Thumbnail

MMA | საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტური 13 თებერვალს გაიმართება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობას 30 მებრძოლი მიიღებს
  • პირდაპირი რეპორტაჟი ევროპაბეთის და პოპსპორტის ფეისბუქის გვერდებზე იქნება

13 თებერვალს MMA-ში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტურის ორთაბრძოლები ჩატარდება, პირველობის ორგანიზატორი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ევროვნული ფედერაციაა, ტურნირში მონაწილეობას 30 სპორტსმენი მიიღებს. ჩემპიონატის პირდაპირი რეპორტაჟი ევროპაბეთისა და პოპსპორტის ფეისბუქის გვერდებზე, ასევე პოპსპორტის იუთუბის არხზე იქნება.

კომპანია ევროპაბეთსა და საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ევროვნულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ჯერ კიდევ შარშან გაფორმდა. ევროპაბეთი სპორტის ამ სახეობას მხარს მომავალში აქტიურად დაუჭერს.

ჩემპიონატის პირველ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის პრეზიდენტს გიორგი კაბულაშვილს დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით.

POPSPORT: უპირველეს ყოვლისა, გვსურს, რომ 13 თებერვალს გასამართ ტურნირზე კიდევ უფრო დეტალურად გვესაუბროთ.

გიორგი კაბულაშვილი: 13 თებერვალს ვატარებთ შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში საქართველოს ჩემპიონატის პირველ ტურს, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდება. მიმაჩნია, რომ ეს ფორმატი მაყურებლისთვისაც და ამ სპორტის ქომაგისთვისაც საინტერესო იქნება.

საქართველოს ჩემპიონატი რამდენიმე ტურად იქნება დაყოფილი. ამ ტურებში მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, გაირკვევა საქართველოს ჩემპიონის ვინაობა, რომელსაც ქამარი გადაეცემა. ეს ყველაფერი ჩვენი სპორტის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ამ მებრძოლების შესახებ ინფორმაციას მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში გაიგებენ. შესაბამისად, ნებისმიერ მებრძოლს კარგ და დიდ ორგანიზაციებში შეეძლება თავის წარდგენა და წარმოჩენა - UFC-ში, Bellator-ში და ა.შ. მსურს, რომ საქართველოში კიდევ უფრო ბევრი, მაგარი ღონისძიება ჩატარდეს ამ სპორტის სახეობაში.

POPSPORT: რამდენიმე თვის წინ თქვენს ფედერაციასა და ევროპაბეთს შორის მემორანდუმი გაფორმდა. რა მნიშვნელობისაა თანამშრომლობის ეს მემორანდუმი თქვენთვის?

კაბულაშვილი: მოგეხსენებათ, რომ წელიწადია, რაც ეს ხელშეკრულება გავაფორმეთ, მაგრამ კორონავირუსის გამო შექმნილმა მდგომარეობამ ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებაში ხელი შეგვიშალა. ახლა იმ დონემდე მივედით, რომ საქართველოს ჩემპიონატს ვატარებთ. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მაყურებლის გარეშე იქნება. რა თქმა უნდა, ევროპაბეთთან თანამშრომლობა, მათი გვერდში დგომა და მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მინდა მათ კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა.

POPSPORT: ამ ეტაპისთვის ვის მიიჩნევთ საქართველოს ჩემპიონატის ფავორიტებად?

კაბულაშვილი: ბოლო ბრძოლაში ოთარ თანზილოვი გამოდის, არის კიდევ ასლან გორგიშვილი. ორივე მებრძოლს საერთაშორისო ორგანიზაციებშიც უჩხუბია და უდიდესი გამოცდილება აქვთ. სულ 15 ბრძოლა იქნება, თითოეული ბრძოლა მნიშვნელოვანი და ლამაზი იქნება.

WFCF - MAIN CARD

WFCF - MAIN CARD

WFCF - MAIN CARD

WFCF - MAIN CARD

WFCF - MAIN CARD

POPSPORT: თქვენი აზრით, თუ ტურნირები კიდევ უფრო ხშირად ჩატარდება, რამდენად შეუწყობს ეს ხელს ჩვენი მებრძოლების მსოფლიოს ცნობილ ორგანიზაციებში წასვლას?

კაბულაშვილი: ცხადია, რომ ასეთი ტურნირებით მებრძოლებს გზა გაეხსნებათ. მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ეს სპორტი ძალიან პოპულარულია. მაქსიმუმს ვაკეთებ ამ მისი პოპულარიზაციისთვის. ნებისმიერმა ქართველმა მებრძოლმა იცის, რომ ეს სპორტი საქართველოში მე გავხადე პოპულარული და ახლაც ვცდილობ მის განვითარებას. ამ სპორტში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ვარ და რაც სპორტსმენობის დროს ვერ მოვასწარი, ახლა უკვე მწვრთნელისა და ფედერაციის ხელმძღვანელის რანგში ვცდილობ მის გაკეთებას. მინდა, რომ ეს სპორტი კიდევ უფრო განვითარდეს.

POPSPORT: როგორც მემორანდუმის გაფორმების დროს აღნიშნეთ, მინიმუმ 5 საერთაშორისო ტურნირის ჩატარებას გეგმავთ. ცხადია, რომ კორონავირუსმა სერიოზულად შეგიშალათ ხელი. როგორ ფიქრობთ, მებრძოლები მხოლოდ მეზობელი ქვეყნებიდან იქნებიან, თუ დაინტერესება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდანაც იქნება?

კაბულაშვილი: სამწუხაროდ, პანდემიამ აქაც დიდი პრობლემები შეგვიქმნა. ფრენების ხარჯები საგრძნობლად გაზრდილია და სხვა ქვეყანებიდან ჩამოსვლაც რთულია. როგორც კი ნებართვა გვექნება, ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით და ფრენებიც დარეგულირდება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოვიწვევთ მებრძოლებს. მინდა, რომ ჩვენი ქართული ორგანიზაცია WFCF წინ წავწიოთ და მსოფლიოში კიდევ უფრო პოპულარული გავხადოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები