Thumbnail
  • იუვენტუსი 0:0 ინტერი
  • იტალიის თასის 1/2-ფინალის საპასუხო მატჩი უგოლო, მაგრამ სკანდალური გამოვიდა
  • მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელი ტურინელთა პრეზიდენტს დაუპირისპირდა

იტალიის თასის საპასუხო ½-ფინალური მატჩს, რომელშიც ტურინის იუვენტუსმა მილანის ინტერს უმასპინძლა, სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. იტალიური მედიის ინფორმაციით, ერთმანეთს ტურინული კლუბის პრეზიდენტს ანდრეა ანიელი და ნერაძურის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე დაუპირისპირდნენ. წერენ, რომ ანიელიმ კონტე სიტყვიერად შეურაცხყო, ამ უკანასკნელმა კი მას შუა თითი უჩვენა.  

იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი უგოლოდ დასრულდა, პირველ შეხვედრაში მოპოვებული უპირატესობის (2:1) წყალობით კი ფინალში იუვენტუსი გავიდა.

ინტერის მთავარმა მწვრთნელმა პირველი ტაიმის შემდეგ ტრიბუნებს შუა თითი უჩვენა. ეს ჟესტი, რომელიც კამერებმაც დააფიქსირეს, სავარაუდოდ სწორედ ტურინული კლუბის პრეზიდენტის მისამართით იყო გაკეთებული.

იტალიური მედია აქვეყნებს ანიელის სიტყვებსაც, რომელიც თამაშის დასრულების შემდეგ თითქოს კონტეს მისამართით იყო ნათქვამი: "ხმა ჩაიწყვიტე, ნაბ...ო!".

სხვათა შორის, კონტეს უთანხმოება იუვენტუსის მცველ ლეონარდო ბონუჩისთანაც მოუვიდა, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა. მაშინ, როცა ინტერის მთავარი მწვრთნელი არბიტრის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდა, ბონუჩიმ კონტეს თავშეკავებისკენ მოუწოდა. 

თამაშის შემდეგ ანტონიო კონტემ კომენტარი გააკეთა და ინციდენტზეც ისაუბრა: 

"ვფიქრობ, იუვენტუსს სიმართლის თქმა მართებს. მეოთხე მსაჯი ხედავდა და ისმენდა ყველაფერს,, რაც მთელი მატჩის განმავლობაში ხდებოდა. ისინი უფრო ზრდილობიანები უნდა იყვნენ და პატივს სცემდნენ მათ, ვინც აქ საქმიანობს.

იტალიის თასს ნახევარფინალიდან გამოვეთიშეთ, როგორც შარშან. მუშაობა საჭირო, რათა მოვხვდეთ იქ, სადაც გვსურს, რომ ვიყოთ. ჯერჯერობით კი მიზანს ვერ მივაღწიეთ. მაგრამ ინტერმა აღიდგინა თავისი ავტორიტეტი. ჩვენ ვაშინებთ მეტოქეებს და დღეს იუვენტუსი შევაშინეთ".

ტურინელები იტალიის თასის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდნენ

ანტონიო კონტე ტურინის იუვენტუსს 2011-14 წლებში წვრთნიდა და გუნდს სამჯერ ჩემპიონობა მოაპოვებინა.

ტურინის იუვენტუსი იტალიის თასის ფინალში ატალანტა-ნაპოლის წყვილში მოგებულს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები