Thumbnail
  • ანორთოსისი 0:0 აელ
  • თემურ ქეცბაიას კომენტარი მატჩის შემდეგ 

კვიპროსის I დივიზიონის 24-ე ტურში თემურ ქეცბაიას ანორთოსისი ლარნაკაში ლიმასოლის აელ-ს დაუზავდა. ქართველი მწვრთნელის გუნდს 45 ქულა აქვს და მხოლოდ მე-4 პოზიციაზეა, ეს ანორთოსისის ზედიზედ მეორე ფრე იყო. 

გიორგი ლორიამ კარი მშრალად შეინახა (1 სეივი), ბუბა დაუშვილი ქეცბაიამ შესვენებაზე გამოცვალა, 58-ე წუთზე მოედანზე თორნიკე ოქრიაშვილი შევიდა, ხოლო გიორგი ქვილითაიამ 90 წუთი ითამაშა, ის 12 გოლით ჩემპიონატის თანაბომბარდირია. ოქრიაშვილს გოლის გატანის თითქმის 100%-იანი შანსი ჰქონდა, მაგრამ თავით მეკარის საჯარიმოს ხაზიდან ააცილა, რითაც ქეცბაიას უკმაყოფილება გამოიწვია.

📺 თორნიკე ოქრიაშვილის მომენტი

თემურ ქეცბაია (ანორთოსისის მწვრთნელი) მას მერე, რაც კითხეს, როგორ უნდა დაქაჩოს გუნდმა 6-ქულიანი ჩამორჩენა ლიდერთან: "სეზონის ბოლომდე კიდევ 36 ქულაა და თქვენ ხუთ თუ ექვს ქულაზე მელაპარაკებით? რა უნდა გიპასუხოთ! ეს ლიდერები ერთმანეთშიც ითამაშებენ და მერწმუნეთ, ორივე გუნდი ვერ მოიგებს. 12 თამაში და 36 ქულა რჩება, მთელი ჩემპიონატი წინაა, ჩამორჩენა არის მხოლოდ 6 ქულა, მხოლოდ.
როცა ამდენ მომენტს ქმნი და გოლი არ გადის, ესე იგი იღბალი შენს მხარეს არ არის. სამწუხაროდ, ფორტუნა ბოლო თამაშებში ხშირად გვღალატობს. იმედი მაქვს, რომ ეს მალე შეიცვლება. ეს იყო დერბი, ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ და შეიძლება წაგვეგო კიდეც, აელ-ს თავისი მომენტი რომ გამოეყენებინა. დღეს ვეთამაშეთ კარგ გუნდს, რომელიც ასევე ჩემპიონობისთვის იბრძვის. შემდეგ მატჩში მოსაგებად გავალთ". 

📺 ანორთოსისი 0:0 აელ [მიმოხილვა]

ქეცბაიას ანორთოსისი 16 თებერვალს ირაკლი მაისურაძის პარალიმნის ესტუმრება, რომელიც მე-11 პოზიციაზე იმყოფება.

კომენტარები

ბოლო ამბები