Thumbnail
  • ჭიდაობის კლუბი ზვანელები სოციალურ ქსელში საინტერესო ვიდეოებს აქვეყნებს
  • მათი გამომწერი ინსტაგრამზე ირლანდიელი კონორ მაკგრეგორია

კონორ მაკგრეგორს ინსტაგრამზე სულ 1024 გვერდი აქვს გამოწერილი და მათ შორის ერთ-ერთი ქართულია!

ჭიდაობის კლუბი 'ზვანელები' გურიაში 8 წლის წინ დაარსდა. თუმცა ოზურგეთელ ბავშვებს უკვე საქართველოს საზღვრებს გარეთაც იცნობენ! სოციალურ ქსელებში კლუბის ვიდეოებს ბევრი მნახველი ჰყავს - 'ზვანელებს' ფეისბუქისა და ინსტაგრამის აქტიური გვერდები აქვთ, სადაც კლუბის ყოველდღიურ ვარჯიშებზე შესრულებული ეფექტური გდებები იტვირთება.

მთავარი ამბავი ისაა, რომ 'ზვანელების' გამომწერებს შორის ინსტაგრამზე თვით კონორ მაკგრეგორია! ირლანდიელ მებრძოლს ინსტაგრამზე 40 მილიონი მიმდევარი ჰყავს, ხოლო თვითონ მხოლოდ 1000-ზე ცოტა მეტი გვერდი აქვს გამოწერილი და ერთ-ერთი სწორედ ზვანელების საჭიდაო კლუბია.

საინტერესოა, რომ 'ზვანელების' გარდა, კონორს ინსტაგრამზე სერხიო რამოსი, მენი პაკიაო, გლაზგოს სელტიკი, მაიკ ტაისონი, ფორმულა ერთი, ამერიკული ფეხბურთისა და ამერიკის ჰოკეის ნაციონალური ლიგები აქვს გამოწერილი.

პოპსპორტი ზვანელების საჭიდაო კლუბის დამაარსებელსა და მწვრთნელს, კახაბერ აბაშიძეს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

POPSPORT: როდის შეიქმნა 'ზვანელები' და ამჟამად რამდენ ბავშვს აერთიანებს?

კახაბერ აბაშიძე: კლუბი 8 წლის წინ შეიქმნა. ამ სახელით ოფიციალურად წელს დავრეგისტრირდით - "ჭიდაობის კლუბი ზვანელები". ჯერჯერობით მუნიციპალიტეტზე ვართ მიბმული - სამწუხაროდ, კერძო ინვესტორი ჩვენთან კი არა, სპორტის ბევრ სხვა სახეობაშიც არ არის. ჩემთან 80 ბავშვი ვარჯიშობს, რომლებიც 3 ჯგუფად მყავს დაყოფილი. ახლა მაქსიმუმ 15 წლის ბავშვები გვყავს - ჩვენს გუნდში ჭიდაობს ნიკოლოზ შიუკაშვილი, რომელიც ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონატის ორგზის პრიზიორია. გვყავს ლუკა ბენდელიანი და ლუკა ჯავახაძე, რომლებმაც ჭაბუკებში საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვეს.

POPSPORT: პანდემიის დაწყების შემდეგ, ბავშვების ვარჯიში ღია სივრცეში დაიწყეთ...

კახაბერ აბაშიძე: დარბაზების დაკეტვის შემდეგ რთული მდგომარეობა შეიქმნა. მე ოზურგეთის გარეუბანში ვცხოვრობ და ბავშვების უმეტესობა დარბაზში ჩემთან დადიოდა. ჩემს ეზოში გადავწყვიტეთ სავარჯიშო სივრცის მოწყობა. რა პირობებიც გვქონდა და როგორც შეგვეძლო, ისე ვიმუშავეთ და ბავშვებისთვის სავარჯიშო სივრცე შევქმენით. მოკლედ, ვარჯიში არ შეგვიწყვეტია.

POPSPORT: ფეისბუქსა და ინსტაგრამზე ბევრი გამომწერი გყავთ. მათ შორის, ერთ-ერთი კონორ მაკგრეგორია. რა რეაქცია გქონდათ, როცა კონორმა ინსტაგრამზე გამოგიწერათ?

კახაბერ აბაშიძე: ვიდეოებს ვამონტაჟებ და ორივე სოციალურ ქსელში ვტვირთავ. კონორმა რომ გამოგვიწერა, საერთოდ არ ვიცოდი. მომწერეს, კონორი თქვენი გუნდის გამომწერიაო. ეს შარშან მოხდა. კონორს ალბათ ის მოეწონა, თუ როგორ პირობებში ვვარჯიშობდით და როგორი მონდომებით ვაკეთებდით ჩვენს საქმეს.

POPSPORT: რა გეგმები აქვს კლუბს სამომავლოდ?

კახაბერ აბაშიძე: ჭაბუკებში საქართველოს ჩემპიონატისთვის ვემზადებით. პანდემიიდან გამომდინარე რთული სიტუაციაა. გვინდა, რომ კერძო ინვესტორი დაგვეხმაროს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს რთული ამბავია. ძირითადად მუნიციპალიტეტი და ჭიდაობის ფედერაცია გვეხმარება. ძალიან მინდა, რომ კლუბი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და ჩვენმა აღზრდილებმა საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას მიაღწიონ.

კომენტარები

ბოლო ამბები