Thumbnail

შერმადინი 5 მილიონად შეაფასეს - ქართველი ცენტრი ესპანეთის თასისთვის იბრძოლებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გიორგი შერმადინის ტენერიფე მეოთხედფინალში თად მაკფადენის ბურგოსს ეთამაშება
  • ქართველი ცენტრი ესპანური ლიგის ყველაზე ძვირადღირებულ კალათბურთელებში მოხვდა

გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფე მადრიდში იმყოფება, სადაც ხვალიდან ესპანეთის სამეფო თასის გათამაშება აიღებს სტარტს. უკვე ტრადიციულა, შეჯიბრში მონაწილეობას ესპანეთის 8 საუკეთესო გუნდი მიიღებს.

ცნობილია, რომ 11 თებერვალს მეოთხედფინალში ტენერიფელები თად მაკფადენის სან პაბლო ბურგოსს ეთამაშებიან, ხოლო მადრიდის რეალი ვალენსია გაეჯიბრება. 2 მეოთხედფინალია 12-შიც: ბარსელონა-უნიკახა და ბასკონია-ხუვენტუტი. ნახევარფინალები 13 თებერვალსაა დაგეგმილი, ხოლო ფინალი – 14-ში. ყველა მატჩს რეალის WiZink Center უმასპინძლებს.

მანამდე, ესპანური საკალათბურთო ლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა, სადაც კომენტარებში ქომაგებს ლიგა ენდესას სიმბოლური ხუთეულის დასახელება შეუძლიათ. ამისთვის პირობითად 15 მილიონია გამოყოფილი, რჩეულ კალათბურთელებს კი შესაბამისი ფასი აქვთ მინიჭებული.

საინტერესოა, რომ ყველაზე ძვირად – 5 მილიონად 5 მოთამაშეა შეფასებული და მათ შორის გიორგი შერმადინიცაა. საუკეთესოებში ასევე ფიგურირებენ ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა), ვალტერ ტავარეში (რეალი), როკას გიედრაიტისი (ლიეტუვა) და ბოიან დუბლევიჩი (ვალენსია).

შეგახსენებთ, რომ 1 კვირის წინ, ქართველი ცენტრი ესპანეთის ჩემპიონატის იანვრის საუკეთესო საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. მიმდინარე სეზონში მისი საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 24:09 წუთი, 17.3 ქულა, 5.8 მოხსნა, 2.4 პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები