიან კაბალი-რობერტ ფარა) მატჩ-პოინტიც კი ჰქონდათ, თუმცა, ბოლო ნაბიჯის გადადგმა ვერ მოახერხეს.

ქართველმა და გერმანელმა ჩოგბურთელებმა პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე მოიგეს, მე-2 სეტის ტაი-ბრეიკზე კი 6:5 დაწინაურდნენ, მაგრამ ამის შემდეგ კოლუმბიელებმა ზედიზედ 3 გათამაშებაში იმარჯვეს და სეტი სათავისოდ დაასრულეს. საბოლოოდ, კაბალმა და ფარამ მატჩი, რომელიც თითქმის 3 საათს გაგრძელდა, 6:7 (5:7), 7:6 (8:6), 6:4 მოიგეს.

📺 კაბალი/ფარა V ბასილაშვილი/ბეგემანი

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე 28 წლის ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის ერთეულთა ბადესაც დაემშვიდობა. პირველ წრეში მას ამერიკელი ტომი პოლის სახით დაუმარცხებელი მეტოქე ნამდვილად არ ჰყოლია, თუმცა, საქართველოს პირველმა ჩოგანმა სეტის აღებაც ვერ მოახერხა – 4:6, 6:7 (0:7), 4:6.

თავის მხრივ, ქალები წყვილთა ბადეში კალაშნიკოვა და ესპანელი ხეორხინა გარსია პერესი ბელგიელ კირსტენ ფლიპკენსსა და სლოვენიელ ანდრეა კლეპაჩს გაეჯიბრნენ და საათსა და 41 წუთში 5:7, 4:6 დამარცხდნენ. ქართველმა და ესპანელმა ჩოგბურთელებმა ბრეიკი მხოლოდ ერთხელ განახორციელეს, თავად კი მოწოდება 3-ჯერ დათმეს.

📺 გარსია პერესი/კალაშნიკოვა V ფლიპკენსი/კლეპაჩი

კომენტარები

ბოლო ამბები